ეკონომიკა

“ლიბერთი ბანკის” ყოფილი მფლობელის ოჯახი ივანიშვილს დახმარებას სთხოვს

22 ოქტომბერი, 2013 • • 1467
“ლიბერთი ბანკის” ყოფილი მფლობელის ოჯახი ივანიშვილს დახმარებას სთხოვს

როგორც ჯინჭარაძეების ოჯახის წარმომადგენელმა დავით ერისთავმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბანკის გასხვისება “უნიღბო ყაჩაღობა” იყო და თუ ახალი ხელისუფლება გამოძიებას არ დაასრულებს, ამ საქმეში მათ დაინტერესებასთან დაკავშრებით სერიოზული ეჭვები გაჩნდება.

დავით ერისთავმა დღევანდელ ბრიფინგზე ბანკის გასხვისების სქემის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ”სახალხო ბანკის” წინააღმდეგ უკანონო ქმედებები 2008 წელს დაიწყო, როდესაც ოჯახს ბანკის გაყიდვა მოსთხოვეს:

დავით ერისთავი, ჯინჭარაძეების ოჯახის წარმომადგენელი
დავით ერისთავი, ჯინჭარაძეების ოჯახის წარმომადგენელი

“ვინაიდან ოჯახი ბანკის გაყიდვის წინააღმდეგი იყო, მათი მისამართით მუქარა დაიწყო, ემუქრებოდნენ, რომ ნარკოტიკებს ჩაუდებდნენ და იყო მუქარა სიცოცხლის განადგურებაზეც. ამ ქმედებებში ჩართული იყო ეროვნული ბანკი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსური პოლიცია და როგორც მოგვიანებით გავიგეთ, გიორგი გოგუაძეც, რომელიც ჯინჭარაძესთან ერთად ქონების წილს ფლობდა”, – აცხადებს ერისთავი.

მისივე თქმით, მუქარის შედეგად ბანკი, რომელიც იმ დროისთვის სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების გათვლებით 318 მილიონის ქონებას ფლობდა, 1 წლის შექმნილ კომპანია “ევრო ოილზე” გადაფორმდა:

“ევრო ოილის” უკან სინამდვილეში იდგა კომპანია “ნიუ ენერჯი”, რომლის ერთ–ერთი მფლობელიც ცეზარ ჩოჩელი იყო. ამ კომპანიამ ბანკი მიზერულ თანხად- 15 მილიონად იყიდა, მაშინ, როდესაც მხოლოდ ბანკის სათაო ოფისის ღირებულება 35 მილიონს აღწევდა”, – აცხადებს ერისთავი.

ერისთავის თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში ოჯახს ამ ფაქტის გახმაურების ეშინოდა, ხოლო ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე მათ პროკურატურას მიმართეს და გამოძიება დაიწყო:

“6 თვის განმავლობაში გამოძიება ძალიან კარგად მიდიოდა, დაიკითხნენ მოწმეები და პრაქტიკულად იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ისინი ფლობენ, გამოძიება დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ბოლო პერიოდში ეს საქმე თაროზე შემოიდო. ცოტა ხნის წინ კი ჩვენ გავიგეთ, რომ “ლიბერთი ბანკი” შესაძლოა დაჩქარებული წესით “ვი თი ბი ბანკმა” იყიდოს, ეს აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ ახალი ხელისუფლებიდან ვიღაც შესაძლოა ამ საქმით იყოს დაინტერესებული”.

ოჯახი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამ საქმით დაინტერესებას სთხოვს:

“ჩვენ არ ვითხოვთ, რომ რაიმე მითითება ან ჩარევა იყოს პრემიერის მხრიდან. უბრალოდ, თხოვნა იქნება, პირადად დაინტერესდეს ივანიშვილი იმით, თუ რატომ დევს საქმე უმოქმედოდ”, – აცხადებს ოჯახის ადვოკატი.

მისივე თქმით, ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს “ლიბერთი ბანკის” მმართველს, ლადო გურგენიძეს, რომელიც იმ პერიოდში, როცა ბანკზე პირველი ზეწოლა განხორციელდა, პრემიერ–მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ჯინჭარაძეების ოჯახის განცხადებას დღეს “ლიბერთი ბანკის” დირექტორი სანდრო რთველაძე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ლადო გურგენიძე ამ დროისთვის ამერიკაში იმყოფება, ხოლო თავად ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს:

“ამ თემასთან დაკავშირებით ბანკმა ამომწურავი განცხადება გასულ წელს გააკეთა და, შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა სანდრო რთველაძემ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში “ლიბერთი ბანკის” გაყიდვა არ იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი