მანქანების საწვავისა და ავტოპარკის ტექნიკური მომსახურებისთვის, რითაც აჭარის ხელისუფლების წევრები სარგებლობენ, წელს ბიუჯეტიდან 1 358 000 ლარი გამოიყო. ბათუმის მასშტაბით კი ეს თანხა 520 ათასი ლარია.
დავით ბაციკაძე უმაღლესი საბჭოს წევრი და თავმჯდომარის მოადგილეა. იგი სამსახურებრივი ავტომანქანით – SCA 002-ით გადაადგილდება. მისი ავტომობილის ფოტო, რომელზეც საჭესთან მყოფი ქალია გადაღებული, ერთი კვირის წინ სოციალურ ქსელში განსჯის საგანი გახდა.
დავით ბაციკაძე “ბათუმელებთან” ადასტურებს, რომ ზოგჯერ სამსახურის ავტომანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენებაც უხდება:
“ხომ არ მოვიტყუებ, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ოჯახის წევრებს გამოუყენებიათ სამსახურის ავტომანქანა, მაგრამ საჭესთან არასდროს დამჯდარა ჩემი მეუღლე, მართვა არ იცის. ეს ის შემთხვევებია, როცა სახლიდან ერთად გამოვდივართ და ბავშვები მიმყავს სკოლაში. ისეთი შემთხვევაც ყოფილა, როცა მძღოლი გამიშვია და მომსახურებია მათ”.
დავით ბაციკაძე ამბობს, რომ სამსახურის ავტომანქანით ქალაქგარეთაც არაერთხელ გასულა:
“ქალაქგარეთ როცა გავედი, ჩემი ჯიბიდან ჩავასხი ბენზინი, ტალონებიც მაქვს ამის გადასამოწმებლად. გადაცდომები მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ამას არ უნდა ჰქონდეს მასიური სახე – ყველა შემთხვევა გამოუვალი მდგომარეობაა”.
სამსახურებრივი ავტომანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენების შემთხვევებს ადასტურებს სულხან ღლონტიც, რომელიც ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეა.
“არ დავიწყებ თვალთმაქცობას და ვიტყვი, რომ ყოფილა შემთხვევები, ძირითადად შვილთან დაკავშირებით ხდება ეს. არასამსახურებრივ საქმეზე ვყოფილვარ, როცა ბავშვი წამიყვანია ბაკურიანში და ჩამომიყვანია. როცა რაღაც სჭირდება ბავშვს და მე შედარებით თავისუფალი ვარ, ამ შემთხვევაში ვიყენებ მანქანას”, – ამბობს სულხან ღლონტი.
სულხან ღლონტის მეუღლე და შვილი თბილისში ცხოვრობენ, თუმცა დეპუტატი ამბობს, რომ დასვენების დღეებში ოჯახის მოსანახულებლად თვითმფრინავით სარგებლობს, თბილისში კი ოჯახის ავტომანქანით გადაადგილდება.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი სამსახურის ავტომანქანის პირად საქმეებზე გამოყენების მიზეზად დროის დაზოგვას ასახელებს.
“არის შემთხვევა, როცა სამსახურის საქმიდან მიწევს პირად საქმეზე წასვლა. ასეთ დროს უნდა წავიდე ციხისძირში, ჩემს სახლში და გადავჯდე პირად მანქანაზე, რაც დროს მოითხოვს. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, შეიძლება მეუღლეს გავუგზავნო მანქანა, თუ მიდის, ვთქვათ, სამძიმარზე. ხანდახან გამომიყენებია სხვა საოჯახო საქმეებზეც. თუმცა, საწვავის ლიმიტს თუ გადავაჭარბებ, ჩემი ხელფასიდან ვანაზღაურებ”.
ამ თვალსაზრისით თავის სისუსტეს აღიარებს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მასალკინიც:
“კი, ვაღიარებ, რომ მეც მქონია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებს უსარგებლიათ სამსახურის ავტომანქანით. თუმცა ბოლო დროს მკაცრად ვეპყრობით ამ საკითხს. არის მითითებები და ვიცით, რომ პრესაც სადარაჯოზეა. ქართული რეალობიდან გამომდინარე ამ საკითხს ვერც გააკონტროლებ. დღეს მქონდა განათლების სამინისტროში საქმე და თან გავიყოლე ჩემი ქალიშვილებიც, რომლებსაც ასევე ჰქონდათ იქ საქმე. ორი ჩემი მეგობარი მიმყავს, ასევე, სამსახურში დილით, რადგან იქვე მუშაობენ. არის ასეთი გადაცდომებიც”.
“გადაცდომებს” აღიარებს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი დეპუტატი ალექსანდრე ჩიტიშვილი – “ხან ტირილია, ხან რაღაცაა. რა თქმა უნდა, მანქანა გამომიყენებია. მეუღლეც წამიყვანია საავადმყოფოში. მაქვს ასეთი გადაცდომები. შუამთობაზეც ვიყავი მანქანით და კვირას მაჭახელობაზე მივდივარ. ახლა ეს სახელმწიფო საქმე შეიძლება არ არის, მაგრამ დეპუტატი ვარ და ვალდებული ვარ ხალხთან მივიდე. თბილისშიც წავსულვარ ამ მანქანით. არ მაქვს უფლება?”
ირაკლი ბარამიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი :ნაციონალური მოძრაობიდან”, ამბობს, რომ სახელმწიფო მანქანით აქამდე არ უსარგებლია:
“ფრაქცია აპრილში შეიქმნა, მაგრამ მანქანა ოთხი დღეა, რაც მომცეს. ჯერ სოფელშიც კი არ ვარ ამ მანქანით ნამყოფი”.
სახელმწიფო მანქანით სარგებლობს უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი წევრი “ნაცმოძრაობიდან” რობერტ ჩხაიძე:
“მე ისეთი ავტომანქანა მომცეს, პირად საქმეზე კი არა, სამსახურის საქმეზეც ვერ დავდივარ. ჩემი ასაკის მერსედესია. არ არის მწყობრში და დიდი თხოვნის მიუხედავად, უმაღლესი საბჭო გარემონტებაზე უარს მეუბნება. საღამოს საათებშიც ვერ დავდივარ, რადგან ფარებიც არ მუშაობს”.

რობერტ ჩხაიძე ამბობს, რომ მომავალი წლის “ბათუმობაზე” ეს მანქანა, როგორც “ანტიკვარი”, ბათუმის მერიას უნდა შესთავაზოს.
დეპუტატი კაკო ძნელაძე ამბობს, რომ ქალაქში ფეხით დადის, სამსახურის ავტომანქანით კი მხოლოდ იმ შემთხვევაში სარგებლობს, თუ სამსახურიდან გვიან ბრუნდება:
“ან იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი სტუმარი მყავს და მისი წაყვანა მიწევს თეატრში ან სადმე. დანარჩენ დროს პირადი ავტომობილით ვმოძრაობ”.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ახსენდება, ბავშვის სკოლიდან გამოყვანაა:
“ადრე იყო შემთხვევები, როცა თანამდებობის პირების ცოლები და მეგობრები მართავდნენ სახელმწიფო მანქანებს. სხვათა შორის, ახლაც ვხედავ იმავე ფაქტებს – საკრებულოშიც იყო ერთი-ორი შემთხვევა, ამიტომ გამოვეცი განკარგულება, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს”.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ სახელმწიფო მანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენების მავნე პრაქტიკა წინა ხელისუფლებიდან მოდის და დღესაც გრძელდება:
“განკარგულების გამოცემაც მომიხდა, რომ აღარ განმეორებულიყო მსგავსი შემთხვევები”, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.
რაც შეეხება ბათუმის მერს, ჯემალ ანანიძეს, მისი აზრით, ქალაქის ფარგლებში საჯარო მოხელეების ზუსტი გადაადგილების გაკონტროლება შეუძლებელია, “თუმცა, შაბათ-კვირას შეგვიძლია გადავამოწმოთ, არის თუ არა სამსახურის მანქანა სადგომზე”.
მერი ამბობს, რომ სახელმწიფო ავტომანქანას პირადი მიზნებისთვის არ იყენებს:
“ადრე სხვის გამო არაერთხელ შემექმნა დისკომფორტი. შენიშვნას სხვას ვაძლევ და მეც მაქსიმალურად ვიცავ ამ პრინციპს. ოჯახის წევრებთან ერთად, ძირითადად, დილით გამოვდივარ ხოლმე და მაშინ მომყავს სამსახურის მანქანით”.
რაც შეეხება აჭარის ხელისუფლების აღმასრულებელ ორგანოებს – მინისტრები სამსახურის ავტომანქანით თავიანთი ოჯახის წევრების სარგებლობას გამორიცხავენ.
“ისეთი შემთხვევები მახსოვს, კიოსკთან გამიჩერებია და ოჯახისთვის ბოსტნეული და პური მიყიდია. ეგ ითვლება გამოყენებად? მე ჩემი პირადი მანქანაც მყავს და ვცდილობ შაბათ-კვირას იმით ვიარო, “აკუმულიატორი” რომ არ გაუფუჭდეს. ჩემს მეუღლეს ჩემი მანქანა არ ემსახურება და ამის იმედი არც უნდა ჰქონდეს”, – ამბობს აჭარის განათლების მინისტრი გია თავამაიშვილი.
ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე კი ამბობს, რომ მეუღლე მხოლოდ ავტობუსის გაჩერებამდე მიჰყავს:
“ის ავტობუსით სარგებლობს ხოლმე. ოჯახის სხვა წევრები ბათუმში არ ცხოვრობენ”.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე ამბობს, რომ მას და მისი ოჯახის ყველა წევრს საკუთარი ავტომობილი აქვს:
“სად მაქვს პირადი ცხოვრება, ლამისაა გამომაგდონ სახლიდან. მანდარინის სეზონი მოდის და სახლში პირველ საათზე მივდივარ”.
ზაურ ფუტკარაძის თქმით, მინისტრის ავტომანქანით მხოლოდ სამინისტროს თანამშრომლები სარგებლობენ:
“მანქანები არ გვყოფნის და ზოგჯერ სოფლებში პავილიონების დასათვალიერებლად ვაგზავნი”.
პირად საქმეებზე სახელმწიფო ავტომანქანის გამოყენებას არ ადასტურებს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი, ვახტანგ წულაძე:
“სახელმწიფოს გადამკიდე, სამწუხაროდ, პირადი აღარაფერი დამრჩა. მეუღლეს ჰყავს მანქანა და ოჯახის საქმეებს ის აგვარებს. ჩემი მოვალეობა ერთია, ხელფასის აღება და სახლში მიტანა. ჩემი ნათესაობაც მეუღლის მანქანით მოძრაობს”.
სახელმწიფო ავტომანქანების გამოყენების შემთხვევებს არ ადასტურებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ასევე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი ირაკლი ჭეიშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუგზარ კეკელიძე.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გია ქარცივაძის განმარტებით, “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის” მიხედვით, საჯარო მოხელის მხრიდან სახელმწიფო ავტომანქანის პირადი მიზნებისთვის გამოყენება საჯარო მოხელეს ეთიკური ნორმების დარღვევად ეთვლება:
“ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ავტომანქანის სარგებლობა რეგულარულ სახეს იღებს, კანონი საჯარო მოხელის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითვალისწინებს”.







