სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცახდებით, აგროდაზღვების პროგრამას პროექტების მართვის სააგენტო უხელმძღვანელებს. სახელმწიფო სადაზღვეო პაკეტის 95%-მდე დაფარავს:
„ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც მოიაზრებს გარკვეული პროცენტის დაფინანსებას აგროდაზღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, აგროდაზღვევა გავრცელდება ყველა პროდუქტზე და სუბსიდირება განხორციელდება 70%-დან 90%-მდე, ზოგ შემთხვევაში 95%-მდე. თანადაფინანსებას სახელმწიფო განახორციელებს“.
2014 წელს პროგრამის ბიუჯეტი 5 მლნ ლარია და პროგრამაში ჩაერთვებიან ის სადაზღვეო კომპანიები, როემლთაც ამის სურვილი ექნებათ.
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე „აგროდაზღვევის“ პროდუქტი მხოლოდ ორ კომპანიას „ჯი პი აი ჰოლდინგს“ და „ალდაგი ბი სი აი“–ის გამოაქვს.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ აგროდაზღვევის კუთხით კომპანიები ბოლო ორი წლის განმავლობაში გააქტიურდნენ:
„ფერმერებთან დადებულია სულ 2 ათასი კონტრაქტი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ძალიან ცოტა, რადგან ფერმერი გვყავს დაახლოებით 500 ათასი. შესაბამისად, ციფრები, რომელიც მოგახსენეთ, ასახავს იმას, რომ ძალიან პატარა პორტფელია დაზღვეული.“
ხეჩინაშვილის განცხადებით, ამ წლებში აგროდაზღვევის პაკეტებიდან სადაზღვევო კომპანიებს მოგება არ მიუღიათ:
“მოხდა კახეთის მოვლენები 2011 წელს, ატამთან დაკავშირებული პრობლემები და სადაზღვევო კომპანიებმა 5-ჯერ მეტი გადაიხადეს, ვიდრე მიიღეს. 2013 წელს დაახლოებით 100 სადაზღვვეო ხელშეკრულება გაფორმდა აჭარაში ციტრუსის მწარმოებლებთან. კლიმატური მიზეზების გამო მოსავალი განადგურდა და სადაზღვევო კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯეს, ვიდრე მიიღეს.“

