ეკონომიკა

ზუგდიდში ქართული თხილის ფასმა 8,5 ლარი შეადგინა

29 სექტემბერი, 2014 •
ზუგდიდში ქართული თხილის ფასმა 8,5 ლარი შეადგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელის დავით ჭურღულიას ინფორმაციით, ფასის ზრდა ბაზარზე არსებულმა დეფიციტმა განაპირობა: 

 

“ადგილობრივ ბაზარზე თხილის დეფიციტია. დღეს ზუგდიდის ბაზარში ქართული გასარჩევი თხილის ფასი 8,50 ლარია. 2013 წელს 36 ათასი ტონა თხილი გადაამუშავეს ზუგდიდში. აქედან 40% იყო შემოსული თხილი გალიდან და მიმდებარე მუნიციპალიტეტებიდან. დანარჩენი იყო ადგილობრივი. 2014 წელს ეს მაჩვენებელი უფრო ცოტა იქნება, რადგან უამინდობამ მოსავალი გაანადგურა.”


დავით ჭურღულიას პროგნიზით, 2014 წელს ზუგდიდის მუნიციპალიეტის სოფლებში თხილის მოსავლის მოლოდინი 21 ათას ტონას შეადგენდა: “2014 წლის 5 ივნისის ცხელმა ქარმა სერიოზულად დააზიანა თხილის  მოსავალი, რის სედეგადც 30% –ით ნაკლები თხილი მოიკრიფა.”  

 

რაც შეეხება გალიდან ზუგდიდში თხილის გადმოტანის საკითხს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრში განმარტავენ, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში თხილი იმ შემთხვევაში გადმოაქვთ, თუ ზუგდიდში უფრო მაღალი ფასი ფიქსირდება. 

 

ადგილობრივ  ბაზარზე  ფასი ჯერ კიდევ საადრეო თხილის აღებისას გაიზარდა. ივლისის მონაცემებით, ზუგდიდის ბაზარში 1 კილოგრამი საადრეო ახალი თხილი  3,5–4 ლარი ღირდა. 2013 წლის მოსავლის 1 კგ  თხილს კი გადამამუშავებელი ქარხნები 7 ლარად იბარებდნენ.

 

“საქსტატის” მონაცემებით, 2014 წლის იანვარ–აგვისტოში უცხოეთის ქვეყნებში 70 მლნ დოლარის ქართული თხილი გავიდა ექსპორტზე, რაც 55%–ით მეტია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2013 წლის 8 თვეში 44,7 მლნ დოლარის თხილია ექსპორტირებული. თხილი საექსპორტო პროდუქციის ნუსხაში მეშვიდე ადგილზეა.

 

ბოლო მონაცემებით, თურქეთში გარჩეული თხილის ფასი 1 კგ – 9,24 დოლარია. ერთ თვეში თხილის ფასი 60% –ით გაიზარდა. ამის მიზეზი თურქეთში პროდუქტის  წარმოების შემცირებაა. ტრეიდერებს თხილი არ გამოაქვთ გასაყიდად,  რადგან ფასის ზრდას ელოდებიან.

 

თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის ინფორმაციით, ყინვებმა მიმდინარე წელს ქვეყანაში თხილის მოსავალის 80 % გაანადგურა,

 

თურქეთი მსოფლიო ბაზარზე თხილის მსხვილი მწარმოებელია. 2013 წელს შიდა ბაზარზე 276 ათასი ტონა თხილი გამოიტანა და თხილის ექსპორტი 110 ქვეყანაში განახორციელა.  თურქეთისთვის თხილის გასაღების ძირითადი ბაზარი ევროკავშირია.

 
თხილი
თხილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი