ეკონომიკა

ევრობანკი ბიზნესს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში დაეხმარება

23 იანვარი, 2014 • • 1692
ევრობანკი ბიზნესს ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაციაში დაეხმარება

კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი და ბიზნესის ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც საწარმოების ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად გადაიარაღებას გეგმავენ. 

 

ფორუმი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა და ევრობანკის, კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსის რეგიონალურმა დირექტორმა  ბრუნო ბალვანერამ გახსნეს. შეხვედრას ესწრებოდა  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარური წარმოების სამმართველოს უფროსი ევგენია სეროვა.


ევრობანკის წარმომადგენლის ჯონათან ჩარლზის განცხადებით, ფორუმის შედეგი უნდა იყოს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დარგის პოლიტიკაზე დიალოგისთვის პლატფორმის შექმნა, სადაც სოფლის მეურნეობის სექტორი და მთავრობა საფუძველს ჩაუყრიან თანამდროვე ღირებულებათა ჯაჭვს და გაუმჯობესებულ საინვესტიცო გარემოს უზრუნველყოფენ:


“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ძალზე მოწადინებულია საკვების უვნებლობის მიმართულების გაღრმავებით საქართველოში. ევრობანკმა 1991 წლიდან დღემდე 1,8 მილიარდი ევროს ინვესტირება მოახდინა საქართველოში აგრობიზნესის სფეროს ჩათვლით. 2014 წელს მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომელიც 2 მილიარდი ევროს ნიშნულზე გაგვიყვანს. ამ პროცესში მთავარი ფული არ არის, მთავარია ქართულმა ბიზნესმა საწარმოების მენეჯმენტი შეცვალოს.”


სოფლის მეურნების სამინისტრო სურსათის უვნებლობის პოლიტიკას ამკაცრებს. რა ბედი ეწევათ კომპანიებს, რომლებიც ვერ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის კრიტერუმებს?


სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი ამბობს, რომ კომპანიებს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ, რომ გარდამავალო პროცესი რელურად “რბილი” გახდეს: 


“კომპანიებს ევროკავშირის ბაზარზე  სერიოზული შანსები აქვთ. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კომპანიებს დიდ დროს და შესაძლებლობებს ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებთან, ევრობანკთან და ფაოსთან ერთად. ჩვენ მარტო არ ვიმყოფებით ამ გზაზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარეს ეს გზა- ბულგარეთმა, ბალტიის ქვეყნებმა. მათ უზარმაზარი გამოცდილება დაუგროვდათ, რასაც გაგვიზიარებენ. დრო, პარტნიორები და სხვა ფაქტორები ხელს შეგვიწყობს. საწარმოები, რომელთაც სურთ გარდამავალი პერიოდი წარმატებით ჩაატარონ, ამას მიაღწევენ.”

 

ნატროშვილი ამბობს, რომ სერიოზული თანხაა საჭირო საწარმოების გადაიარაღებისათვის:”ფულის გარდა, საწარმოს მიერ მართვის პროცესი, მენეჯმენტი, შერჩეული ტაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ფინანსური ნაწილი იქნება მიბმული დროსთან. თუ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ავიღებთ, ისინი იძულებით მდგომარეობაში იყვნენ ჩაყენებულნი, რომ სწრაფად ემოძრავათ ევროკავშირის მიმართულებით და მრავალი კომპანია გაკოტრდა. საქართველო ასეთი წნეხის ქვეშ არ იმყოფება. ყველაფერი დამოკიდებულია დროის მონაკვეთზე და ბიზნესის რაოდენობაზე, რომლის ჰარმონიზაციაც უნდა განხორციელდეს [ევროსტანდარტებთან].” 

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონების ინფრასტრუქტურისა და აგრარური წარმოების სამმართველოს უფროსი ევგენია სეროვა ამბობს, რომ მცირე და მიკროსაწარმოების გადაიარაღება უფრო მარტივი იქნება, თუ შეიქმნება ასოციაციები და კოოპერატივები:  “არსებობს დამოუკიდებელი ბიზნეს–საკონსულტაციო პროგრამა, რომელსაც ევრობანკი ახორციელებს. მცირე წარმოებებს მოვუწოდებ, რომ ისარგებლონ ამ პროექტით”.             


ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ევროკავშირის ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვანია, თუმცა სურსათის უვნებლობის კრიტერუმების დაკმაყოფილება მტკივნეული პროცესია, რადგან ბიზნესებს ამ მიმართულებით სოლიდური ინვესტიციების განხორციოელება მოუწევთ:


“სანტე ჯიემთი პროდუქტების” გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე ამბობს, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლობით ბიზნესი სამომავლოდ კარგ შედეგებს მიიღებს:   

 

“თვითონ პროცესი, რასაც ახლა ქვეყანა გადის, არის საკმაოდ მტკივნეული იმ კერძო ბიზნესისთვის, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. ასეთი ღონიძიებები უწყობს ხელს იმას, რომ პროცესი იყოს კოორდინირებული და სწორი მიმართულებით მიმდინარეობდეს. ჩვენ უფრო მეტი საშუალება გვექნება აზრები გავუზიაროთ ერთმანეთს და ერთი მიმართულებით ვიმოძრაოთ. მით უფრო წარმატებული იქნება პროცესი და უფრო კარგ შედეგებს მიიღებს ქვეყანა, საბოლოო ჯამში. “სანტეს” ეს პროცესი დაწყებული აქვს. ის ბევრი რეგლამენტი, რაც მოთხოვნილი იქნება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაში, უკვე დაკმაყოფიელბული გვაქვს. მაგრამ, ზოგადად, ბაზარზე ბევრი კრიტიკული წერტილია. ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ყველას. კერძოდ იმას, რომ ბიზნესი და მომხმარებელი იყოს უფრო დაცული. საღი პროდუქცია მიიღოს მომხმარებელმა და ქვეყანას ჰქონდეს უკეთესი მომავალი.”

 

ერეკლე გამყრელიძის თქმით, საწარმოების გადასაიარაღებლად ხელმისაწვდომი ფულადი რესურსი არსებობს: “ფორუმზე არიან წარმოდგენილი ევროპის ბანკები, რომლებიც მზად არიან, რომ რესურსი გამოუყონ კერძო ბიზნესს. თუ ბიზნესმა აჩვენა, რომ პერსპექტიულია და სამომავლო ბაზარზე იქნება წარმატებული,  ხელმისაწვდომი თანხები არსებობს. მთავარია მონდომება და სწორი გეზი.  მოკლევადიან პერიოდში ეს პროცესი პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. მომავალში კი ყველა დარჩება მოგებული -მომხმარებელი, ბიზნესიც და სახელმწიფოც.”

 

კომპანია “უნი გრეინი” ადგილობრივ ბაზარზე სოიოს საწარმოს ფლობს. კომპანიის წარმომადგენელი ბესიკ ტოგონიძე ამბობს, რომ წარმოებაში ახალი ტექნოლოგიები უკვე დანერგა, თუმცა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება მაინც დასჭირდება:


“ვცდილობთ, რომ შიდა სტანდარტი დავიცვათ. ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები არიან საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მეფრინველეები და მეცხოველეობის სექტორი. რომელ კომპანიასაც აქვს iSO სტანდარტი, ვიდრე ნედლეულს იყიდიან, მოდიან ,ათვალირებენ, სად ვინახავთ ნედლეულს, როგორია საწარმოო პროცესი. ჩვენი წინსვლა ამ ნაწილში გამოიწვია სწორედ არსებულმა მოთხოვნებმა. თანაც ვიცით, რომ ხვალ კანონმდებლობა შეიცვლება. ახალი ტექნოლოგიებისთვის ინვესტიციაა საჭირო, ამაზე ფიქრს ვიწყებთ დღეს. ყველაზე მეტად ხელი გვეშლება იმაში, რომ ფოთში არ არის ლაბორატორია, რომ სოიოს ნედლეული შემოწმდეს. ვიყენებთ ჩვენს კონტაქტებს და ვამოწმებთ საქონელს თურქეთის ლაბორატორიაში.”


ევრობანკი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მეწარმეებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავენ. 

  

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი