IFC –ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ ტელმამ და ფერმა “ყვარლის ბაგას” მფლობელმა ლაშა პაპაშვილმა საკრედიტო ხელშეკრულებას დღეს “ქორთიარდ მარიოტში” მოეწერეს ხელი. 


ლაშა პაპაშვილის განცახდებით, კრედიტის აღება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს კომპანიის ზრდას, აგრობიზნესისა და აგროსაწარმოო ჯაჭვის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას, განსაკუთრებით სოფლად:


IFC მხარს უჭერს “ყვარლის ბაგას” გეგმას, რომელიც რძის წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას ითვალისწინებს. პროექტი ხელს შეუწყობს აგრობიზნესის განვითარებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების წახალისების, ასევე სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით. IFC–ის სესხი დამატებითი დანადგარების შეძენაში დაგვეხმარება, რაც საშუალებას მოგვცემს რძის წარმოების მოცულობა გავასამმაგოთ. შედეგად, “ყვარლის ბაგა” საქართველოში ყველაზე მსხვილი ნატურალური რძის მწარმოებელი ფერმა იქნება.”


ლაშა პაპაშვილის ინფორმაციით,  “ყვარლის ბაგა” დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს და კომპანია “სანტეს” აწვდის: 


“წარმადობა სამი ტონა გვაქვს. ამ სესხის მეშვეობით შეგვიძლია 10 ტონამდე ავიდეთ. IFC –ის კრედიტი საკმაოდ შეღავათიანია. სესხი 7-წლიანია და საპროცენტო განაკვეთი 3–4% –ით მცირეა, ვიდრე ქართული ბანკების მიერ შემოთავაზებული ფინანსური რესურსი. ვიმედოვნებთ, რომ ეს საინვესტიციო პროექტი სამაგალითო და წამახალისებელი იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის სხვა პროექტებისთვის.”  


IFC –ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ ტელმას შეფასებით, ეს ინვესტიცია საქართველოში მაღალი ხარისხის ნატურალური რძის წარმოებას შეუწყობს ხელს.


“ადგილობრივი რძის ფასი საერთაშორისო მომწოდებლების ფასთან შედარებით კონკურენტული იქნება. შედეგად, საქართველოს რძის წარმოება ნაკლებად იქნება დამოკიდებული იმპორტირებულ რძის ფხვნილზე და, საბოლოო ჯამში, საშუალება ექნება თავისი რესურსით დააკმაყოფილოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა. საქართველოში აგრობიზნესის სექტორში მუშახელის ნახევარზე მეტია დასაქმებული. მიუხედავად ამისა, ამ სექტორის პროდუქტიულობის ზრდა მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის რძის მწარმოებელს კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება.”


“ყვარლის ბაგამ” ფუნქციონირება 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო. ფერმის აღჭურვილობა და მართვის სისტემა მესაქონლეობის დარგში წამყვანი ქვეყნების სტანდარტებს შეესაბამება, რაც მაღალი ხარისხის რძის წარმოების საშუალებას იძლევა. 2014 წლის აგვისტოში, ახალი სადგომის მშენებლობის დასრულების შემდეგ, საჭიროა ინვესტირების განხორციელება შესაბამისი დანადგარებისა და საქონლის შესაძენად, რაც რძის ყოველდღიური წარმადობის 10 ტონამდე გაზრდას უზრუნველყოფს” –ამბობს ლაშა პაპაშვილი. 

 

საქართველო IFC–ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში 810 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორში. 


“ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და ვიყენებთ ჩვენს კაპიტალს, ცოდნასა და გავლენას, რათა წვლილი შევიტანოთ უკიდურესი სიღარიბის დაძლევაში და კეთილდღეობის ამაღლებაში. 2014 ფინანსურ წელს ჩვენმა ინვესტიციებმა 22 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. ჩვენ მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს” – განაცხადა IFC –ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა ტომაშ ტელმამ. 

IFS ყვარელის ბაგას 2 მლნ. აშშ დოლარის სესხი გამოუყო
IFS ყვარელის ბაგას 2 მლნ. აშშ დოლარის სესხი გამოუყო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *