ეკონომიკა

აჭარაში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

6 თებერვალი, 2014 •
აჭარაში სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება იწყება

ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრები „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით“ დახმარებას 12000-მდე ფერმერი მიიღებს, აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

 

„მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები იქნებიან ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.25 ჩათვლით ჰექტარის ფართობის  სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურების წარმოებისთვის იყენებენ.

 

სამინისტროს ცნობით, რეგიონში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა პროგრამის ბენეფიციარების სიების დასაზუსტებლად. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ დაზუსტებული სიების მიხედვით, 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს დაახლოებით 65 000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს შეხვდებიან და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გააცნობენ.

 

დღესვე აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე ფერმერებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამებს გააცნობს. „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ 6 ქვეპროგრამას მოიცავს და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 მილიონ ლარს შეადგენს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30% ფერმერი, 70% სახელმწიფო) შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლიან ხეხილოვან კულტურებს (მოცვი, კაკალი, ხურმა, აქტინიდა კივი).

 

40%-იანი თანადაფინანსებით კი (40% ფერმერი, 60% სახელმწიფო), ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს, ასევე, ქიმიური მელიორაციის ღონისძიების დეფეკატის გამოყენებას.

 

იგეგმება, ჩამოყალიბებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეწიოს მეთოდური და პრქტიკული დახმარება შემდგომი განვითარებისათვის, აცხადებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

 

ფერმერები, მიწის ფართობის მიხედვით, დაიყოფიან ორ კატეგორიად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია: ა) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა–მდე ფართობის მიწის ნაკვეთი ბ)ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა დან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები.  „მცირემიწიანფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების  ხელშეწყობის პროექტის“ ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 1) ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი.  2)სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად  ფერმერები ისარგებლებენ საბანკო პლასტიკური ბარათით, ე.წ. აგრობარათით.

 

2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიწყება თებერვალში და დასრულდება აგვისტოში. პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი და ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი დააფინანსებს, ხოლო ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი