რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ აგროდაზღვევის ბაზარზე შესვლა და რას მოუტანს ახალი სამთავრობო ინიციატივა სადაზღვევო კომპანიებს და ფერმერებს?

 

პირველი პროდუქტი, რასაც სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში სადაზღვევო კომპანიები დააზღვევენ, ციტრუსი იქნება.

 

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამაში სადაზღვევო კომპანია  „ალდაგი,“ „აისი ჯგუფი,“ და  „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მონაწილეობენ.

 

“სადაზღვეო პოლისზე ხელშეკრულება ფორმდება კომპანიასა და ფერმერს შორის.  ფერმერი იხდის თავის გადასახდელ წილს, რაც ციტრუსის შემთხვევაში 5–7%  იქნება. ახლა ციტრუსის მოსავალია აქტუალური, რადგან ამ პროდუქტის  დაზღვევა ხდება მოსავლის აღებამდე შემოდგომის ყინვებისგან.  რამდენ ფერმერს დავაზღვევეთ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ  მაქსიმალურად მოვიცავთ აჭარას” – ამბობს “ჯიპიაი ჰოლდინგის”  PR–მენეჯერი თინა სტამბოლიშვილი.

 

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ფერმერები აჭარიდან.   

 

“სახელმწიფო აგროდაზღვევის შესახებ არაფერი ვიცი. ისიც არ ვიცი, დავაზღვევ თუ არა მოსავალს. ვნახოთ, რა პირობები იქნება. 2013 წელს შემოდგომაზე ციტრუსის ნარგავები მოიყინა და მოსავალი მთლიანად გადავყარე” –  ამბობს ფერმერი  ქობულეთის რაიონის სოფელ ხალადან ზვიად კაჭაყმაძე.  

 

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის შესახებ არც ხელვაჩურის რაიონის თოფოგაურის დასახლების ფერმერებს სმენიათ:  

 

“სადაზღვევო კომპანიებმა რამდენჯერმე დაზღვევა შემომთავაზეს. მაგრამ 10% საკმაოდ მაღალი განაკვეთია და უარი ვთქვი.  ჯერ გაგვარკვიონ, სახელმწიფო რას აპირებს და გადაწყვეტილებას მერე მივიღებ” –ამბობს ფერმერი ნატა კახიძე.

 

საინფორმაციო კამპანიას სახელმწიფო აგროდაზღვევის შესახებ  სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სადაზღვევო კომპანიები სექტემბრიდან დაიწყებენ.

 

კომპანია “ალდაგის” გენერალური დირექტორის, გიორგი  ბარათაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო პოლისებს კომპანიის აგენტები გაყიდიან და ხელშეკრულება კომპანიასა და ფერმერს შორის გაფორმდება:

 

“გვექნება საინფორმაციო კამპანია. გავაცნობთ ფერმერებს ინფორმაციას. ჩვენთვისაც პირველ ეტაპზე აქტუალური ციტრუსის დაზღვევა იქნება. გავაქტიურდებით აჭარის და გურიის რეგიონში. პროექტის თანახმად, სადაზღვეო პრემიის 70–95% სახელმწიფო დაფარავს, ნაწილს ფერმერი, ხოლო ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.  ”

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცახდებით, აგროდაზღვების პროგრამას პროექტების მართვის სააგენტო უხელმძღვანელებს. პროგრამის მიზანია ფერმერების აგრორისკების დაზღვევა, რაც მათ ფინანსურ ზარალს გაანეიტრალებს:   

 „სახელმწიფო აგროდაზღვევა გავრცელდება სოფლის მეურნეობის ყველა პროდუქტზე. სადაზღვევო პრემიაში თანადაფინანსება 70%-დან  90%-მდე, ზოგ შემთხვევაში კი 95%-მდე იქნება. სახელმწიფო პროგამაში ჩაერთვებიან ის სადაზღვეო კომპანიები, როემლთაც ამის სურვილი ექნებათ. სადაზღვევო პოლისსაც ფერმერები ნებაყოფილობით შეიძენენ.” .

 

მთავრობის №1462 განკარგულების მიხედვით, აგროდაზღვევის პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის დაზღვევასთან დაკავშირებით მზღვეველს, დამზღვევს და სააგენტოს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს არეგულირებს.

 

სადაზღვევო პაკეტის ღირებულების 70%–დან 95%–მდე სახელმწიფო გადაიხდის. პაკეტის ღირებულების სუბსიდირებისას სახელმწიფო აანაზღაურებს მაქსიმუმ 30 ათას ლარს ფიზიკური პირის, ხოლო 50 ათას ლარს სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში.

 

“პროექტის ფარგლებში ყველა სასოფლო–სამეურნეო კულტურის დაზღვევა მოხდება – დაზღვევა შეეხება ისეთ სტიქიებს, როგორიცაა სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. შესაბამისი განკარგულების მიხედვით დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პრემიის ნაწილი გადაიხადოს პოლისის  გაცემისთანავე. პროგრამის ფარგლებში დააზღვევენ მხოლოდ ისეთ ნაკვეთებს, რომლებზეც წარდგენილია საკადასტრო კოდი, აზომვითი ნახაზი ან GPS კოორდინატები” –  აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში.  

 

“სახელმწიფოს ჩრევის გრეშე არც ერთ ძლიერ ქვეყანში აგრორისკების დაზღვევის დარგი არ განვითარებულა. სახელმწიფო სადზღვევო კომპანიებთან ერთდ ინაწილებს აგრორისკებს” –  ამბობს საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტი გიორგი გიგოლაშვილი.

 

გიგოლაშვილის პროგნოზით, ერთწლიანი საპილოტე პროგრამის ფარგლებში საქართველოში ფერმერების დასაზღევად  5 მილონი ლარის მოცულობის ბიუჯეტი საკმარისია:

 

“პირველ ეტაპზე ეს ბიუჯეტი საკმარისი იქნება, რადგან სადაზღვევო პორდუქტის ცნობადობა და სადაზღვევო კომპანიების აქტივობა დაბალია ადგილობრივ ბაზარზე.”

 

საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე  ამ დრომდე „აგროდაზღვევის“ პროდუქტი მხოლოდ ორ კომპანიას- „ჯი პი აი ჰოლდინგს“ და „ალდაგს” გამოჰქონდა.

 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილის შეფასებით, აგროდაზღვევის სეგმენტში  სადაზღვევო კომპანიების აქტივობა დაბალია, რადგან კომპანიები მოგებაზე ვერ გადიან:

 

“2013 წელს 100–მდე სადაზღვეო ხელშეკრულება გაფორმდა აჭარაში ციტრუსის მწარმოებლებთან. ყინვამ მოსავალი გაანადგურა და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე მიიღეს.“

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის პრეზიდენტ გიორგი გიგოლაშვილის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიებს, 2013 წლის მონაცემებით, სულ 2 000 ფერმერი ჰყავთ დაზღვეული, როცა მათი რაოდენობა დაახლოებით 600 ათასია.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში ქონების დაზღვევის სეგმენტში სადაზღვევო კომპანიებმა 17 513 211 ლარი მოიზიდეს. სადაც აგროდაზღვევაზე მხოლოდ 1% – 17 513 ლარი მოდის.

 

რა მოგებას ელიან სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ამ  საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *