ეკონომიკა

“ტიფლის დეველოპმენტის” მფლობელი ნამორაძე–კოდუას წილების სქემას შიფრავს

7 მაისი, 2014 • • 3116
“ტიფლის დეველოპმენტის” მფლობელი ნამორაძე–კოდუას წილების სქემას შიფრავს

“ტიფლის დეველოპმენტის” მფლობელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ  ნოშრევან ნამორაძის მეუღლემ ნინო სუთიძემ კომპანიის წილი თავისი სურვილით 2009 წელს დათმო, ხოლო სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა “ტიფლის დეველოპმენტის” წილის მფლობელი სამართლებრივად არასოდეს არ ყოფილა.


ეს განცხადება გიორგი ზაქაიძემ დღეს “ტიფლის დეველოპენტში” მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. 


ნოშრევან ნამორაძე სოდ–ის ყოფილი ხელმძღვანელის ერეკლე კოდუას ძმაზე დავით კოდუაზე თავდასხმაშია ბრალდებული. 


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, დავით კოდუას ცემის ფაქტში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს 2014 წლის 5 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნოშრევან ნამორაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ედება.

გიორგი ზაქაიძე ტიფლის დეველოპმენტის მფლობელი
გიორგი ზაქაიძე ტიფლის დეველოპმენტის მფლობელი

დავით კოდუას 2 მაისს აბაშიძის ქუჩაზე 3 ნიღბიანი დაესხა თავს. ის ამ დროისათვის მკურნალობის კურსს თბილისში ინგოროყვას კლინიკაში გადის. 

 

ნოშრევან ნამორაძის  მეუღლე ნინო სუთიზე დავით კოდუასთან დაპირისპირების მიზეზად “ტიფლის დეველოპმენტში” მხარეებს შორის არსებულ ბიზნესინტერესებს ასახელებს. 

“ტიფლის დეველოპმენტის” მფლობელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ კომპანიაში წილი ნამორაძემ მეუღლეზე და დედაზე გადააფირმა, საიდანაც შეთანხმების საფუველზე 25% დავით კოდუას დაუთმო: 


“ნოშრევან ნამორაძე 2007 წლიდან კომპანიაში ირიბად 50%–ს ფლობდა, 25% ნამორაძის მეუღლეზე ნინო სუთიძეზე იყო გაფორმებული, ხოლო 25%- მის დედაზე. ზაქაიძის მტკიცებით, ამ 25%–ს ირიბად, შეთანხმების საფუძველზე სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა დავით კოდუა განკარგავდა: 


“2007 წელს ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გამოიტანა მიწის ნაკვეთი 2 ათსი კვადრატული ფართის. ამ აუქციონში ვიღებდი მონაწილეობას. შემხვდა ახლობელი ადამიანი ნოშრევან ნამორაძე, მასაც სურდა აუქციონში მონაწილეობა. მან გამოთქვა მზაობა შემოეტანა თავისი წილი თანხა და  ერთად გვეყიდა ეს მიწის ნაკვეთი. ერთი სადარბაზო უნდა აეშენებინა მას თავისი სახსრებით და მეორე მე. ამ აუქციონზე გავიმარჯვეთ და მიწის ნაკვეთში უნდა გადაგვეხადა 700 ათასი დოლარი. როცა თანხა უნდა გადაგვეხადა, ნამორაძეს არ ჰქონდა ფული. მე მქონდა საკრედიტო ხაზი და ეს ფული გადაირიცხა ჩემი კომპანიის ანგარიშიდან მიწის შესაძენად. რადგან ვენდობოდი ნოშიკო ნამორაძეს, რომ ამ თანხას შემოიტანდა, ჩემი პირადი კომპანიის სესხის ქვეშ შევიტანე იმ კომპანიაში, რასაც შემდეგ “ტიფლის დეველოპმენტი” და “ტიფლის საბურთალო” დაერქვა. ამის შემდეგ ნამიორაძეს კომპანიის ანგარიშზე 350 ათასი დოლარი უნდა შემოეტანა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით თანაბარი პარტნიორები.”

ტიფლის ბიზნეს–ცენტრი
ტიფლის ბიზნეს–ცენტრი

გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ “ტიფლის ბიზნეს ცენტრის” ასაშენებლად დამატებით 400 ათსი აშშ დოლარი მოიზიდა:


“ჩემი შენატანი ამ კომპანიის კაპიტალში გაუტოლდა 1 მილიონ 100 ათას დოლარს, ხოლო ნოშრევან ნამორაძემ ერთხელ შემოიტანა 30 ათასი დოლარი და მალევე უკან გაიტანა. ამის შემდეგ არც მას და არც მის კუთვნილ 50%–ში მოყვანილ ბიზნეს–პარტნიორ დავით კოდუას კომპანიაში არც ერთი თეთრი არ მოუტანია.”


გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ ნოშრევან ნამორაძე 7 თვეა ჩივის პროკუატურაში და  აცხადებს, რომ მის მეუღლეს წილი “ტიფლის დეველოპმენტში” უკანონოდ დაათმობინეს.


ზაქაიძე განმარტავს, რომ 2009 წელს ნინო სუთიძემ “ტიფლის დეველოპმენტის” წილი ნებაყოფილობვით დათმო და სანაცვლოდ “ტიფლის ბიზნეს ცენტრში” ფართი მიიღო:“1300 კვადრატი აქვს გატანილი მაგას, 1300 კვადრატზე მეტი- დავით კოდუას. 50% წილის მფლობელებს კი კომპანიაში ერთი თეთრი არ აქვთ შემოტანილი.”

 

გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ “ტიფლის დეველოპმენტის” საქმეზე ჩვენება პროკურატურას უკვე მისცა და შესაბამისი დოკუმენტაციაც გადასცა გამოძიებას. 


ნინო სუთიძე კი აცხადებს, რომ დავით კოდუას ნოშრევან ნამორაძესთან კონფლიქტი “ტიფლის დეველოპმენტის” წილის გამო ჰქონდა:


“ჩემი ქმარი არის “ტიფლის დეველოპმენტის” დამფუძნებელი. დავით კოდუას უნდოდა ჩემი მეუღლის კუთვნილი წილი, რადგანაც არ უფორმებდა, ძმასთან ერთად დაგეგმა ჩემი მეუღლის დაჭერა, ამიტომ ჩაუდეს ნარკოტიკი და დააპატიმრეს. გადაახდევინეს 500 ათასი, დაათმობინეს ბიზნესის 50-პროცენტიანი წილი. ასევე ჩამომსვეს ჩემი კუთვნილი ავტომანქანა “რენჯროვერ სპორტიდან”. ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მეუღლე გამოუშვეს. წლები გავიდა. საჩივარი შევიტანეთ, როცა მთავრობა შეიცვალა, მიმდინარეობს გამოძიება. დათო კოდუას ქუჩაში შეხვდა და სცემა. ეს მოსალოდნელიც იყო” – განაცხადა ნინო სუთიძემ “ნეტგაზეთს”, როდესაც დავით კოდუას ცემის მოტივი განმარტა.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი