ეკონომიკა

რას შეცვლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მიწის ბაზარზე

12 მაისი, 2014 • 1994
რას შეცვლის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მიწის ბაზარზე

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმიდან 10 თვის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები ამბობენ, რომ მთავროაბამ ამ გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა:

 

„დიდი შეცდომა იყო დაშვებული. წინდაუხედავი და აბსოლუტურად ანტისაბაზრო და ანტიმესაკუთრული. მიწაზე შუალედური გადაწყვეტილებები მიუღებალია. ერთადერთი გადაწყვეტილება არის მიწაზე სრულფასოვანი საკუთრების უფლების დაშვება ყველასთვის. სხვა შემთხვევაში ეს არის მიზანმიმართული უკან გადაგმული ნაბიჯი მეწარმეობის წინააღმდეგ”, – ამბობს ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე.

 

2013 წლის სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველომ“ გაასაჩივრა მიწაზე დროებითი სამართლებრივი შეზღუდვის დაწესება.  


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ საქმე „მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2014 წლის იანვარში განიხილა და ახლო მომავალში გამოიტანს გადაწყვეტილებას. 

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია და საქართველოს და უცხოეთის მოქალაქეების უფლებები შეზღუდა.

“მსხვილი ბიზნესი ვეღარ განვითარდა, ხოლო წვრილმა ფერმერებმა დაპირებული ინვესტიციები ვერ მიიღეს.”

ფერმერი ოთარ საბიაშვილი ამბობს, რომ უცხოელებისათვის მიწის მიყიდვაზე მორტორიუმის შემოღების შემდეგ ბაზარზე ინვესტორების აქტივობა შემცირდა:

 

“აგროსექტორში ახალი ინვესტორების შემოსვლა ნულამდეა დასული. მთავრობამ შეცდომა დაუშვა, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მთვრობამ უნდა გაიგოს, რომ  უცხოელებისათვის მიწის შეძენა საქართველოში არ არის ფულის მოგების წყარო,  არამედ ეს არის ინვესტიცია უძრავ ქონებაში. სხვაგვარად აგრობიზნესი ვერ განვითარდება“.

 

ოთარ საბიაშვილი ამბობს, რომ ეგვიპტურმა კომპანიამ მიწაზე გამოცხდებული  მორატორიუმის გამო ქვეყნიდან 1 მილიონი დოლარის ჩამორიცხული ინვესტიცია უკან  გაიტანა:  

 

“მეღორეობის და მეძროხეობის ფერმა უნდა აგვეშენებინა. 200 სულ ძროხაზე და ღორზე იყო საუბარი. ორჯერ იყვნენ ეგვიპტური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსული. პროექტი შევათანხმეთ. თუმცა შემდეგ ინვესტიცია უკან გაიტანეს.”  

 

მცირე ფერმერი კახა მაჩაიძე  სართიჭალაში 5 ჰექტარ მიწას ფლობს. ის 2013 წლის ზაფხულში უცხოელ ბიზნესპარტნიორთან ერთად სათბურის აშენებას გეგმავდა:

 

„ბიზნესპარტნიორი ისრაელის მოქალაქეა. ინვესტირების სანაცვლოდ მისთვის მიწის ნაწილი საკუთრებაში უნდა გადამეცა. უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე მორატორიუმი ივლისში ამოქმედდა. მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ შეთანხმებული ბიზნესგარიგება ჩამიშალა.  პარტნიორი თვლიდა, რომ მიწის საკუთრებაში ფლობა გარანტია იყო იმისა, რომ მისი ბიზნესი საქართველოში დაცული იქნებოდა”.

გურჯაანის რაიონის სოფელ არაშენდას მკვიდრი ჯემალ ბასილაშვილი ამბობს, რომ მიწაზე დაწესებულმა მორატორიუმმა მისი სამეწარმეო საქმიანობა შეზღუდა.

 

“სამ ჰექტარ მიწაზე ატმის ბაღი უნდა გამეშენებინა. ფულის ჩადებით ინდოელი ფერმერი დაინტერესდა. მიწა მის საკუთრებაში უნდა გადასულიყო.  ის 10 ათასი დოლარის ჩადებას გეგმავდა. 15 ადამინის დასაქმებას ვგეგმავდით, მაგრამ მიწაზე რომ მორატორიუმი გამოცხადდა, ინვესტორმა ფული აღარ ჩადო. მე არ მაქვს ის საშუალება, რომ მიწა დავამუშავო და ფერმერული მეურნეობა განვავითარო.”

 

ფერმერთა მომსახურებისა და ტრეინინგების ცენტრი “აგროკომი” ფერმერებს პროექტების შედგენაში და აგროკულტურების მოვლის წესების დანერგვაში ეხმარება. “აგროკომში” ამბობენ, რომ მიწაზე მორატორიუმის გამოცხდების შემდეგ თანამედროვე ფერმის შესაქმნელად გამიზნული 100–მდე პროექტი ვეღარ განხორციელდა:

 

“უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ქართველი ფერმერების პროექტებში ინვესტიცია აღარ ჩადეს იმ მოტივით, რომ მათ მიწის ყიდვა შეეზღუდათ.”

 

“აგრიკომში” მიაჩნიათ, რომ  მიწაზე მორატორიუმმა უფრო მეტად  ქართველი ფერმერები დააზარალა: “ადგილობრივ ფერმერებს არ აქვთ ის ფინანსური რესურსი, რომ თანამედროვე ფერმები და საწარმოები შექმნან და მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოონ, ეს კი ევროკავშირის ბაზარზე გასასვლელად აუცილებელი პირობაა ”

 

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე ამბობს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მიწის ბაზარზე მდგომარეობა შეიცვლება:

 

„ეს ხელშეკრულება ითვალისწინებს კონკურენციის აღსრულების ქმედით მექანიზმების არსებობას ქვეყანაში, რაც თავისუფალ ბაზარს უზრუნველყოფს და აგროსექტორში ინვესტიციებს გაზრდის.“

 

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების XIV-E დანართში საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ექნებათ არასასოფლო-სამეურნეო მიწის, მომსახურების გაწევისათვის საჭირო შენობების შეძენის უფლება. ასევე  სასოფლო-სამეურნეო მიწის ლიზინგით 49 წლით და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ლიზინგით არაუმეტეს 99 წლით აღება და სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა ერთობლივი საწარმოს მეშვეობით.

 

ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის დირექტორი მერაბ კაკულია ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ამ ვალდებულების გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწაზე მორატორიუმის გაუქმება მოუწევს:

 

„ასოცირების შეთანხმების დანართში (XIV-E დანართი) ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების რეზიდენტების მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმოებს უფლება აქვთ, ფლობდნენ და განკარგავდნენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. თუ ჩვენ დავთანხმდით ევროკავშირს, რომ მათ რეზიდენტებს შეუძლიათ ერთობლივი საწარმოების საშუალებით ფლობდნენ  სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთებს საქართველოში, ეს ჩვენს კანონმდებლობაშიც უნდა იყოს ასახული. უცხოელებზე მიწის ფლობის შეზღუდვა მოქმედებს 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულება (DCFTA )ძალაში შეიძლება შევიდეს შეთანხმების ხელმოწერისთანავე, ზაფხულში”.

 

საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში აცხადებენ, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის მიწის ფლობაზე დაწესებული მორატორიუმი 2014 წლის 31 დეკემბერს გაუქმდება. თუმცა მიღებულია შუალედური გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც  საქართველოში მიწის ფლობის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებებს განიხილავს. კომისიის წევრებს ხელისუფლება დანიშნავს. განცხადების შესაფასებელი კრიტერიუმები ჯერ არ არის დადგენილი.  

 

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებული ცვლილებები ძალაში 2013 წლის ივლისში შევიდა. 2012 წლის დეკემბერში მორატორიუმი არასასოფლო –სამეურნეო მიწაზე აღრიცხვიანოსბის მოწესრიგების მოტივით ეკონომიკის სამინისტრომ დააწესა. მიწის აღრიცხვინობის და რეგისტრირების პროექტს საჯარო რეესტრი 2014 წლის ივლისში დაიწყებს.  

 

ამჟამად არსებული კანონმდებლობით საქართველოში 2104 წლის დეკემბრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ვერ შეიძენს (მათ შორის, ვერც მემკვიდრეობით მიიღებს) უცხოელი, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი.

მიწა
მიწა

მასალების გადაბეჭდვის წესი