ეკონომიკა

ვინ გახდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე

13 ნოემბერი, 2014 • • 1737
ვინ გახდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე

აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ სოციალურ ქსელ “ფეისბუკით” დღეს გაავრცელა: 

 

“ტურიზმის დეპარატმენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსის პასუხის ბოლო ვადაა 24 ნოემბერი.
თუმცა ამასობაში ირკვევა, რომ კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბა და გასაუბრება გაიარა გოგლა ცაგარელმა, რომელსაც კონკურში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული, არც შესაბამისი განათლება გააჩნია ტურიზმის სფეროში და ზოგადად “სილქნეტში” მუშაობს. შესაბამისად, როგორც კულუარებიდან გახდა ცნობილი, გადაწყვეტილებაც მიღებულია გოგლას სასარგებლოდ და უბრალოდ კონკურსის პერიოდის გასვლას ელოდება ეკონომიკის სამინისტრო, რომ კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადოს და შემდგომ დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებელი პოსტზე.” 

 

ეკონომიკის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გოგლა ცაგარელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. თუმცა, შეხვდა თუ არა ცაგარელი ეკონომიკის მინისტრს, ამ კითხვაზე არ პასუხობენ:    

 

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადებულია და მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. კონკურსის მეორე – გასაუბრების ეტაპზე გადასულია 4 კანდიდატი, რომელთაც უკვე გაიარეს გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან. გადაწყვეტილება კომისიას ჯერ არა აქვს მიღებული. ინფორმაცია კონკურსანტების შესახებ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და უწყებას მისი გაცემის კანონისმიერი საფუძველი არ აქვს. საჯაროა მხოლოდ გამარჯვებულის ვინაობა, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა.” 


გოგლა ცაგარელი რომ “სილქნეტის” თანამშრომელია, კომპანიაში ადსტურებენ, ხოლო ეკონომიკის მინსტრთან შეხვედრის ფაქტი “ნეტგაზეთს” ცაგარელმა თავად დაუდასტურა:  

 

“კვირიკაშვილთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ ეს, მე მგონი, საჯარო ინფორმაცია არ არის. რამდენ კაცსაც ის კაცი შეხვდება, მე მგონი, არ უნდა გასაჯაროვდეს.”


“ნეტგაზეთის” კითხვაზე ჰქონდა თუ არა საუბარი ტურიზმის ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკონომიკის მინისტრთან და მიიღო თუ არა შეთავაზება, გოგლა ცაგარელი ასე პასუხობს: 


“ზოგადი საუბარი გვქონდა, მაგრამ არაფერი კონკრეტული… ამაზე სპეკულაცია პრესაში სისულელეა. კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღია და არც განაცხადი შემიტანია. თუმცა ამ თემაზე ზოგადად საუბარი იყო, თუმცა შემოთავაზება არ ყოფილა. ზოგადი შეხვედრა იყო. უბრალოდ იყო საუბარი, რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ ტურიზმის სექტორში. ჭორი ვრცელდება პრესაში…”

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შერჩეული ოთხი კანდიდატის ვინაობა, რომლებმაც საკონკურსო მოთხოვნები დააკმაყოფილეს, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესკონტაქტისთვის” გახდა ცნობილი.


აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად ეკონომიკის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან საბოლოო გასაუბრება შალვა ალავერდაშვილმა, რუსუდან მამაცაშვილმა, მარინა მეტრეველმა და გიორგი ბარამიძემ უნდა გაიარონ. “ბიზნესკონტაქტის” ცნობით კანდიდატების უმრავლესობა ამ ინფორმაციას ადასტურებს.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი სიგუა თანამდებობისთვის შეუფერებელი ქცევის მიზეზით გაათავსუფლეს. კანონის თანახმად, საკონკურსო საატესტაციო კომისიას გასაუბრების ბოლო ვადა მაქსიმუმ 24 ნოემბრამდე აქვს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი