ეკონომიკა

DHL, TNT, UPS, FEDEX –მა შესაძლოა საქართველოს ბაზარი დატოვონ

16 აპრილი, 2014 •
DHL, TNT, UPS, FEDEX –მა შესაძლოა საქართველოს ბაზარი დატოვონ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი “საფოსტო კავშირის შესახებ“, რომელიც საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების ახლებურად მოწესრიგებას, კერძოდ, ბაზრის ამ სეგმენტზე სახელმწიფო რეგულირების შემოღებას ითვალისწინებს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ნათია კუტივაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ბაზარზე შემოდის რეგულირების ახალი წესი, რომელიც DHL, TNT, UPS, FEDEX  –ს ბაზრის  დატოვებას აიძულებს: 


“ამ სექტორში შემოდის რეგულირების წესი. ავტორიზაციის შედეგად კომპანიები ვერ შეძლებენ გადაზიდვის საქმინობის შესრულებას. ავტორიზაცია რა ფორმითაც შემოაქვთ, არ შეესაბამება თავისი არსით ავტორიზაციის ეკონომიკურ არსს. ავტორიზაციაზე აწესებენ გარკვეულ მოთხოვნებს: მატერიალურ–ტექნიკურ ბაზას და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თანამშრომლებისათვის, რომელიც თავისი არსით არის სალიცენზიო საქმინობა. ეს არ არის თავსებადი საქართველოს კანონმდებლობასთან და ზოგადად ეკონომიკის არსთან.”


ნათია კუტივაძის განმარტებით, “საქართველოს ფოსტას” 20 წლით ეძლევა ამ ბაზარზე მონოპოლიური საქმინობის შესაძლებლობა და მხოლოდ ამ კომპანიის ქოლგის ქვეშ შეძლებენ გადამზიდავები საქმინობას:


“ეს დაუშვებელია ისეთ კომპანიებისათვის, როგორიცაა DHL, TNT, UPS, FEDEX.  როცა საზღვარგარეთიდან მომხმარებელი გამოგზავნის  DHL–ის გზავნილს, ის საქართველოს ტერიტორიას რომ მიუახლოვდება, ეს გზავნილი უნდა განთავსდეს “საქართველოს ფოსტის” კონვერტში და ისე ჩაბარდეს მომხმარებელს. ანუ უნდა შეიცვალოს გადამზიდავი კომპანია, რაც დაუშვებელია ასეთი კომპანიებისათვის, და, მეორე მხრივ, იწვევს მომხხმარებლის უფლებების შეზღუდვასაც, ვინაიდან მომხმარებელი შეზღუდული იქნება აირჩიოს კონკრეტული გადამზიდავი თავისი საჭიროების შესაბამისად. ამ კომპანიებს ბაზარზე აღარ შეეძლებათ დამოუკიდებლად საქმინობა. ეს იქნება მათთვის მიუღებელი. საერთაშორისო კომპანიებმა, დიდი საერთაშორისო ნდობით, შესაძლებელია დატოვონ საქართველოს ბაზარი, რაც ქართული საინვესტიციო გარემოსთვის იქნება სერიოზული ზიანი”.   

 

ნათია კუტივაძის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” კანონპროექტი „საფოსტო კავშირის შესახებ“ დეტალურად შეისწავლა და დაასკვნა, რომ  ახალი კანონპროექტი  „საქართველოს ფოსტის“ მიერ ბაზრის მონოპოლიას უზრუნველყოფს: 

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის მსურველი პირის ავტორიზაციას მოახდენს, სამინისტროს გადაწყვეტილებით, მხოლოდ ერთ ავტორიზებულ პირს მიენიჭება საფოსტო კავშირის ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი (მუხლი 38.2).  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს (მუხლი 54.2), რომ სწორედ „საქართველოს ფოსტას“ უნდა მიენიჭოს ეროვნული (დანიშნული) ოპერატორის სტატუსი. აღნიშნული სტატუსის მინიჭება 20 წლის ვადით ხდება(მუხლი 44.1), ამ პრაქტიკის მსგავსი ანალოგი კი საერთაშორისო პრაქტიკაში არ იძებნება.  აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამინისტრო ან უგრძელებს ამ სტატუსს არსებულ ოპერატორს, ან ახალ ოპერატორს შეარჩევს.


“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით  საყურადღებოა ის გარემოება, რომ ეროვნულ (დანიშნულ) ოპერატორს სხვა საქმიანობაც არ ეზღუდება (მუხლი 24.10) და გათვალისწინებულია მომსახურების სხვა სახეობების ნუსხის სამინისტროს აქტით დამტკიცება (მუხლი 22).


ამდენად, კანონპროექტი შეიცავს რისკს, რომ განმეორდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის №30 ბრძანებით შემოღებული პრაქტიკა−სამინისტროს აქტით ეროვნულმა (დანიშნულმა) ოპერატორმა („საქართველოს ფოსტამ“) კვლავ განაგრძოს საქონლის გადაზიდვის მომსახურების (ე.წ. „კარგო“ გადაზიდვების) განხორციელება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებდეს საფოსტო გზავნილის ან/და ამანათის ზომისა და წონის კონკრეტულ მახასიათებლებს და შეესაბამებოდეს საფოსტო კავშირის სფეროში საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი