ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ხომ არ ვიფიქროთ იმპორტის ჩანაცვლებაზე ადგილობრივი პროდუქციის სუბსიდირების გზით

18 თებერვალი, 2014 • • 1045
ღარიბაშვილი: ხომ არ ვიფიქროთ იმპორტის ჩანაცვლებაზე ადგილობრივი პროდუქციის სუბსიდირების გზით

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ ტრანზიტისათვის. საქართველო უნდა გახდეს რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბი. ამისათვის საჭიროა განვითარებული ინფრასტრუქტურა, ჯანსაღი ენერგეტიკული სექტორი, სერვისების მაღალი დონე, რეგიონალური მასშტაბით კონკურენტუნარიანი კადრები. უნდა გაიზარდოს ქართული პროდუქციის წილი როგორც შიდა ბაზარზე, ისე ევროპულ ბაზარზე და ქართული პროდუქცია უფრო პოპულარული უნდა გახდეს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერის თქმით, იმისათვის, რომ საქართველო იქცეს რეგიონალურ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად, უნდა მოხდეს ექსპორტზე დაფუძნებული ეკონომიკურ ზრდა და უმუშევრობის შემცირება. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება ფიქრობს ექსპორტის განვითარებას ახალი ბაზრების წვდომის კუთხით:


“ფაქტია, რომ საქართველოს მიერ ბოლო წლებში ნაჩვენები ეკონომიკური ზრდა არ ხდებოდა კონკურენტუნარიანობის ზრდასთან ერთად. სრულიად ცხადია, რომ საჭიროა კონკურენტიანობის ამაღლება და ახალ ბაზრებზე შესვლისას ექსპორტის დივერსიფიკაცია. ასევე, ხომ არ ვიფიქროთ იმპორტის ჩანაცვლებაზე ადგილობრივი პროდუქციის სუბსიდირების გზით. ამისთვის კი საჭირო იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება და სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება.

 

ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, კვლავ პრობლემად რჩება სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარების დონე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის. საჭიროა როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი წარმოების, ისე მასთან დაკავშირებული გადამმუშავებელი მრეწველობის განვითარება. სამწუხაროდ, დღეს არასათანადოდაა განვითარებული საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

 

მისივე თქმით, თანამიმდევრულად უნდა განვითარდეს ექსპორტი ახალი ბაზრების წვდომის თვალსაზრისით:

 

“კერძოდ, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში არ იძლევა არსებული პრეფერენციული რეჟიმების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას. იმის გამო, რომ არ არსებობს დამხმარე ინფრასტრუქტურა, პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე არა აქვთ საკმარისი ინფორმაცია და არ იცნობენ ქართულ საქონელს; იმისათვის, რომ ქართულმა პროდუქციამ შეაღწიოს ზოგიერთ  ბაზარზე, საჭიროა არსებობდეს უკეთესი სავაჭრო რეჟიმები. ისიც ფაქტია, რომ არასათანადო სავაჭრო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა ზრდის ექსპორტირების ხარჯებს.

 

სამწუხაროდ, ექსპორტი არადივერსიფიცირებულია, დაბალია მისი დამატებული ღირებულება, სუსტია ახალ ბაზრებზე შეღწევისა და დამკვიდრების მაჩვენებლები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ძალიან სუსტია ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა, მათ შორის კერძო სექტორისაც, რომელიც ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი კომპონენტია. ყოველივე ამის შედეგია ის, რომ ქვეყანაში ძალიან დაბალია დასაქმების ზრდის ტემპი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღევანდელი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჰანს თიმერი, რომელიც საქართველოში სწორედ აღნიშნულ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა. 

ფორუმის მონაწილეები განიხილავენ საქართველოს მთავრობის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებს და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის “საქართველო 2020” პროექტს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი