კომენტარი

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება

27 დეკემბერი, 2013 • • 1056
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს. საკონკურსო კომისიის მიერ მიუკერძოებლად, კომპეტენტურად და გამჭვირვალედ წარმართულმა პროცესმა და მის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულმა ოცდაშვიდკაციანი სიის შემადგენლობამ გააჩინა იმედი, რომ, ბოლოს და ბოლოს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობას სათავეში ჩაუდგებოდა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, ინტელექტუალური ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი.

 

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობა გამოირჩევა მაღალი სამოქალაქო ცნობიერებით, პროფესიული კომპეტენციით, საზოგადოებრივი მაუწყებლობის მსოფლიო გამოცდილების ცოდნით.

 

სრულებით გაუგებარია, რამ შეუშალა ხელი პარლამენტს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცხრა წევრის შერჩევაში. უსუსური არგუმენტი, რომ კომისიიის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული კანდიდატურები საზოგადოებისთვის უცნობი აღმოჩნდა, გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტარები არ არიან დაინტერესებული თავისუფალი, მოაზროვნე და საკუთარი პრინციპების მქონე ადამიანთა მიერ მართული ტელევიზიის შექმნაში. მათი ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი კომედი შოუს მსახიობებით უნდა დაკომპლექტდეს, ვინაიდან ისინი მართლაც საყოველთაოდ ცნობადნი არიან.  

 

წინა ხელისუფლების სწორედ ასეთმა მიდგომამ გადააქცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ნდობადაკარგულ, მრავალმილიონიანი ვალების მქონე, უგემოვნო, ურეიტინგო ტელევიზიად.

 

თუ პარლამენტი შესარჩევი კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი 27-კაციანი სიიდან ვერ დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის 9 მეურვეს, ჩვენთვის ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ახალი ხელისუფლება განაგრძობს მის წინამორბედთა ანტისაზოგადოებრივ, ანტიდემოკრატიულ პრაქტიკას და სურვილი აქვს, გავლენის ქვეშ ჰყავდეს საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მედიასაშუალება – საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი