ეკონომიკა

ვინ ისარგებლა კახეთში შეღავათიანი აგროკრედიტით

9 ივნისი, 2014 •
ვინ ისარგებლა კახეთში შეღავათიანი აგროკრედიტით

რეგიონში ჯამურად 142 246 765 ლარი 4 853 ბენეფიციარზე გაიცა. 

“შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მენეჯერი ირაკლი მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ “მოსარგებლეთა რაოდენობის გათვალისწინებით, პროექტი მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს”.


შეღავათიანი აგროკრედიტი კახეთში ძირითადად მსხვილმა ბიზნესმა და იმ ფერმერებმა მიიღეს, რომელთაც წარმოება დივერსიფიცირებული აქვთ.

 

ინდმეწარმე დავით ბერიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მას პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ბანკმა უპრობლემოდ დაუმტკიცეს: 

“94 ათასი დოლარი მაქვს აღებული ბანკიდან. ავაშენე ახალი ფერმა. მყავს ხალხი დასაქმებული. რაც წარმოება გაფართოვდება, ბაზარზე იქნება პროდუქციის სიუხვე, რაც გამოიწვევს ფასების დაწევას. ბანკმა სესხი უპრობლემოდ დამიმტკიცა. ჩამოვიდნენ საკრედიტო ოფიცრები. ნახეს ჩემი წარმოება და პირობებზეც შევთნხმდით. ახლა 40 ღორს ვზრდი. წლის ბოლოს მათი რაოდენობა 440 იქნება”.


დავით ბერიშვილს თელავის რაიონში აქვს ვაზის კურკის სანერგე მეურნეობა, რომელიც 2 ჰექტარზეა გაშენებული. ასევე, 10 ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაცია და ხორბლის ყანა, სადაც “იტალიური პიონერის” ჯიშის ხორბალი აქვს გაშენებული. ინდმეწარმე მისდევს მეფუტკრეობასაც. ბერიშვილი ამბობს, რომ მისი წარმატების საიდუმლო დივერსიფიცირებული ბიზნესია და, შესაბამისად, აგროკრედიტის დაფარვა არ უჭირს. 


შეღავათიანი აგროკრედიტის მესამე კომპონენტში კომპანია “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” 600 ათასი აშშ დოლარის სესხი აიღო. სესხით კომპანია ახალ საწარმოს აშენებს. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიით, ე.წ. “სენდვიჩპანელების” გამოყენებით შენდება. ბულგარეთში შეკვეთილია ცისტერნები და ევროპული უმაღლესი ხარისხის ტექნიკა.

ბრენდი ძველი კახეთი
ბრენდი ძველი კახეთი

კომპანია “კახეთის ტრადიციული მეღვინეობის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შეღავათიანი აგროკრედიტის აღება წარმოების სიმძლავრის გაზრდისთვის დასჭირდა: 


” ჩვენი კომპანია 15 ქვეყანაში ექსპორტს ახორციელებს. ლიდერია ბრენდი “ძველი კახეთი”, როგორც უკრაინაში, ისე რუსეთში. კომპანიის ქარხნის წარმადობა წელიწადში 16 მლნ ერთეულია. 2013 წელს 10 მილიონი ერთეული ბოთლი ექსპორტზე გადავტვირთეთ. წელს, უკრაინის კრიზისის მიუხედავად, იმედი გვაქვს, რომ იგივე მაჩვენებელზე გავალთ. გვაქვს ზრდა 20% –იანი უკრაინაში არსებული ნაშთების ხარჯზე. ევროკვშირის რამდენიმე ქვეყანაშიც ვოპერირებთ. ეს არის ბალტიისპირეთი, ინგლისი და გერმანია. ჩვენ ვართ წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. არის ინტერესი. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ხელშეკრულება შეგვიწყობს ხელს, როცა საბაჟო რეჟიმი მოიხსნება. თუმცა ამ ბაზრით ექსპორტის სრული ჩანაცვლება მალე არ მოხდება, მაგრამ კომპანია გაყიდვების არეალს გააფართოებს.” 

 

ზურაბ ჩხაიძე გლეხების სტიმულირების მიზნით ვენხების გაშენებაზე უარს ამბობს: “კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როცა გლეხებთან ვთანამშრომლობთ. ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩხავერის ჯიშის ვენახის გაშენება დაგვეფინანსებინა. გლეხებს უფასოდ 70 ათასი ნერგი დავურიგეთ. როცა მოიყვანს ამ ყურძენს, შევისყიდით. ჩვენ თვითონვე გავუჩენთ შემოსავლის წყაროს და ყურძენს მივიღებთ საბაზრო ფასად.”     

 

შეღავათიანი აგროსესხის ფარგლებში  „თბილღვინომ“ 600 ათასი დოლარის სესხი აიღო.

ზურაბ ჩხაიძე კახეთის ტრადიციული მეღვინეობა
ზურაბ ჩხაიძე კახეთის ტრადიციული მეღვინეობა

კომპანიის დირექტორი გიორგი მარგველაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მოხდა საწარმოს გადაიარაღება და დამონტაჟდა ევროსტანდარტის უჟანგავი ცისტერნები: “გადაიარღების შემდეგ საწარმოს წარმადობამ 7 000 ტონა ყურძენი შეადგინა, მანამდე იყო 4 000 ტონა. 2013 წელს აგროკრედიტის მეხუთე კომპონენტით ვისარგებლეთ, ყურძნის შესასყიდად ავიღეთ 3,5 მლნ ლარის სესხი და “რთველი 2013″ –ის ფარგლებში გადავამუშავეთ 6 500 ტონა ყურძენი.” 

კახეთის ტრადიციული მეღვინეობის ქარხანა კახეთში
კახეთის ტრადიციული მეღვინეობის ქარხანა კახეთში

 

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კომპანიის წარმადობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრის გახსნამ და იაფმა აგროკრედიტმა განაპირობა: “ეს ორივე მოვლენა ძალიან კარგად მოხდა თანხვედრაში. რუსეთის ბაზრის გახსნამ დაგვაფიქრა იმაზე, რომ მოგვეძია დამატებითი საფინანსო საშუალებები, გაგვეზარდა წარმადობა.სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გვიბიძგა, რომ გვესარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით. ჩვენი პრაქტიკიდან ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო და ძალიან სასარგებლო. სიმოვნებით კიდე ვისარგებლებთ ამ პროექტით. ინვესტიცების საჭიროება ყოველთვის არის. რუსეთის ბაზრის აღდგება არ მოხდებოდა, თუარა დიალოგის აღდგენა ახალ ხელისუფლებასთან. ამდენად, ჩემი შეფასება ლოგიკურია.” 

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის განხორციელება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლის 27 მარტს დაიწყო. 

 

ვენახი
ვენახი

 

 

 

 

 

     

 

მასალების გადაბეჭდვის წესი