“თურქეთის მიერ დაწესებული სატრანზიტო ტარიფი კომპანიების მოგებას შეამცირებს. ტრანსპორტირების ხარჯი არ გაიზრდება და ეს დააწვება გადამზიდავ კომპანიებს. ვისაც ერთი ან ორი მანქანა ჰყავს და თვეში რამდენჯერმე გადის ევროპის ბაზარზე, მათთვის ამ ტარიფის გადახდა რთული არ იქნება, მაგრამ ვისაც დიდი ავტოპარკი აქვს, შესაძლოა ფინანსურად იზარალოს,” – აცხადებენ “კავკასიის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომპანიაში“.
“კავკასიის ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის კომპანია“ ადგილობრივ ბაზარზე 7 წელია საქმიანობს. კომპანიის მენეჯერი ამბობს, რომ მათ გამართული ავტოპარკი აქვთ:
“ჩვენი ავტოპარკი გვყავს და ვმუშაობთ, როგორც იმპორტზე, ისე ექსპორტზეც. თუ ტარიფი არ შეიცვლება, ეს კომპანიას დააწვება ტვირთად. ბაზარზე კონკურენციაა და ფასს ვერ ავწევთ. ალბათ, პირველ ეტაპზე ეს ბიზნესი წამგებიანი არ გახდება, მაგრამ მოგება შეგვიმცირდება.“
კომპანია „ევროტრანსში“ აცხადებენ, რომ ზედმეტი ხარჯი არც ერთი კომპანიისთვის სასურველი არ არის:
“ხარჯი იზრდება. 226 დოლარია გასვლა-გამოსვლა. გადადიხარ, მანქანას იქ არ ტოვებ და უკან შემოდიხარ თურქეთში. ეს ტარიფი ზედმეტი ხარჯია კომპანიისთვის. თანდათან აისახება მომსახურების სერვისზე.”
“ევროტრანსი” ბაზარზე 2010 წლიდან საქმიანობს და ტვირთები თურქეთის გავლით ევროპაში გადააქვს:
”საქართველოდან გაგვაქვს ნახევრად გადამუშავებული ტყავი, ფიცარი, თხილი. ევროპიდან შემოგვაქვს სურსათი და სხვადასხვა პროდუქტი. გვინდა, რომ ტარიფი დისტრიბუტორებს გავუძვიროთ, მაგრამ არ გამოვა. ჯერჯერობით ყველას უჭირს გადახდა. პირველ ეტაპზე ეს ტარიფი შეამცირებს კომპანიის მოგებას და აისახება ჩვენზე და არა – კლიენტზე”.
გადაზიდვების კომპანია „გერეესტრანსშიც“ ახალი ტარიფის შემოღების შედეგად ფინანსური მოგების შემცირებას ელიან:
“ჩვენ გვაქვს “ევრო 5” ტიპის გადამზიდავი ტრანსპორტი და ევროპის 4 ქვეყნის გარდა ყველგან შევდივართ. გაგვაქვს თხილი. აქამდე არ ვიხდიდით გადასახადს. 1 თებერვლიდან მდგომარეობა შეიცვალა. რამდენით შეგვიმცირდება მოგება, რთული სათქმელია. გასვლა-გამოსვლაზე 266 აშშ დოლარი ერთ წელზე რომ გავამრავლოთ, ალბათ, დიდი ციფრი იქნება”.
სატრანზიტო გადაზიდვების სფეროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არეგულირებს. რას გეგმავს ეს უწყება იმისთვის, რომ გადამზიდავებმა ფინანსური ზარალი არ განიცადონ?
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ მისი უწყება თურქულ მხარესთან სატრანზიტო გადასახადის თემაზე მოლაპარაკებებს დაიწყებს:
“2011 წლიდან მოქმედებს საქართველოში გადასახადი 200 ლარის ოდენობით, რასაც თურქი გადამზიდავები საქართველოდან მესამე ქვეყანაში გადასვლის შემთხვევაში იხდიან. ამ ხნის განმავლობაში თურქეთი გვთხოვდა, რომ ჩვენც არ გადაგვეხდევინებინა მათთვის ეს ტარიფი. ჩვენ არ შევცვალეთ კანონი, მათაც იგივე ადეკვატური გადასახადი დაგვიწესეს. 113 დოლარი დაახლოებით არის 200 ლარი. მოლაპარაკებები აუცილებლად გაგრძელდება. თურქეთის მხარე ითხოვს ამ გადასახადის როგორც შინაარსის, ასევე ფორმისა და დასახელების შეცვლას, ვინაიდან ეს მათი მხრიდან ეწინააღმდეგება მთავრობათაშორის შეთანხმებას. ასეთი ტიპის გადასახადი არ არის გათვალისწინებული. ამიტომ მათი მოთხოვნაა, რომ მოვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს გადასახადი გაუქმდეს.”
ზაზა ავალიანი ამბობს, რომ თურქეთი საქართველოდან ევროპაში სატრანზიტო გადაზიდვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
“ამ გზის გარეშე ჩვენ ვერ გადავადგილდებით ევროპისკენ. რჩება ერთადერთი გზა – ლარსი, თურქეთი თუ ჩაიკეტა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია თურქეთი. ჩვენ თვითონ უნდა შევძლოთ, რომ გადასახადის ფორმა შეიცვალოს.”
ამ საკითხზე მუშაობას გეგმავს აჭარის ტრანსპორტის, ლოჯისტიკის და გადამზიდავთა ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარე თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებს უახლოეს დღეებში შეხვდება:
“ვგეგმავთ მძღოლების შეკრებას, შეხვედრასაც დავნიშნავთ. მათი აზრი ცნობილია, რადგან გადასახადი ტვირთად აწვება. თურქული კომპანიები ჩვენ აქ ძალიან მძაფრ კონკურენციას გვიწევენ. ისინი დაბალ მარჟაზე მუშაობენ, მაგრამ ბრუნვა დიდი აქვთ. ქართველ გადამზიდავებს არ აქვთ ასეთი მოცულობა და პრობლემები ექმნებათ. როცა ბიზნესს უჭირს, მთავრობის თანადგომა საჭიროა. საქართველოდან საექსპორტო პროდუქცია ევროპაში ძირითადად თურქეთის გავლით შედის”.
2013 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2879 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარი იყო (72 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 2271 მლნ. აშშ დოლარი (7 პროცენტით ნაკლები).
2013 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა (მთელი ექსპორტის 24 პროცენტია) და 704 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 230 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში – 8 პროცენტს. მესამე ადგილზე თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 167 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6 პროცენტი შეადგინა.







