“ნეტგაზეთს” “საქართველოს ბანკში” დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ სტამბოლში ბანკის ოფისს საქართველოს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური უხელმძღვანელებს.
ბიზნეს–სექტორში გადასვლამდე ნიკა გილაური საქართველოს მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ის “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის ძმაა.
ნიკა გილაური 2004 წლის 17 თებერვალს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად. 2007-2009 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2012 წლის 11 ივლისს გილაური “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ეს თანამდებობა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა.
2012 წლის დეკემბერში ნიკა გილაური სასამართლომ რიყის გასხვისების საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხა. მას იმ დროისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. რიყის გასხვისების საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.
“საქართველოს ბანკში” აცხადებენ, რომ სტამბოლში ბანკის ოფისის გახსნა განპირობებულია საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინვესტიციებისა და ვაჭრობის მნიშვნელოვანი მოცულობის არსებობით, წარმომადგენლობითი ოფისი ფოკუსირებული იქნება თურქეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან და ბიზნესწრეებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.
„თურქეთი საქართველოს ერთ–ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ტურისტების დიდი ნაკადი შემოდის. თურქეთთან ვაჭრობის მოცულობამ 2012 წელს დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, საქართველოში თურქული ინვესტიციების ოდენობა კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, რაც ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეჭვგარეშეა, რომ თურქეთი მომავალი წლების განმავლობაში დარჩება საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, საქართველოს ბანკის დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოვახდინოთ იმ ბიზნესშესაძლებლობების რეალიზაცია, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდი პარტნიორობიდან გამომდინარეობს,“ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.
სტამბოლის ოფისი საქართველოს ბანკის რიგით მეოთხე უცხოური წარმომადგენლობაა თელ ავივის, ლონდონისა და ბუდაპეშტის შემდეგ.