ეკონომიკა

გიორგი სიგუა: CNN-სა და BBC–ზე სარეკლამო კლიპების ტრიალისთვის ფულის ყრა გაუმართლებლად მიმაჩნია

29 ივლისი, 2013 • • 1808
გიორგი სიგუა: CNN-სა და BBC–ზე სარეკლამო კლიპების ტრიალისთვის ფულის ყრა გაუმართლებლად მიმაჩნია

რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

 

თქვენ მეკითხებით, ფულის ყრაზე რატომ ვამბობთ უარს?

 

სატელევიზიო რეკლამა CNN-ზე ფულის ყრაა?

 

27 მილიონი დოლარის დახარჯვა ამერიკულ ტელევიზიაში სარეკლამო კლიპების ტრიალისთვის ნამდვილად არის ფულის ყრა.  წელიწადში, საშუალოდ, ამერიკიდან საქართველოში 20 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოდის, საიდანაც ტურისტი არის  მხოლოდ 7–8 ათასი. ეს არის შედეგი მაგ კამპანიის? ანუ იმისათვის, რომ 7000 ტურისტი მივიღოთ, 27 მილიონი დოლარი უნდა დავხარჯოთ? მე, უბრალოდ, სახელმწიფოს ფულს ვუფრთხილდები და მირჩევნია დავხარჯო მიზნობრივ ბაზრებზე და მიზნობრივ ტელევიზიებში… CNN ძალიან რეიტინგული ტელეკომპანიაა, მაგრამ მისი მაყურებლის სეგმენტი არ არის ჩვენი მიზნობრივი ბაზარი. ძალიან გამიხარდება, რომ ფლორიდიდან, ოკლაჰომადან, ან ბრაზილიიდან თუ არგენტინიდან ჩამოდიოდნენ საქართველოში ტურისტები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მანძილს, ანუ სიშორეს, თუ რამდენად შორსაა საქართველო, თუ გავითვალისწინებთ ბილეთის ფასს და იქ მაცხოვრებელი ხალხის მოგზაურობის კულტურას, მათ ინტერესებს, მე პირადად ამხელა ფულის ყრა გაუმართლებლად მიმაჩნია. მე სიამოვნებით დავხარჯავდი 27 მილიონ დოლარს, მაგალითად, CNN-ზე, თუ მექნება საშუალება, რომ 100 მილიონი დოლარი მიზნობრივ ბაზრებზე დავხარჯო და იცით, რა არის, მე აღარ ვაპირებ იმ პოლიტიკის გაგრძელებას, როდესაც სპონტანურად ხდებოდა მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება და სპონტანურად ხდებოდა იმის გადაწყვეტა, თუ სად და რამდენი კამპანია უნდა ჩატარებულიყო. მე ვეფუძნები ბაზრის ანალიზს და მინდა გავაკეთო წერტილოვანი მარკეტინგული დარტყმები. ჩვენი ბიუჯეტი არის ძალიან მწირი და მეორეც, მე ვთვლი, რომ ის ფული, რომელიც ჩვენი სამსახურის მიერ იხარჯება, არ არის ჩვენი პირადი ფული, ეს არის საქართველოს ფული, რომელიც უნდა დაიხარჯოს მიზანმიმართულად იმისათვის, რომ ყოველმა დახარჯულმა დოლარმა უკან მოიტანოს რამოდენიმეჯერ მეტი დოლარი ქვეყანაში. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია, თუ ის არის, რომ უბრალოდ თავი მოვიწონოთ?

 

რატომ ფიქრობთ, რომ CNN მხოლოდ ამერიკულ ბაზარს ფარავს, ზოგადად, CNN-ზე რეკლამა ხომ ქვეყნის პოპულარიზაციაც არის, რაც შემდგომში სწორედ ტურისტების ოდენობაზე აისახება? 


 

მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ამერიკაში უყურებენ, CNN-ს შეიძლება სომხეთშიც უყურებენ და ყველგან, მაგრამ ძირითადი სეგმენტი მაყურებლის არის ჩრდილოეთ ამერიკა.

 


რაც შეეხება BBC-ს, რომელიც ევროპულ ბაზარზეა ორიენტირებული?

 

 

გიორგი სიგუა
გიორგი სიგუა

რაც შეეხება BBC–ს, მიმაჩნია, რომ  BBC–ზე კიდევ შეიძლება რაღაცის გაკეთება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ამის სიძვირეს და ფასებს, მაგ ფასად მე გაცილებით მეტ ტურისტს მოვიყვან მიზნობრივი ბაზრებიდან: უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიდან, პოლონეთიდან… აი, იმ თანხით, რაც BBC-ზე უნდა დაიხარჯოს მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაზე,  მიზნობრივ ბაზრებზე გავაკეთებ მასშტაბურ კამპანიებს. ასე არ ჯობია?

 

რას გულისხმობთ წერტილოვან მარკეტინგულ დარტყმებში?

 

წერტილოვან დარტყმებში ვგულისხმობ კამპანიის ჩატარებას იმ ადგილებში, საიდანაც საქართველოს მიმართულებით არის პირდაპირი ავიარეისები. მე ამწუთას ვიმყოფები უკრაინაში, ჩვენ აქ ვატარებთ კამპანიას. მე გუშინწინ მქონდა შეხვედრა 100–მდე უკრაინულ ტუროპერატორთან, საქართველოდან ჩვენ გამოგვყვა რადმენიმე ათეული ტუროპერატორი. მე მოვახდინე საქართველოს ტურისტული მარშრუტების და ზოგადად საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პრეზენტაცია. მე კიევში, ხარკოვსა და დონეცკში განვათავსე სარეკლამო ბილბორდები ქუჩებში, ტრანსპორტზე, მეტროში, ასევე, ინტერნეტში. რატომ დონეცკში, კიევსა და ხარკოვში? იმიტომ, რომ ეს არის სამი ქალაქი, საიდანაც არის პირდაპირი ავიაფრენები  დიდი სიხშირით და დაბალი ფასით საქართველოს მიმართულებით. ამას აუცილებლად დაემატება სხვა დიდი ქალაქები, თუმცა აქცენტი გაკეთდება იმ ქალაქებზე, საიდანაც არის პირდაპირი ავიაფრენები დაბალ ფასად. თუ ჩვენ ვცდილობთ ტურისტი მოვიყვანოთ იმ ადგილიდან, საიდანაც მას ფრენა უჯდება ძვირი, უნდა გააკეთოს ერთი ან მეტი გადაჯდომა თვითმფრინავზე, გზაში უნდა დაკარგოს ხუთი და მეტი საათი, ეს არის, ჩემი აზრით, ფულის არამიზნობრივი ხარჯვა, თუმცა შეიძლება, თუ ამის ფუფუნება გაქვს… პირველ რიგში, მე მირჩევნია [კამპანია] გავაკეთო მიზნობრივ ბაზრებზე და განვახორციელოდ წერტილოვანი დარტყმები.

 

თქვენ აკრიტიკებთ წინა ხელისუფლების ნაბიჯებს და სტრატეგიას ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, თუ აპირებთ, რომ იზრუნოთ ტურიზმის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შექმნაზე?

 

წინა ხელისუფლებას სტრატეგია საერთოდ არ ჰქონდა და მინდა გითხრათ, რომ ტურიზმის განვითარების სტრატეგია დღემდე არ აქვს სახელმწიფოს. იმისათვის, რათა სახელმწიფოს გააჩნდეს ტურიზმის განვითარების სტრატეგია და ეს იყოს დოკუმენტი, რომლითაც იხელმძღვანელებს ყველა მთავრობა, რომელიც იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს უნდა “გავატენდეროთ”, ანუ ეს უნდა დაწეროს რომელიმე საკონსულტაციო კომპანიამ. ეს, სავარაუდოდ, მოხდება დონორების დაფინანსებით, რათა არ დაიხარჯოს სახელმწიფოს ფული. მსოფლიო ბანკთან ვთანამშრომლობთ ამ საკითხზე და ჩვენ უკვე გვაქვს იმერეთის ტურისტული განვითარების სტრატეგია, თუმცა ეს არის ერთი რეგიონის… იმერეთის ტურისტული განვითარების სტრატეგია 2020 წლამდეა. გვინდა, რომ შევუკვეთოთ საქართველოს ტურისტული განვითარების სტრატეგია 2023 ან 2028 წლამდე. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ჩვენ ეს დოკუმენტი დეკემბერში გვექნება, თუ არადა, მაშინ გვექნება 2014 წლის ადრეულ გასაფხულზე. რაც შეეხება მარკეტინგს, ყველა თანხა, რომელიც იხარჯება ქვეყნის გარეთ, უნდა შეესაბამებოდეს მარკეტინგულ გათვლებს…  სარეკლამო სვლები, იქნება ეს ბილბორდები, ინტერნეტში რეკლამა, ტელევიზიით რეკლამა, სხვადასხვა სახის ღონისძებები თუ სხვა რაღაც, არსებობს საშუალებები, თუ როგორ უნდა დაითვალოს GRP, ანუ რამდენი და როგორი მნახველი ეყოლება შენს რეკლამას, როგორი ეფექტურობა ექნება ამ ნახვას. შეიძლება თქვენი რეკლამა ნახოს მილიონმა ადამიანმა, მაგრამ ამ მილიონში არც ერთი იყოს თქვენი სეგმენტი, ანუ მომსვლელი, მაგრამ შეიძლება რეკლამა ნახოს 10–მა კაცმა და ათივე იყოს მომსვლელი. სწორედ ასეთნაირად ვუდგები მე საკითხს.

 

 

თქვენ თქვით, რომ “გაცილებით მეტი ტურისტის მოყვანას შეძლებთ მიზნობრივი ბაზრებიდან’, ვიდრე ძვირადღირებული სატელევიზიო რეკლამებითაა შესაძლებელი. რა სტატისტიკური მონაცემები შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც ამ ამბიციას გაამყარებს, უფრო მეტ ტურისტს ელოდებით წელს, ვიდრე იყო შარშან?


 

საქართველოში შარშანდელთან შედარებით წელს აუცილებლად იქნება მინიმუმ 30–პროცენტიანი ზრდა… ეს ზრდა უკვე არის. პირველი ნახევრის მონაცემებს თუ შევადარებთ წინა წლის ანალოგიურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ არის 30–პროცენტიანი ზრდა. წელს ჩვენ გვყავდა 2 188 721 ვიზიტორი 1 ივლისის მონაცემებით, რაც არის 30 პროცენტით მეტი წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი