ეკონომიკა

ლარის გაუფასურებით დაზარალებულები

1 დეკემბერი, 2014 • • 1664
ლარის გაუფასურებით დაზარალებულები

ლაშა ჩანტლაძეს კომერციულ ბანკიდან 20 ათასი აშშ დოლარის სესხი აქვს აღებული და თვეში 2425 აშშ დოლარს იხდის მის დასაფარად. დოლარის კურსის გაძვირების გამო ლაშას, რომელიც შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში იღებს, კრედიტის ყოველთვიური თანხა 213 ლარით გაუძვირდა, რადგან ოქტომბერში ერთი 1 აშშ დოლარის ყიდვა 1.762 ლარად იყო შესაძლებელი, ახლა კი მისი ღირებულება 1.85 ლარზე ავიდა. ამის გამო ლაშა ჩანტლაძემ სესხის ლარში გადატანა გადაწყვიტა, თუმცა ჯერ არ იცის, გადახედავს თუ არა ბანკი მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

ლარის კურსის ვარდნის გამო გადახედავენ თუ არა კომერცული ბანკები მომხმარებელთან დოლარში დადებულ სასესხო  ხელშეკრულებებს, ამ კითხვას  კომერციულ ბანკებში არ პასუხობენ. “საქართველოს ბანკში” აცხადებენ, რომ ეს რთული საკითხია, ხოლო “თიბისი ბანკში” ამ კითხვას არ უპასუხეს.

“ლარის კურსის ცვლილების გამო არსებულ კონტრაქტს, რომელიც მომხმარებელს აქვს დადებული ბანკთან, სავარაუდოდ, არ გადაუკეთებენ, რადგან ბანკებს არ აქვთ ამ ხელშეკრულების გადავადების ვალდებულება. ბანკმა იცის როგორ მართოს რისკები,” – ამბობს “კავკასის ბიზნეს–ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ლია ელივა ამბობს, რომ კომერციულ ბანკებთან ურთიერთობისას, ლარის გაუფასურების დროს მომხმარებელი დაცული არ არის და მარეგულირებელი ბერკეტი მხოლოდ ეროვნული ბანკის ხელშია:  

“კურსის სხვაობისას მიღებული ფინანსური ზარალის დაფარვა მომხმარებელს საკუთარი ჯიბიდან მოუწევს. პირები, რომელთაც აღებული აქვთ სესხი უცხოურ ვალუტაში – ევროში, დოლარში, მათი რაოდენობა არის ძალიან დიდი. სესხების 60-65% დოლარში და ევროშია გაცემული. ეროვნულ ბანკს შეუძლია მიმართოს ბანკებს, რომ ლარის გაუფასურების დროს მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებას გადახედოს.”

კითხვაზე, რას გეგმავს და რა ბერკეტი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს მოქალაქეების ლარის კურსის ცვლილების შედეგად ფინანსური ზარალისგან დასაცავად, ბანკში ასე პასუხობენ: “ამ თემაზე კომენტარი ჯერ არ კეთდება”.

“კავკასის ბიზნეს–ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე ამბობს, რომ ლარის კურსის ვარდნის დროს ეროვნული ბანკის ერთადერთი ბერკეტი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციაა:

“ეროვნულ ბანკს აქვს ერთადერთი ბერკეტი: მას აქვს სავალუტო რეზერვები, ის მონაწილეობს სავალუტო ვაჭრობაში და, შესაბამისად, შეუძლია, როცა დიდი მოთხოვნა არის დოლარზე, რაც იწვევს ლარის გაუფასურებას, უნდა გაყიდოს დოლარი. ახლა არის დიდი წნეხი ლარზე და დიდი მოთხოვნა დოლარზე. ლარის უფრო მეტი მასა გამოჩნდა და, შესაბამისად, ეროვნული ბანკი უფრთხილდება სავალუტო რეზერვებს და იმდენ დოლარს აღარ ყიდის, რამდენიც საჭიროა ლარის კურსის შესანარჩუნებლად.”

25 ნოემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის შესანარჩუნებლად 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა და ლარი ერთი დღით მცირედით გამყარდა.

 

“ლარის კურსის ვარდნა თუ არ შეჩერდა, სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს როგორც მსესხებლებს, ვისაც ვალდებულება აქვთ კომერციულ ბანკში  უცხოურ ვალუტაში, ასევე, საქართველოს მოსახლეობის რეალურ შემოსავლებს,” – ამბობს ლია ელიავა.

საქართველოს ეროვნულ ბანკში  წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2014 წლის მე-3 კვარტალში ბაზარზე არსებულ 21 კომერციულ ბანკს სესხების 62-67% უცხოურ ვალუტაში აქვს გაცემული. ამავე ანგარიშების თანახმად, მაგალითად, “საქართველოს ბანკმა” უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებიდან  2014 წლის მესამე კვარტალში საპროცენტო სარგებელი 203 099 201 დოლარი მიიღო, “თიბისი ბანკის” ანგარიშში კი ეს  მონაცემი არ არის.

“კავკასის ბიზნეს–ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძე ამბობს, რომ მოქალაქეებმა ფინანსური რისკებისგან თავი ე.წ “ჰეჯირებით” უნდა დაიცვან და სესხი იმ ვალუტაში აიღონ, რაშიც შემოსავალი აქვთ:  

“როცა შემოსავალი არის ლარში და გასავალი დოლარში, მომხმარებელი იღებს სავალუტო რისკს. რა შეიძლება გააკეთოს მომხმარებელმა? მომავალში უნდა სცადოს  რისკის “ჰეჯირება”. ეს თუ მოახერხა, მაშინ ლარის  მომავალი გაუფასურების რისკის განეიტრალებას შეძლებს”.

ბანკების კრედიტორების გარდა, ლარის გაუფასურების გამო მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდიან ის ადამიანებიც, რომლებმაც უძრავი ქონება სამშენებლო კომპანიასთან დადებული განვადების ხელშეკრულებით შეიძინეს. მაია ოტიაშვილმა 50 კვადრატული ფართის ბინა 1 კვ.მ 900 აშშ დოლარად სამშენებლო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით იყიდა. მომხმარებელი ამბობს, რომ კურსის ცვილებამ მისი უძრავი ქონება მნიშვნელოვნად გააძვირა, რადგან თუკი, მაგალითად, ოქტომბრის კურსით მისი ბინის ღირებულება ლარში დაახლოებით 79 ათასს შეადგენდა, ახლა იგი 83 ათას ლარს აჭარბებს, ანუ 4 ათასზე მეტი ლარით გაძვირდა, შესაბამისად, გაიზარდა თანხა, რომელიც მან განვადების ხელშეკრულების შესაბამისად უნდა გადაიხადოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი