არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მთავარი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე “ნეტგაზეთთან” აცხადებს, რომ კანონპროექტი ევროკავშორის დირექტივებთან და საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია:
“კანონპროექტით შემოთავაზებული რეგულაციები პირდაპირ ეწინააღმდეგება თანამედროვე საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებს; კანონპროექტი უარყოფით გავლენას მოახდენს ბაზრის ამ სეგმენტზე თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული ბიზნესგარემოს არსებობაზე”.
კუტივაძის შეფასებით, კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციების შემოღება ბაზრის ამ სეგმენტზე მოქმედი საერთაშორისო კომპანიების – DHL, TNT და ორმოცამდე კომპანიის, რომელიც დღეს საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, საქმიანობაში სერიოზულ ფორმალურ და ბიუროკრატიულ ბარიერად იქცევა. ეს კომპანიები იძულებული გახდებიან საქართველოს ბაზარი დატოვონ.
კომპანია TNT–ის ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი “ნეტგაზეთან” საუბარში ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ევროკავშირის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით არ გაიზიარა:
“სამინისტრო კომუნიკაციაზე აღარ გამოდის. რა ბედი გველის, არ ვიცით. თუ კანონპროექტი არ შეიცვლება და პარლამენტი მას ამ სახით დაამტკიცებს, ბაზრის დატოვება მოგვიწევს.”
კომპანია DHL –ის წარმომადგენელი თამარ პაპალაშვილი ამბობს, რომ საფოსტო გადაზიდვების კომპანიები სტრესულ გარემოში საქმინობენ:
“9 თვის განმავლობაში ვერ გაირკვა, რა სახე ექნება “ფოსტის შესახებ” კანონს. თუ ეკონომიკის სამინისტრომ ევროკომისიის ექსპერტებს არ მოუსმინა, “საქართველოს ფოსტა” ბაზარზე მონოპოლიას მიიღებს.”
გადამზიდავების პროტესტს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. მინისტრმა განაცხადა, რომ “ფოსტის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციები სპეკულაციურია:
„ფოსტასთან“ დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოთქმული რეკომენდაციები, რომელიც იყო ობიექტურად გასათვალისწინებელი, იყო ბევრი სპეკულაცია ამ თემაზე. ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ დაინტერესებულ კომპანიებთან და ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად. ნაწილი რეკომენდაციების იქნა გათვალისწინებული. მიმდინარეობს საბოლოო ვარიანტზე შეჯერება, რომელიც ნამდვილად არ იქნება ისეთი, რომელიც ბოზნესებს შეავიწროვებს. იქნება გათვალიწინებული დიდი რაოდენობა რეკომენდაციების, თუმცა რიგ საკითხებში ჩვენ დავრჩებით პრინციპული. “
თუმცა ეკონომიკის მინისტრი არ აზუსტებს, სად იქნება სამინისტრო პრინციპული და რა შეიცვლება “ფოსტის შესახებ” მომზადებულ კანონპროექტში.
ევროკომისიის აზრით, ფოსტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი განმარტებულ უნდა იქნას DCFTA-ს მე-IV თავის, მე-4 ქვეთავის (საფოსტო და საკურიერო მომსახურებები) შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების ჭრილში.
“ეტაპობრივი მიახლოვების შესახებ 103-ე მუხლში აღნიშნულია: „მომსახურების სფეროში ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით, მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალში მისაღები კანონმდებლობის ეტაპობრივი მიახლოვების მნიშვნელობას ევროპული კანონმდებლობის მონაპოვართან, ამ ხელშეკრულების დანართის, XV-C-ს შესაბამისად“. ევროკომისიის აზრით, ფოსტის შესახებ კანონის პროექტი პატივს უნდა სცემდეს საქართველოში საფოსტო მომსახურების სფეროში ბაზრის ლიბერალიზაციის არსს. მოქმედი პროექტი ეწინააღმდეგება ამ პრინციპს” – ნათქვამია ევროკომისიის დირექტივაში, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ 2014 წლის 29 აგვისტოს მიიღო.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი “საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად მოწესრიგებას, კერძოდ, ბაზრის ამ სეგმენტზე სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.
“საერთაშორისო განჭვირვალობა საქართველოს” მთაავარი ანალიტიკოსის ნათია კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“ დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ ახალი კანონპროექტი „საქართველოს ფოსტის“ მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს:
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2). კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეროვნულ (დანიშნულ) ოპერატორს სხვა საქმიანობაც არ ეზღუდება (მუხლი 24.10) და გათვალისწინებულია მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22).
ამდენად, კანონპროექტი შეიცავს რისკს, რომ განმეორდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით შემოღებული პრაქტიკა−სამინისტროს აქტით ეროვნულმა (დანიშნულმა) ოპერატორმა („საქართველოს ფოსტამ“) კვლავ განაგრძოს საქონლის გადაზიდვის მომსახურების (ე.წ. „კარგო“ გადაზიდვების) განხორციელება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებდეს საფოსტო გზავნილის ან/და ამანათის ზომისა და წონის კონკრეტულ მახასიათებლებს და შეესაბამებოდეს საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.