ეკონომიკა

ზღვაზე გართობის ფასი

31 ივლისი, 2013 • 5951
ზღვაზე გართობის ფასი

საზღვაო გასეირნება კატარღით, აფრიანი იახტით, ფოტოსესია მწვანე კონცხის, ბოტანიკური ბაღის, პეტრას ციხის ფონზე ზღვიდან – ეს არასრული ჩამონათვალია იმ მომსახურებისა, რომელსაც კომპანია „ბათუმის იახტკლუბი” დამსვენებლებს სთავაზობს.

 

კატარღით გასეირნება, რომელზეც 4 ადამიანი თავსდება, 1 საათი 150 ლარი ღირს, აფრიანი იახტით 5 ადამიანის გასეირნების ფასი კი – 120 ლარია. ასევე მსურველებს შეუძლიათ სხვადასხვა გასართობი საშუალებებით სარგებლობა – პარაშუტით, ბანანით, წყლის თხილამურებით. პარაშუტით 15-წუთიანი გასეირნება 100 ლარი ღირს, ბანანით კი, რომელზეც ერთდროულად 8 ადამიანი თავსდება, 1-საათიანი გასეირნების ფასი 200 ლარია.

 

„დასვენებლებს ასევე ვთავაზობთ პიკნიკს ზღვაში, ეს მომსახურება 4 ადამიანზეა გათვლილი და ერთი საათით 100 ლარი ღირს. მომსახურებაში მხოლოდ კატარღის გამოყენება შედის,” – უთხრა „ბათუმელებს” კომპანიის დამფუძნებელმა
დავით ფირცხალაიშვილმა.

 

ზღვაზე გასეირნება ყველაზე დაბალ ფასად სასეირნო გემითაა შესაძლებელი. ზღვაზე გემით 40-45-წუთიანი სეირნობა
ერთი ადამიანისათვის 10 ლარი ღირს, ბავშვებისთვის კი – უფასოა.

 

„ბულვარის მიმართულებით დავცურავთ ძირითადად. თუ მთლიანად გემის დაქირავება უნდა ვინმეს, 1 საათი 400-დან 500 ლარამდე ღირს. ყოველ ერთ საათში გავდივართ, თუმცა წელს შედარებით ცუდი სეზონია, ნაკლები ხალხი დადის,” – ამბობს “ბათუმელებთან” საუბარში შპს „დათასაბას” ხელმძღვანელი ქემალ დევაძე, რომელიც სასეირნო გემის მფლობელია.

 

ზღვაზე მცურავი საშუალებების – ბანანის, რგოლების, წყლის თხილამურების დაქირავება ბათუმში ამჟამად მხოლოდ ბათუმის უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, პლაჟზეა შესაძლებელი. ამ ადგილას პარაშუტის დაქირავება 15 წუთით
55 ლარი ღირს, ბანანით სეირნობა კი ერთ ადამიანს 5 ლარი დაუჯდება, რგოლები – 10 ლარი.

 

ჯემალ გუნთაიშვილი, რომელიც პარაშუტსა და მცურავ საშუალებებს აქირავებს, ამბობს, რომ ბაზირების პუნქტი დამსვენებლებისთვის მისასვლელად მოუხერხებელია. მისი თქმით, უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს განთავსებული ბაზირების პუნქტიდან იახტკლუბამდე დამსვენებლების აყვანის უფლება არ აქვთ, ეს კი მათ შემოსავალზე აისახება.

 

„არ გვაძლევენ უფლებას, რომ აქედან იახტკლუბამდე მისვლამდე კლიენტი ავიყვანოთ. შესაბამისად ხალხიც არ გვყავს, ეზარება ადამიანს ამხელა გზის გამოვლა,” – ამბობს ჯემალ გუნთაიშვილი.

 

თუ სკუტერით სეირნობის მოყვარული ხართ, ბათუმში ამ სერვისით ვერ ისარგებლებთ. სკუტერებით სარგებლობა მხოლოდ კვარიათსა და ქობულეთშია შესაძლებელი.

 

„სკუტერებისათვის ბათუმის ბულვარში გამოყოფილი იყო სამი ზოლი, ერთი იყო უნივერსიტეტის უკან, ერთი სანრემოს გვერდით, მარცხენა მხარეს და ერთი ახალ ბულვარში. სამივე ზოლი იყო გასული აუქციონზე. ახალ ბულვარში და სანრემოს მარცხენა მხარეს არავინ მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტის უკან, სამ ერთეულ სკუტერზე ჩატარდა აუქციონი, მაგრამ შემდეგ გამოცხადდნენ და უარი განაცხადეს სკუტერების აღებაზე,” – ამბობს ბათუმის ბულვარის
მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილების უფროსი დავით გამრეკელაშვილი.

 

კვარიათშივეა შესაძლებელი დაივინგსერვისით სარგებლობა, ერთი ადამიანისთვის ამ სერვისით სარგებლობის საფასური 70 ლარიდან იწყება. თუმცა სპეციალური მომზადების გარეშე წყალქვეშ ვერ ჩაყვინთავთ. ასევე „ბათუმის იახტკლუბი” მყვინთავ-ინსტრუქტორის თანხლებით, ყვინთვას და წყალქვეშა ფოტო და ვიდეოგადაღებას 150 ლარად სთავაზობს მსურველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი