ეკონომიკა

გარღვევა საბიუჯეტო შემოსავლებში – რა გზას აირჩევს მთავრობა

12 ნოემბერი, 2013 • • 1719
გარღვევა საბიუჯეტო შემოსავლებში – რა გზას აირჩევს მთავრობა

ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში მოსალოდნელ გარღვევაზე ეკონომიკის მინისტრის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და საფინანსო  საბიუჯეტო კომიტეტების თავმჯდომარეები, ზურაბ ტყემალაძე და დავით ონოფრიშვილი საუბრობენ.

 

„ეკონომიკის ზრდის ტემპი დაგეგმილი 6 პროცენტის ნაცვლად ჯერჯერობით 2 პროცენტს უახლოვდება და წლის ბოლომდე 2,5 პროცენტზე შეიძლება ავიდეს. ეს შემოსავლების ნაწილზე გავლენას მოახდენს და მცირედი გარღვევა დაფიქსირდება, მაგრამ ეს არ იმოქმედებს ხარჯვით ნაწილზე. 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შესრულდება და დაგეგმილია ყველა ხარჯის გაიწევა,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” ტყემალაძემ.

 

რამდენი დააკლდება 2013 წლის ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში, უმრავლესობის დეპუტატი პროგნოზს ვერ აკეთებს:

 

„ეს იქნება მცირედი ნაწილი. ბიუჯეტში მთავარი არის ხარჯვითი ნაწილი, რომელიც დანაკლისის შემთხვევაში სარეზერვო ფონდებოდან დაფინანსდება. 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას პარლამენტი 2014 წლის დასაწყისში შეაჯამებს.“

 

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ამბობს, რომ   2013 წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში ვერ შესრულდება:  


“როცა 6-ის ნაცვლად 2013 წელს იქნება 2.5%-დან 3%-მდე ზრდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის აქტივობა დაბალია და დღგ იმდენი ვერ ამოვა, რაც არის დაგეგმილი და იქნება შემცირებული. 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი ვერ შესრულდება, ეს უკვე ცხადია, თუმცა რამდენი იქნება რიცხობრივი დანაკლისი, ამის ზუსტი თქმა წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.”

 

საქართველოს ხაზინის 9 თვის მონაცემებით, 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში 4 503 473 400 ლარის ნაცვლად 4 385 311 900 ლარის მობილიზება მოხერხდა. ამ მიმართულებით ბიუჯეტს 118 161 500 ლარი უკვე  დააკლდა.

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ 2013 წლის ბიუჯეტში შემოსავლების ნაწილში დანაკლისის დათვლა მარტივია:

 

„ფინანასთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არის მონაცემები – საგადასახადო შემოსავლებს ყოველწლიურად რამდენს იღებენ. 2013 წლის ბიუჯეტს 600 მილიონით მეტი შემოსავალი უნდა მიეღო წელს, ვიდრე – შარშან, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის საგადასახადო შემოსავლებთან მიმართებაში დაახლობით 45 მილიონით მეტი უნდა შემოდიოდეს ყოველთვიურად. თუ შევადარებთ  ამ მონაცენებს, წლევანდელი საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებლები ჩამორჩება 2012 წლის შემოსავლებს. ჩვენი გათვლებით ზუსტი ციფრის თქმა რთულია. ჩვენი ვარაუდით, ეს დანაკლისი არ იქნება 500 მილიონ ლარზე ნაკლები და შესაძლოა 1 მილიარდ ლარამდეც ავიდეს.“

 

2013 წლის სექტემბერში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლებიდან 664 100 000 ლარი შევიდა, ხარჯებმა 561 200 000 ლარი შედგინა. 2012 წლის სექტემბერში გადასახადებიდან მობილიზებული იყო 676 400 000 ლარი, ხოლო ხარჯებმა 569 400 000 ლარი შეადგინა. 2013 წლის აგვისტოში გადასახადებიდან შემოსავალმა 527 400 000 ლარი შეადგინა, ხარჯებმა – 492 200 000 ლარი, 2012 წელს საგადასახადო შემოსავლების სახით 659 400 000 ლარის მობილიზება მოხერხდა, ხოლო ხარჯებმა 565 300 000 ლარი შეადგინა.

 

“ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის პროგნოზით, 2013 წლის ბიუჯეტს გეგმასთან შედარებით წლის ბოლოს 700–800 მილიონი ლარი დააკლდება:

 

„იმ ტენდენციით, რითაც ასრულებდნენ ბიუჯეტს, წლის ბოლო კვარტალში დააკლდებათ 1 მილიარდი. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, შემოსავლების ნაწილში შესრულება 66  პროცენტს შეადგენს, აკლიათ 34 პროცენტი. ეს დაახლოებით 1 მილიარდი ლარია. რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, აქ შესრულება არის 70 პროცენტი. აკლიათ 30 პროცენტამდე. ბოლო თვეები აქტიურია და ხარჯების ნაწილში 500 ათასი ლარი დააკლდებათ. ჩემი პროგნოზით, ჯამში, დანაკლისი 700–800  მილიონი ლარი იქნება. ფული ყველა პროგრამას მოაკლდება. მთავრობა მხოლოდ  სოციალურ ვალდებულებებს არ შეკვეცავს.“


“ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მთავრობას მოუწოდებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის გასაჯანსაღებლად სეკვესტრის გზა აირჩიოს:   


“სტატისტიკური ინფორმაციით, ამ დროისათვის ბიუჯეტს დაახლოებით 300 მილიონი ლარი აკლდება. საკითხი ასე დგას: მთავრობამ ან უარი თქვას იმ ვალდებულებებზე, რომელიც აიღო, ან დამატებითი რესურსები იქნას მოძიებული. ერთი გამოსავალი არის სესხი და მეორე- ინფლაცია. დიდი ხანია საქართველოში არ ყოფილა ინფლაციური ტენდენციები. მყარი იყო გაცვლითი კურსი და საზოგადოებაში იყო გარანტიის შეგრძნება, დაცულობა. თუ დავაკვირდებით, ლარში დეპოზიტები გაიზარდა და დამოკიდებულება ეროვნული ვალუტის მიმართ შეიცვალა. თუ ლარს საფრთხე შეექმნება, ეს დაგვაბრუნებს ღრმა წარსულში 90–იან წლებში. კატეგორიულად მიუღებელი იქნება, თუკი ბიუჯეტის დანაკლისის შევსება მოხდება ინფლაციის გზით. კერძოდ, ახალი ფულის დაბეჭვდის გზით, ეროვნული ბანკის მიერ მთავრობის დავალებით. იმედი მაქვს, რომ მთავრობა სეკვესტრის გზას აირჩევს.”  

 

ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური. ფინანსთა სამინიტროში ვერ აკონკრეტებენ, რამდენი დააკლდება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს.

 

ხადურმა 7 ნოემბერს მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ვალს აიღებს:


“საქართველო იღებს ვალებს, მაგრამ იღებს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს არ არის ვალი ვალისთვის, ეს არის ვალი, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს ინფრასტრუქტურას და მომავალში ხელს შეუწყობს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას”.


11 ნოემბერს კი ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2013 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი ბუნებაშიც არ არსებობს და ბიუჯეტიდან ყველა ხარჯი დაფინანსდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი