ეკონომიკა

საქართველომ შესაძლოა მილიარდიანი შემოსავალი დაკარგოს

17 დეკემბერი, 2013 •
საქართველომ შესაძლოა მილიარდიანი შემოსავალი დაკარგოს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფულადი გზავნილების (ჩარიცხვის) მოცულობამ 2013 წელს (1 იანვრიდან – 1 ნოემბრამდე პერიოდში) 1 მილიარდ 198 მილიონ 772 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 9% ფულადი გზავნილების მიმღებია.

 

კოტე სურგულაძე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, რომლის უწყებაც პასუხისმგებელია ემიგრანტთა დაბრუნებისთვის ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და შესაბამისი პირობების შექმნაზე, აცხადებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყნის შემოსავლებს შესაძლოა დააკლდეს ის თანხა, რასაც ემიგრანტები საკუთარ ოჯახის წევრებს უგზავნიან საქართველოში:

 

“თუკი დავკარგეთ თაობები, რომლებიც ემიგრაციაში არიან, მათ 10-15 წლის შემდეგ აღარავინ ეყოლებათ საქართველოში დარჩენილი და, შესაბამისად, აღარავინ გადმორიცხავს ამ ფულს აქ”.

 

კოტე სურგულაძის თქმით, დაახლოებით 1.5 მილიონი საქართველოს მოქალაქეა ემიგრაციაში:

 

“ძირითადად, ესენი შრომითი მიგრანტები არიან, რომლებიც ეკონომიკური პრობლემების გამო წავიდნენ ქვეყნიდან. არიან ისეთებიც, რომლებმაც პოლიტიკური პრობლემების გამო დატოვეს ქვეყანა. ასეთი ხალხის რემიგრაცია უკვე დაწყებულია, მაგრამ ჯერჯერობით არ ხდება შრომითი მიგრანტების დაბრუნება”.

 

საქართველოდან შრომითი მიგრანტები, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში არიან გადანაწილებულნი, როგორიცაა: რუსეთი, საბერძნეთი, იტალია, აშშ, თურქეთი, ესპანეთი. სწორედ ამ ქვეყნებიდან ირიცხება ყველაზე მსხვილი ფულადი გზავნილები საქართველოში. საბერძნეთს ამ სიაში მეორე ადგილი უკავია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წლის 1 იანვიდან 1 ნოემბრამდე პერიოდში ამ ქვეყნიდან საქართველოში ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 161 მლნ 558 ათას 500 აშშ დოლარი შეადგინა.

 

55 წლის მ.გ. უკვე 8 წელია, რაც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ცხოვრობს:  “სამი შვილი მყავს და ოთხი შვილიშვილი. ორი ისე დაიბადა, არ მინახავს.”

 

ემიგრაციაში ყოფნის დროს ქმარიც დაეღუპა: ”მეუღლე რომ დამეღუპა, თუკი ჩემი შვილები მეტყოდნენ, დედა, წამოდიო, მივდი­ოდი, მაგრამ შვილებმა მითხრეს, შენი ჩამოსვლით მამას აღარაფერი ეშველებაო, ისევ მანდ რომ ხარ, ჩვენი ოჯახისთვის ეს უფრო კარგიაო… ეს ფული, რასაც ვიღებ, ყველაფერი სახლში მიდის. დღეს რომ გავაგზავნი, შეიძლება ხვალაც გავაგზავნო. იქიდან როგორი მოთხოვნაც არის, ისე. იქიდან კი – დედა, ფული და დედა, ფულიო. ცოტა თუ შეგვიანდა, რა, გაიყი­ნა ხელფასებიო? არ ჯერათ, რომ იმდენი აღარ მაქვს. ახლა უკვე აღარ არის იმდენი ანაზღაურება. თვეში 900 ევრო გამომდის სულ.”

 

ამბობს, რომ ყველაზე მეტად საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს: “მე რად მიღირდა, რომ ჩემი შვილები, შვილიშვილები ჩემ თვალწინ იზრდებოდნენ, ჩემ თვალწინ ხდებოდეს ის, რასაც ცხოვრება ჰქვია. ოჯახი მომენატრა.”

 

უკან დაბრუნებას ვერ ახერხებს: არც საბუთები აქვს და არც დანაზოგი. ოჯახში კი არავინ მუშაობს, იცის, რომ დაბრუნების შემთხვევაში, დასაქმებას ვერც ის მოახერხებს.

 

მარინა (სახელი შეცვლილია) 43 წლისაა. 1995 წელს წავიდა საბერძნეთში სამუშაოდ, შინ კი ორი მცირეწლოვანი შვილი დატოვა. 2006 წელს უკან დაბრუნდა, თავის სახლში, კახეთის ერთ-ერთ სოფელში:

 

“ჩვენი სოფლიდან ერთადერთი ქალი ვარ, რომელიც თავისით დაბრუნდა საქართ­ველოში. სხვა არ მახსოვს, ეგეთი რამე რომ ვთქვა. დავბრუნდი ძალიან მოზღვავებუ­ლი ემოციებით. როგორც გავიგე ტელევიზორიდან, ინფორმაცია როგორც მქონდა, რომ ცხოვრება აეწყო, პირობები გაუმჯობესდა და მეც იმის იმედით, რომ რაღაცა შეიცვალა, საქართველოში ჩამოვედი და ბოლოს აღმოვჩნდი პირისპირ ისევ იმ მდგომარეობასთან, ფაქტობრივად, უმუშევრობასთან. არ შეგიძლია ადამიანს, რომ რაღაცით დასაქმდე, გქონ­დეს სამუშაო. ჰოდა, ვაპირებ ისევ წასვლას”.

 

ეს და სხვა ზეპირი ისტორიები, რომელიც საქართველოდან საბერძნეთში ემიგრირებულ და უკან დაბრუნებულ მიგრანტებთან ჩაიწერა, დაედო საფუძვლად ”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” მიერ მომზადებულ დოკუმენტს – “დეკლარირებული და პასიური პოლიტიკიდან ემიგრანტთა დაბრუნების ეტაპობრივ პოლიტიკამდე”.

 

დოკუმენტის მიზანია ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკის შეთავაზება დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშესაწყობად.

 

“ამჯერად ჩვენ ძირითადად გვაინტერესებდა პროცესების სოციალური კომპონენტი და ის, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა ხელი შეუწყოს ხალხის საკუთარ სახლში დაბრუნებას, რადგან წინა კვლევაში ნათლად დავინახეთ, რომ ყველას უნდა შინ დაბრუნება, მაგრამ ვერავინ ხედავს დასაბრუნებელ გზას”, – ამბობს ნანა ნაზაროვა, ”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების” (PHDS) ხელმძღვანელი.

 

მისი თქმით, რეინტეგრაციის პერსპექტივის შეფასება მიგრანტების მხრიდან, პირველ რიგში, უკავშირდება შრომითი მოწყობის შესაძლებლობებს სახლში დაბრუნების შემდეგ.

 

შეღავათიანი ბიზნესკრედიტები მიგრანტებისთვის, საკონსულტაციოა ჯგუფის შექმნა ბიზნესწინადადებების შესამუშავებლად, ინვესტიციების ორიენტირების ცვლილება ფილანთროპიიდან – ბიზნესის განვითარებისკენ, წახალისების სისტემის დანერგვა მათთვის, ვინც ხელს შეუწყობს მიგრანტთა დასაქმებას და მათი დანაზოგის პარტნიორულ გამოყენებას – ეს იმ რეკომენდაციების არასრული ჩამონათვალია, რასაც PHDS-ის ექსპერტები მთავრობას აწვდიან.

 

მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ორწლიან ვადაზეა გაწერილი საქმიანობები, რომლებიც აუცილებელია, რომ შესრულდეს ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე. ამ საქმიანობების ერთ-ერთი კომპონენტია დაბრუნებული ბიზნესმენების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა მათი (რემიგრანტების) კაპიტალის გაერთიანების მიზნით.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამ დროისთვის უკვე ამუშავებს ე.წ. დიასპორის ფონდების შექმნის იდეას, რომელშიც შესაძლოა ფულადი შენატანები ემიგრანტებმა განახორციელონ, რათა შემდეგ აღნიშნული ფონდის სახსრებით მოხდეს სხვადასხვა ბიზნეს-პროექტის დაფინანსება საქართველოში, რომელშიც რემიგრანტები ჩაერთვებიან.

 

“მთავარი არის, რომ ჩვენ მივცეთ ადამიანებს საშუალება, რომ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. არა მარტო მოვუწოდოთ, რომ დაბრუნდნენ, არამედ მათ მივცეთ საშუალება, რომ დაიწყონ საქმიანობა, როდესაც დაბრუნდებიან, რომ ღირსეულად შეძლონ თავიანთი ოჯახების რჩენა. ამისთვის ვფიქრობთ ჩვენ ასეთი ფონდების შექმნას”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში.

 

2013 წლის 15 მარტს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს მიგრაციული სტრატეგია 2013-15 წლებისთვის.

 

“საქართველოს მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა ღირსეულ რეინტეგრაციას… გაგრძელდება ღონისძიებები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდოს ინფორმაცია სარეინტეგრაციო პროგრამების შესახებ”, – ნათქვამია საქართველოს მიგრაციულ სტრატეგიაში.

 

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციაზე უმთავრესად პასუხისმგებელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. აღნიშნულ სამინისტროსთან ერთად, 2011 წლიდან დღემდე ევროკავშირის მიერ ხორციელდება პროექტი “მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის”, რომელიც გულისხმობს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერას.

 

კონსტანტინე რაზმაძე, განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი, ამბობს, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მისი განხორციელების დაწყებიდან დღემდე 2000-მდე ადამიანმა ისარგებლა სხვადასხვა სერვისით. მისივე თქმით, ყველაზე უფრო პოპულარული პროექტის ფარგლებში მოქმედი სერვისებიდან ე.წ. Business Start Up-ების კომპონენტი აღმოჩნდა:

 

“ეს კომპონენტი ითვალისწინებდა დამწყები ბიზნესისთვის მცირე დახმარებას – ჯერ გადამზადება და შემდეგ ბიზნეს-გეგმის შემუშავება, და კონკრეტული აქტოვობებისთვის 2000 ევროთი დაფინანსება. 60-ზე მეტი ბიზნეს-გეგმა იყო განხილული და ძირითადად ეხებოდა სოფლის მეურნეობას – მეცხოველეობის, მეფრინველეობის განვითარებას”.

 

მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების განმარტებით, ამ დრომდე ამ მიმართულებით ქვეყანაში მთელი იმედები დამყარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორთა დახმარებაზე და უკვე დროა, სახელმწიფომ აიღოს საკუთარ თავზე ამ პრობლემის მოგვარება.

 

“ფონდების შექმნის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამას მიეცეს უფრო გლობალური სახე. მაგალითად, არის ვინმე სერიოზული ბიზნესმენი, რომელსაც შეუძლია თავისი კაპიტალი ჩადოს, რომ ევროპიდან დაბრუნებული ადამიანის იდეას დახმარება გაუწიოს. სულ ვერ ვიქნებით საერთაშორისო ორგანიზაციებზე დამოკიდებული”, – ამბობს კოტე რაზმაძე, განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციაა ისიც, რომ განხორციელდეს ბიზნეს-საგანმანათლებლო პროგრამები ემიგრანტების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ფულადი გზავნილების მიმღებები არიან.

 

“ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნა წაახალისებს ფულადი გზავნილების გამოყენებას ბიზნესში ინვესტირებისთვის, ვიდრე უბრალოდ საოჯახო მოხმარებისათვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ უსაფრთხოებას ყველა დონეზე გააძლიერებს”, – ნათქვამია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) კვლევაში – “საერთაშორისო ფულადი გზავნილების როლი საქართველოს ეკონომიკაში”.

 

ამავე კვლევის მიხედვით, რამდენიმე ქვეყანამ ე.წ. დიასპორის ობლიგაციები გამოუშვა, რომელიც შემდეგნაირად მუშაობს: მთავრობა გამოსცემს სხვადასხვა დენომინაციის ობლიგაციებს (მცირე თანხიდან, მაგალითად, 100 აშშ დოლარიდან დაწყებული) და სთავაზობს მათ ემიგრანტებს, რომლებიც უფრო განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ. ამ ობლიგაციებმა ემიგრანტებს მეტი მოგება უნდა მოუტანოს, ვიდრე იმ დეპოზიტებმა, რომლებიც მათ იმ ქვეყნების ბანკებში აქვთ განთავსებული, სადაც ცხოვრობენ. ამ ობლიგაციების გაყიდვით შემოსული თანხა განვითარებად ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური ან ეკონომიკური ასპექტების დასაფინანსებლად გამოიყენება, რათა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტები ამაღლდეს.

 

“ასეთი პროგრამები საკმაოდ წარმატებით ხორციელდება ბევრ ქვეყანაში (ისრაელსა და ინდოეთში), რადგან ამ ქვეყნების მიგრანტები ხშირად პატრიოტები არიან და მოსწონთ ის აზრი, რომ მათი დანაზოგები სამშობლოს გაუმჯობესებას ხმარდება”, – ნათქვამია EPRC-ის კვლევაში.

 

“პირობების შექმნა მიგრანტებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება – ეს უნდა იყოს მთავრობის პოლიტიკის პირველი რიგის ამოცანა”, – აცხადებს ნანა ნაზაროვა, – “ამიტომ ჩვენ მთავრობას ვთავაზობთ ეტაპობრივ პოლიტიკას რემიგრანტთა მდგრადი დაბრუნების უზრუნველსაყოფად: რეინტეგრაციისთვის პირობების შექმნა (პირველი ეტაპი), მიღება და რეინტეგრაცია (მეორე ეტაპი)”.

 

სოციოლოგი გურამ სვანიძე, რომელიც PHDS-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორია, აცხადებს, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია სტატისტიკური ბაზის შექმნა:

 

“უნდა ვიცოდეთ, ვისთან ვმუშაობთ, ხალხის რა კატეგორია აპირებს დაბრუნებას”.

 

საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არა აქვს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი ადამიანია საქართველოდან ემიგრირებული. რაც შეეხება დაბრუნებულთა სტატისტიკას, 2011 წლის მარტის შემდეგ, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, შსს აწარმოებს ამ მიმართულებით მოქალაქეთა აღნუსხვას. შსს-ს მონაცემებით რეადმისიის ფარგლებში, 2013 წლის პირველ ნახევარში, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 108 მოქალაქე. ამას გარდა, შსს-ს მონაცემებით, 2013 წლის პირველ ნახევარში საზღვარგარეთიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 2935 მოქალაქე, რაც გასული წლის მონაცემებს 1200-ით აღემატება.

 

“ნებისმიერი დაბრუნებული, რეადმისიით უფრო მეტად, ყოველთვის ცდილობს უკან წასვლას, რისი ერთადერთი მიზეზი არის საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობა”, – ამბობს განსახლებისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი კოტე რაზმაძე.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, რემიგრანტების რეინტეგრაციაში სხვადასხვა უწყება უნდა მონაწილეობდეს სხვადასხვა სერვისით. კოტე სურგულაძე ისრაელის მაგალითზე საუბრობს, სადაც უკან დაბრუნებულ მიგრანტს სახელმწიფო ერთი წლის მანძილზე უხდის პენსიას, ბინის ქირას, აძლევს ჯანდაცვის დაზღვევის პაკეტს, ახდენს მის პროფესიულ გადამზადებას იმ სფეროში, რაზეც დასაქმების ბაზარზეა მოთხოვნა და ა.შ.

 

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია, რომელშიც ჩართულია საქართველოს სხვადასხვა სამინისტრო, 2010 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.

 

“ადამიანის ჰარმონიული განვითარების მხარდამჭერი საზოგადოების” მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ემიგრანტთა რეინტეგრაციის კუთხით აქამდე იწარმოებოდა დეკლარაციული (როდესაც 2004 წლს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტის მ. სააკაშვილმა სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდება ემიგრანტებს) და პასიური პოლიტიკა:    

“პასიური პოლიტიკაა, როდესაც რეადმისიისთვის პირობების შესაქმნელად დროის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფომ ფაქტობრივად არაფერი იღონა ამ მიმართულებით, ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული სამოქმედო გეგმა, არ არის ნათლად გამოხატული კოორდინაცია იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც რეადმისიის ან მთლიანად მიგრაციის საკითხებს განაგებენ და მთელი იმედები დამყარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორც დონორთა დახმარებაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი