“კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ დაბეგვრის ახალი რეჟიმი ქართულ ღვინოს გააძვირებს: 

 

“ფასის ცვალებადობა მოხდება და საბოლო ჯამში, გაიზრდება ფასი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ მოსალოდნელი იყო მსგავსი ქმედება რუსეთის მხრიდან. ფაქტობრივად რუსეთმა გადაასწრო მოვლენას, ვიდრე საქართველო ისარგებლებდა ევროკავშირის ქვეყნებთან 2014 წლის 1 სეტემბრიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით და დაბეგვრის ახალი წესი შემოგვთავაზა.”

 

“კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთთან დაბეგვრის ახალი რეჟიმის პირობებში ღვინის კომპანიებს ფასის გადახედვა მოუწევთ:  

 

“მოგვიწევს ფასის გადახედვა, ჩვენც და სხვებსაც. ალბათ, ეს მოხდება დისკონტირების მიმართულებით. შესაბამისად ეს შეამცირებს კომპანიის მოგებას და სამომავლო პორექტების განვითრებას. ნაადრევია და რთულია პროგნოზების გაკეთება.” 

 

ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, რუსეთში ექსპორტისას ქართული პროდუქციის დაბეგვრა დაახლობით ისეთ რეჟიმში მოხდება, როგორც იქ ევროკავშირიდან ექსპორტირებული პროდუქცია იბეგრება:

 

“ჩვენ აქამდე გვქონდა თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც 1994 წელს გაფორმდა ამ ქვეყანასთან. პროდუქცია არ იბეგრებოდა. ახლა, 17 სექტემბრიდან ჩვენ მოვყვებით დაბეგვრის რეჟიმში და საშუალოდ ეს არის 20%. თუმცა ჯერ ზუსტად არავინ იცის გადასახადი რამდენი იქნება, მიდის მსჯელობა.” 

 

“ქართულმა ტრადიციული მეღვინეობამ” რუსეთის ბაზარზე ემბარგოს მოხსნის შემდეგ, ჯამში 6 მილიონი ერთეული ღვინო და კონიაკი გადაზიდა. 


კომპანია “შუხმანის” დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარს კომპანიის გაყიდვებში 40% უჭირავს:

 

“ჩვენს კომპანიას გააქვს რუსეთის ბაზარზე პროდუქცია. თუმცა ჩვენი სტრატეგიაა, რომ 2015 წლიდან მოვახდინოთ ბაზრების დიფერენციაცია და შევამციროთ რუსეთის წილი. ჩვენთვის პილოტური პროექტია რუსეთი, რადგან 2006 წლის ემბარგოს დროს ჩვენი კომპანია არ არსებობდა. ჩვენ 2009 წლიდან ვოპერირებთ ბაზარზე და ექსპორტი რუსეთში პირველად განვახორციელეთ”. 

 

“შუხმანის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე ექსპორტს შეუფერხებლად ახორციელებს:

 

“არანაირი პრობლემა დღეის მდგომარეობით არ გვაქვს. არ ყოფილა კორუფციული გარიგებების მცდელობა. ჩვენს გაყიდვებში რუსეთის ბაზარს უჭირავს 40%. 15–ზე მეტ ქვეყანაში გაგვაქვს პროდუცია და საკმაოდ ფართო გეოგრაფია გაგვაჩნია. ეს არის ევროპა, აზია და ამერიკა, ბალტიის ქვეყნები და პოსტსაბჭოთა ქვეყნები.”  

 

ნუცა აბრამიშვილი ამბობს, რომ მან არ იცის რა პროცენტით დაიბეგრება რუსეთში ექსპორტისას პროდუქცია, თუმცა ღვინის გაძვირება მოხდება: “ეს იქნება გადასახადი, რომელიც უნდა ვიანგარიშოთ ერთი ბოთლიდან. რა საკვირველია ფასი მოიმატებს და გაართულებს პროცედურებს. 

 

დარჩებიან თუ არა კომპანიები რუსეთის ბაზარზე?  

 

“შევამცირებთ ექსპორტს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღარ შევალთ რუსეთის ბაზარზე. შევამცირებთ ექსპორტს, იმიტომ რომ ვიყოთ გადანაწილებულები სხვა ბაზრებზე. ქართული ღვინის პირველადი ბაზრები არის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, სადაც ქრთულ ღვინოს კარგად იცნობენ. იქ პროდუქტის მარკეტინგი არ არის საჭირო, რადგან ქართული ღვინო ახსოვთ. ამ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა არსებობს.” 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 32 ქვეყანაში 22 779 153 ბოთლი (0,75ლ) შეადგინა, რაც 147%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს. 

 

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია, სადაც რუსეთი ლიდერობს 68%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. 

ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის მაისის მდგომარეობით 15 641 383 (0.75ლ) ბოთლი შეადგინა. 

 

ქართულ პროდუქტზე რუსეთმა ემბარგო 2006 წელს დააწესა. ამ ქვეყნის ბაზარზე საქართველოდან ღვინის, სურსათის, ხილის და ბოსტნეულის ექსპორტი აიკრძალა. 2012 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოდან ამ პროდუქციის ექსპორტზე ემბარგო მოხსნა. საქართველოდან რუსეთში ღვინის და კონიაკის ექსპორტი 2013 წლის 12 ივნისიდან დაიწყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამ ბაზარზე საქართველოდან ბოსტნეული და ხილი გავიდა. 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისათვის რუსეთის ბაზარზე პროდუქციის შეტანაზე რეგისტრაცია 63–მა კომპანიამ გაიარა. 

 

რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა სამთავრობო კანონპროექტი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანმების შეჩერების თაობაზე. 

 

როგორც პროექტის დადგენილებაშია ნათქვამი, საქართველოსთან 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შეჩერება რუსეთის შესაბამის უწყებებთან არის შეთანხმებული – საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროებთან. 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *