კონფერენციაზე განიხილეს ვაჭრობის ფინანსირებასთან დაკავშირებული საკითხები საერთაშორისო და რეგიონულ ბაზრებზე. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საბანკო ინდუსტრიის გამოწვევებზე წამყვან სპეციალისტებთან, რეგულატორებთან და იურისტებთან ერთად.    

 

კამოლა მახმუდოვა  ევრობანკის წარმომადგენელი
კამოლა მახმუდოვა ევრობანკის წარმომადგენელი

ევრობანკის წარმომადგენლის  კამოლა მაჰმუდოვას შეფასებით, საქართველოში საბანკო სექტორი კარგად არის განვითარებული და ვაჭრობის ფინანსირებას ბანკების პორტფელში საკმაოდ დიდი წილი აქვს:

   

“ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ ურთიერთობა ქართულ ბანკებთან და ასევე დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება თავად ვაჭრობის ფინანსირების პროდუქტი. ევრობანკს სურს ქართულ ბანკებთან პარტნიორობა. თქვენთან საბანკო სექტორი საკმაოდ განვითარებულია და ქართულმა ბანკებმა იციან, როგორ იმუშავონ ბაზარზე. მთავარია, მომხმარებლის დონეზე მივიდეს ინფორმაცია, რას ნიშნავს ვაჭრობის ფინანსირება და რა მნიშვნელობა აქვს ამ პროდუქტს ეკონომიკის განვითარებისთვის. მეორე საკითხია, რა ტენდენიციაა ბაზარზე. სამწუხაროდ, სავაჭრო სექტორის დაფინანსების ლიმიტები იხურება. აქვთ პრობლემა აზერბაიჯანში, სომხეთში. ეს არის ამერიკული ბანკების პრობლემაც. ხურავენ ლიმიტებს, რადგან, როგორც ჩანს, რისკები კარგად ვერ შეაფასეს”.  


კამოლა მაჰმუდოვა ამბობს, რომ კონფერენციის მიზანი არის კავკასიის ბანკების შეკრება: “განვიხილეთ ყველაზე ცხელი თემები ვაჭრობის ფინანსირებაში. თბილისში, კონფერენციაზე ჩამოვიდნენ ყველაზე აქტიური უცხოური ბანკები. ევრობანკი თანამშრომლობს ორ მსხვილ ბანკთან საქართველოში, რომლებიც მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან. რომ შევხედოთ კადრების კვალიფიკაციას ვაჭრობის ფინანსირებაში, ამ კუთხით ქართული ბანკები საკმაოდ წინ არიან წასული. ახლა რომ გაზარდონ ბრუნვები, უნდა განავითარონ კლიენტები კორპორაციულ და საცალო სექტორში”. 

თიბისი ბანკი
თიბისი ბანკი

თიბისი ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელის, ნანა ხურციძის განმარტებით, აღნიშნული კონფერენცია საკმაოდ მნიშვნელოვანია: 


“თიბისი ბანკმა  უმასპინძლა EBRD-ის კონფერენციას. მოწვეულები არიან რეგიონული და საერთშორისო ბანკების წარმომადგენლები. ამ კონფერენციაზე მოხდა გაზიარება ინფორმაციის, თუ სად ხედავენ პერსპექტივას ვაჭრობის სექტორის დაფინანსების კუთხით ბანკები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი გამოცდილება შეგვიძლია გავიზიაროთ და გამოვიყენოთ. საქართველოში ბანკებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოური ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერას, რათა სავაჭრო ოპერაციები დააფინანსონ. ასევე, მათი გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.”

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მოცულობამ 2014 წლის მაისში 10.944 მლრდ ლარს მიაღწია. აპრილთან შედარებით პორტფელი 39 მლნ ლარით არის გაზრდილი. მაისში აპრილთან შედარებით შემცირებულია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 291.53 მლნ ლარიდან 283.994 მლნ ლარამდე.

 

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 44.5 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2014 წლის აპრილთან შედარებით მიმდინარე წლის მაისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.1 პროცენტით, ანუ 27.5 მლნ ლარით შემცირდა და პირველი ივნისისათვის 2.4 მლრდ ლარი შეადგინა.

 

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 17.1 პროცენტი შეადგინა, რაც 2014 წლის პირველი ივნისისათვის 918.2 მლნ ლარით განისაზღვრა (0.9 პროცენტით, ანუ 8.3 მლნ ლარით ნაკლები პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით); 8.0 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 430.4 მლნ ლარია (0.2 პროცენტით, ანუ 1.0 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 69.6 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

 

2014 წლის მაისის განმავლობაში 2.1 პროცენტით, ანუ 103.8 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 5.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.


თიბისი ბანკში გამართულ  კონფერენციას ესწრებოდნენ საერთაშორისო (CITI BANK N.A, COMMERZBANK AG, BNP PARIBAS, SUMITOMO MITSUI BANKING CORPORATION, ABN AMRO Bank…), სომხეთისა და აზერბაიჯანის ბანკების, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ვაჭრობის პალატის წარმომადგენლები.

 

კონფერენცია გაიმართა EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და კონცენტრირებულია თემაზე, თუ რა სიტუაციაა დღეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, რა გამოცდილება და გამოწვევები არსებობს და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ვაჭრობის ფინანსირების სტიმულირება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *