ახალი ამბები

GWP: ვაკისა და საბურთალოს ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

22 აპრილი, 2014 • • 1267
GWP: ვაკისა და საბურთალოს ზოგიერთ უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება

“დღეს გამთენიას, დაახლოებით 2 საათზე, კოკისპირულმა წვიმამ და ძლიერმა ჭექა-ქუხილმა პრობლემა შეუქმნა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაგვის ხეობასა და თბილისში განთავსებული სათავო ნაგებობების გამართულად ფუნქციონირებას. ჭექა-ქუხილმა ელექტროენერგიის ძაბვის ვარდნა გამოიწვია, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდა საგურამოში განთავსებულ ობიექტს, ასევე, ღრმაღელისა და სამგორის სათავო ნაგებობებს. ენერგომომარაგების აღდგენის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა ღრმაღელის სათავო ნაგებობის მთავარი მკვებავი ძალოვანი სადენი, რამაც ღრმაღელის სატუმბო სადგურის ვაკუუმ-ტუმბოაგრეგატების გათიშვა გამოიწვია. პარალელურად, ძაბვის ვარდნით გამოწვეული ჰიდრავლიკური დარტყმის შედეგად, დღეს გამთენიას, ერთდროულად დაზიანდა 1200 მმ-იანი IV მაგისტრალური წყალდენის ორი სხვადასხვა მონაკვეთი.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაზიანებების აღმოფხვრას დროულად შეძლებს, რადგან მოსალოდნელ სტიქიას და მისგან გამომდინარე პრობლემებს ტექნიკურად მომზადებული შეხვდა – კომპანიამ ოპერატიულად მოახდინა დაზიანების ადგილებში საავარიო ბრიგადებისა და სპეცტექნიკის მობილიზება და აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დაუყოვნებლივ შეუდგა. ასევე, კომპანიას გააჩნია სასმელი წყლის სათანადო მარაგი და თბილისის მოსახლეობას წყლით ამ დრომდე შეუფერხებლად უზრუნველყოფს.

მიუხედავად ამისა, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აფრთხილებს მოსახლეობას, რომ დღის მეორე ნახევარში, დედაქალაქის გარკვეული რაიონების – კერძოდ კი, ვაკისა და საბურთალოს ზოგიერთი უბნის წყალმომარაგება შესაძლებელია შეფერხებით განხორციელდეს. აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაციას კომპანია დღის განმავლობაში კიდევ გაავრცელებს”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი