ეკონომიკა

თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

11 აპრილი, 2014 • • 1346
თბილისში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნა

“2013 წელს 5.4 მილიონი ვიზიტორი ეწვია საქართველოს და დაფიქსირდა ვიზიტორების 22% ზრდა, რაც, ამ მიმართულებით, ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. გარდა ამისა, სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემების მიხედვით საქართველო მუდმივად ფიქსირდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული დარგი, რომელიც ძლიერი მექანიზმია დასაქმების, ქვეყნის უცხოეთში რეკლამირებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მინისტრის თქმით, 2014 წელს საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების, ასევე ახალი საერთაშორისო ავიარეისების გახსნა. “სასიხარულოა ითქვას, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, რომელიც ორი დღის წინ იმყოფებოდა თბილისში, ანდორაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მისცა უმაღლესი შეფასება. ეს არის ჩვენთვის უდიდესი სტიმული და ასევე უდიდესი მოწოდება ინვესტორებისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში განახორციელონ ახალი პროექტები“ – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა საკონფერენციო ტურიზმის განვითარებაზე, რომელიც შედარებით ახალი მიმართულებაა და ახალ შესაძლებლობებს იძლევა ტურისტულ სფეროში თანამშრომლობისთვის. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე ტურისტული გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რომ უცხოურ კომპანიებთან ერთად მოხდეს ერთობლივი ტურების დაგეგმვა, ახალი მარშრუტების შექმნა და შიდა ტურიზმის განვითარება.

 

საზეიმო ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ხათუნა გოგალაძე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე და სხვა ოფიციალური პირები.

 

“ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილონში განთავსებულ 50-მდე საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია 100-მდე ორგანიზაცია, მათ შორის ტურისტული კომპანიები და დასასვენებელი კომპლექსები, ტუროპერატორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც კულტურულ, ისტორიულ და ღვინის ტურებს, ასევე ექსტრემალურ და სათავგადასავლო პროგრამებს ახორციელებენ. ადგილობრივ კომპანიებთან ერთად გამოფენაში მონაწილეობენ უცხოური კომპანიები სომხეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, უკრაინიდან, შვეიცარიიდან და ჩეხეთიდან.

 

“ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარე საერთაშორისო გამოფენა 13 აპრილამდე გაგრძელდება. გამოფენაზე უცხოურ სტენდებთან ერთად წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონი არსებული სანატორიუმებით, პანსიონატებით, დასასვენებელი სახლებითა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრებით. გამოფენის ფარგლებში ხალხური რეწვისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვაც არის დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი