2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 9 მლრდ 80 მლნ ლარია, ხოლო საგადასახადო შემოსავლების გეგმა – 7 მლრდ 230 მლნ ლარი. აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად მთავრობას თითქმის 2 მილიარდი ლარის მოცულობის ვალის აღება მოუწევს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მთავრობის გათვლები და იგრძნობს თუ არა მოსახლეობა ფინანსურ კეთილდღეობას?

 

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური რესურსი 9 მილიარდ 80 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 356,5 მილიონი ლარით, რაც, ერთი შეხედვით, კარგია, მაგრამ, ამავდროულად, გადასახადებიდან მისაღებ სახსრებში 100 მილიონი ლარით ნაკლებია 2013 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში, პირველი დეკემბრის მდგომარეობით, შემოსავლების შესრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება დაგეგმილს და წლის ბოლომდე გარღვევა დაახლოებით 700 მილიონ ლარამდე იქნება.

 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2014 წლის ბიუჯეტი სოციალური ვალდებულებებით არის დატვირთული. შემოსავლების ზრდას საფუძვლად უდევს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა და წლიური ინფლაციის 3,5%-იანი პარამეტრი. 2013 წელს ეკონომიკური ზრდა დაგეგმილი იყო 6%–ის ფარგლებში. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 1,9% შეადგინა. საშუალო წლიური ინფლაცია 4%–ის ოდენობით დაიგეგმა, თუმცა 11 თვის მონაცემებით ინფლაცია 0,8 პროცენტია. ამიტომ ეჭვქვეშ დგება მთავრობის მიერ განსაზღვრული 5%-იანი  ეკონომიკური ზრდის სიზუსტე. ვფიქრობ, რომ 2014 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მთავრობამ ისეთივე ოპტიმისტური მიდგომა გამოიყენა, როგორც ეს 2013 წელს მოხდა. ამიტომ, რამდენად იგრძნობს მოსახლეობა ფინანსურ კეთილდღეობას, რთული სათქმელია. ეკონომიკის 5%-იანი ზრდის პირობებში ფინანსური კეთილდღეობა ვერ დადგება.

 

როგორ ფიქრობთ, სად შეცდა მთავრობა და რა რეკომენდაციები გაქვთ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან?  

 

მთავრობამ ზუსტად უნდა  განსაზღვროს, რამდენად მიზანმიმართული იქნება მისი ეკონომიკური პოლიტიკა. პოლიტიკური დაძაბულობის ფონი უკვე მოხსნილია და ამიტომ კარგი იქნება, თუ ნაკლის წარმოჩენაზე იმუშავებენ და რეალობას დაუბრუნდებიან. 2014 წელს ლიბერალური პოლიტიკა უნდა იქნას შენარჩუნებული საგადასახადო განაკვეთების მიმართულებით.

 

კარგი იქნება, თუ გამოაცხადებდა სახელმწიფო იმ სექტორების პრიორიტეტს, სადაც აპირებს, რომ შექმნას ოპტიმალური საინვესტიციო გარემო. უნდა ცხადი გახდეს, რა სახის ინვესტიციების მოზიდვას აპირებს ამა თუ იმ სფეროებში და განისაზღვროს, როგორი იქნება კერძო სექტორის მონაწილეობა. ეს საკმაოდ  მნიშვნელოვანია ბიზნესაქტივობისთვის. უნდა შეიქმნას გარანტირებული გარემო იმისთვის, რომ დაიწყოს ბიზნესაქტივობა. სახელმწიფომ უარი უნდა თქვას საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე, რომელიც ძალიან ზოგად ხასიათს ატარებს.

ნინო ევგენიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება
ნინო ევგენიძე, ფოტო: რადიო თავისუფლება

 

ამაში რას გულისხმობთ?

 

მაგალითად, დაუბეგრავი მინიმუმის თემა. ვფიქრობ, რომ იმ პირობებში, როცა ქვეყნის ბიუჯეტს აკლია შემოსავლები, ერთგვარი გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათების არსებობა. კარგი იქნება, თუ ასეთი სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის უფრო მიზნობრივი იქნება. იმიტომ, რომ საყოველთაო ყველაფერი არ შეიძლება.

 

თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფომ უარი თქვას სოცილურ ბიუჯეტზე და არაპოპულარული ნაბიჯები გადადგას. ამით მთავრობის რეიტინგი დაეცემა და შედეგად უკმაყოფილო საზოგადოებას და უარყოფით მუხტს მიიღებს.

                  

ქვეყნის ბიუჯეტი, რადგან ის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია, უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკური ზრდის ამოცანას. იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდის ამოცანის გარეშე ქვეყანაში არსებული ვერც სოცილური ვალდებულებების გასტუმრება გახდება შესაძლებელი; ვერ მოხდება პენსიების ზრდა, სოციალური დახმარების ან ჯანდაცვის პაკეტების დახვეწა, თუ ეს ეკონომიკური ზრდით არ იქნება უზრუნველყოფილი. მთავრობა ვერ შეძლებს განუწყვეტლივ აფინანსოს სოციალური ვალდებულები, თუ ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, ეს უსასრულოდ ვერ გაგარძელდება. ბიზნესი ჯერ კიდევ არ აქტიურობს, არ ჩანს ის მაჩვენებლები, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დებდნენ ფულს. სანამ სახელმწიფო ბიუჯეტში არ შემოვა შემოსავლები, ვიდრე გადასახადებით არ იქნება შესაძლებელი სოციალური ვალდებულებების დაფარვა, მანამდე პასუხისმგებლიანი მთავრობა ასეთ ვალდებულებებს არ აიღებდა.

                   

ეკონომიკური გათვლებით, განგაშის ატეხვა მაშინ ხდება, როცა მთავრობის მიერ აღებული ვალი მშპ–ს 60%–ს უტოლდება. დღეს მთავრობა ბიუჯეტიდან ნასესხებ 200 მილიონ ლარს ბანკების დეპოზიტებზე განათავსებს და იაფ კრედიტს გასცემს ბიზნესისთვის. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება გაზრდის ბიზნესაქტივიობას?

                  

ზოგადად, ვალის აღება ცუდი არ არის და არც ტრაგიკული მოვლენაა, მაგრამ ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა მიემართებოეს ისეთ სექტორში, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და სტიმულირება შეუძლია. თუ ამ თანხების უმეტესი ნაწილი მიემართება სოციალური ვალდებულებების დასაფარად, მაშინ ეს არ არის გამართლებული. თუ ეს ფული წავიდოდა ენერგეტიკაში, ან ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ეს სექტორები უზრუნველყოფდნენ გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. მაგრამ დღეისათვის ასეთი სურათი არ გვაქვს.

200 მილიონი ლარი  ცოტაა საბანკო სექტორის სტიმულირებისათვის. არ არის ნათელი სურათი იმისა, თუ რის გაკეთებას აპირებენ. ეს იაფი სესხის სუბსიდირების პროგრამას ჰგავს. 200 მილიონი არ არის ის თანხა, რომ დიდი საინვესტიციო პროექტები განხორციელდეს. თუ მთავრობა ვარაუდობს, რომ ამ ფულს სოფლის მეურნეობაში კრედიტების სახით გასცემენ, აქ რისკები არის დასათვლელი. იგივე სოფლის მეურნეობის სექტორში მოსახლეობის 70%–ს მიწები არ აქვს დარეგისტრირებული. მრავალმხრივი რისკები არსებობს, სიტუაცია ბუნდოვანია. მთავრობამ პოპულიზმზე უარი უნდა თქვას და რეალური ნაბიჯები გადადგას.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *