ეკონომიკა

წულუკიანი: განქორწინებისას უცხოელი მეუღლე ვალდებულია გაასხვისოს სასოფლო–სამეურნეო მიწა

19 სექტემბერი, 2014 •
წულუკიანი: განქორწინებისას უცხოელი მეუღლე ვალდებულია გაასხვისოს სასოფლო–სამეურნეო მიწა

“შერეული ქორწინებების შემთხვევაში, როცა ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა, მეორე კი- უცხოელი, სასოფლო-სამეურნეო მიწა შეიძლება იყოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში, ხოლო განქორწინების შემთხვევაში, ყოფილ მეუღლეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ეძლევა უფლება, უპირატესი შესყიდვის წესით დაეუფლოს თავისი ყოფილი უცხოელი მეუღლის საკუთრებაში არსებულ მიწას, უცხოელ მეუღლეს კი ეკისრება ვალდებულება, გაასხვისოს ამგვარი სასოფლო-სამეურნეო ტიპის მიწა, რომელსაც ის ფლობდა ქართველ მეუღლესთან ერთად ქორწინების პირობებში თანასაკუთრებაში” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა  თეა წულუკიანმა. 

 

საქართველოს მთავრობამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების წესების რეგულაციას ეხება.

 

კანონპროექტი მთავრობას იუსტიციის მინისტრმა დღეს წარუდგინა.

 

თეა წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად პროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა:”პროცესში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, აგრარული სექტორის ექსპერტები. პოზიციების შეჯერებით შეთანხმება მოხდა ცვლილებების იმ პროექტზე, რომელიც მთავრობის სხდომამ დაამტკიცა.”

 

2014 წლის 24 ივნისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხოელებისთვის  საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი გაუქმდა.

 

 

2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ“ გაასაჩივრა მიწაზე დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება.  

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა, სხდომის განჩინება კი დღეს გამოაცხადა.  

 

 უცხოელებისთვის მიწის ფლობაზე მორატორიუმი 2013 წლის ივლისში ამოქმედდა. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწის საკუთრების უფლების მოპოვება 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეუჩერდათ. 

მიწა
მიწა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი