ეკონომიკა

ქობულეთი აგვისტოს მოლოდინში

25 ივლისი, 2013 • 4509
ქობულეთი აგვისტოს მოლოდინში

სახლების მოაჯირებზე გამოფენილი ფერადი პირსახოცები მიგვანიშნებენ, რომ აღმაშენებლის ქუჩაზე თითქმის ყოველ მესამე სახლში ტურისტები ცხოვრობენ და ისინი ზღვიდან უკვე დაბრუნდნენ.

 

ქობულეთში ტურისტულ სეზონზე მეტი დატვირთვა აღმაშენებლის ქუჩაზე მოდის, ამ ქუჩაზეა ცენტრალური პარკი და ველობილიკიც. ქუჩის ჩაყოლებაზე ყველა ჭიშკარზე გამოკრულია ტრაფარეტი წარწერით – “ქირავდება ოთახები”.

 

17 ივლისს, დილის 12 საათზე, ქობულეთის პარკი თითქმის ცარიელია. მოედანზე, სადაც ატრაქციონებია განთავსებული, მხოლოდ ორი ქალბატონია ბავშვებთან ერთად. პარკში ღიაა სასმელისა და ტკბილეულის ჯიხური. დამსვენებლის გამოჩენას 21 წლის სერგიც ელოდება, რომელსაც მსურველებს ტატუს მოხატვას სთავაზობს. ეს სერგის სეზონური სამუშაოა.

 

ტურისტები კაფეებში არსებულ ფასებს არ უჩივიან: “ერთადერთი, რაც შარშანდელთან შედარებით ცოტა გაუძვირებიათ, აჭარული ხაჭაპურია”. ერთი ფინჯანი თურქული ყავა ერთი ლარი ღირს, საშუალო ზომის აჭარული ხაჭაპური – 6 ლარი, პიცა – 7 ლარი, “ბაზარში კი კარგი ხილია და თან იაფად ვყიდულობთ”.

 

მიუხედავად ასეთი შეფასებისა და წვიმიანი დღისა, კაფეების უმეტესობა ცარიელია, ზოგან მხოლოდ ერთი ან ორი ადგილია დაკავებული.

 

ქობულეთში მასპინძლებს სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ორი, მკვეთრად საპირისპირო მოსაზრებები აქვთ. არიან იმედიანი და მეტი ტურისტის მომლოდინე დიასახლისები და პირიქით, კმაყოფილი მენეჯერები.

 

“ძირითადად, ჯგუფები ჩამოდიან და იმ ბინებს ირჩევენ, რომლებიც კვებასაც სთავაზობენ. შარშან უკეთესი სეზონი იყო. ოთახებს ათ ლარად ვაქირავებ, რადგან სველი წერტილი ყველა ოთახს არ აქვს, ვისაც აქვს, ის უფრო კარგად აქირავებს,” – ამბობს ნათელა
წულუკიძე.

 

ნანა ხიმშიაშვილი ქობულეთის პარკში, ტკბილეულისა და სასმელის მაღაზიაში მუშაობს, მისი პროგნოზით წელს ქობულეთს კარგი სეზონი ექნება:

 

“საღამოს უფრო მეტი ადამიანია პარკში, ამიტომ ამ დროს უფრო ეტყობა ჩვენს ჯიხურს ნავაჭრზე, რომ ქალაქში დამსვენებელი ჩამოვიდა.” 

 

წელს ქობულეთში დასასვენებლად, ძირითადად, რუსები და უკრაინელები ჩამოვიდნენ, არიან სომხეთიდანაც:

 

“შიდა დამსვენებელი მაინც აგვისტოში ჩამოდის, ყოველთვის ასე იყო. ამ დროისთვის ოთხი დამსვენებელი მყავს, მათ ოთახები შვიდ ლარად მივეცი. სულ ოცი ადამიანის მიღება შემიძლია, მაგრამ დამსვენებელი არ ჩანს,” – ამბობს ქეთინო ნემსაძე.

 

ქობულეთში ჩამოსული დამსვენებელი “სასტუმროში ბევრის გადახდას”, კერძო სახლში ოთახის დაქირავებას არჩევს:

 

“უმეტესობას საოჯახო სასტუმრო აქვს მოწყობილი. კომფორტული ოთახებია თავისი აბაზანით, ავეჯითა და ტელევიზორით. თუ სურვილი გექნება და გადაიხდი, დიასახლისი სადილის მომზადებაზეც არ გეტყვის უარს. თუ თავად გინდა მოამზადო, ამისათვისაც არის პირობები,” – ამბობს მარი პავლიაშვილი, რომელიც უკვე მეოთხე ზაფხულს ატარებს ქობულეთში.

 

ოთახის დაქირავება იმ სახლებში, სადაც მასპინძლებს სასტუმროს ტიპის ოთახები აქვთ მოწყობილი, 20-ფან 25 ლარამდე ღირს. იმ სახლებში, კი რომლებსაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ აქვთ, 7 ლარიდან 10 ლარამდე აქირავებენ საწოლს.

ქობულეთის საოჯახო სასტუმროებში ერთი დღით ერთი საწოლის დაქირავება 7-დან 25 ლარამდე ღირს
ქობულეთის საოჯახო სასტუმროებში ერთი დღით ერთი საწოლის დაქირავება 7-დან 25 ლარამდე ღირს

 

რუსუდან კუჭუხიძე ქობულეთში დასასვენებლად ქუთაისიდან შვილიშვილთან ერთად ჩამოვიდა, მესამე წელია უკვე დასასვენებლად ქობულეთს ირჩევს. ამბობს, რომ საოჯახო სასტუმრო, რომელშიც ისვენებს, ძალიან მოსწონს, გასართობი ნიასაც აქვს, პერიოდულად “ციცინათელაში” წასვლას ითხოვს, “ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან თბილია და მისთვის აქ დასასვენებლად საკმარისი პირობებია.”

 

რა აკლია ქობულეთს როგორც საკურორტო ქალაქს? – ამ კითხვაზე პასუხი ქობულეთელ ტაქსის მძღოლებს აქვთ:

 

“ბათუმს, როგორც საკურორტო ქალაქს მთავრობა უფრო მეტ რეკლამას უკეთებს, ვიდრე ქობულეთს. ტელევიზიითაც უფრო მეტს ბათუმზე საუბრობენ, კონცერტებსაც იქ მართავენ, ამიტომ უფრო მეტი ტურისტი დასასვენებლად ბათუმს ირჩევს. კარგი იქნება, თუ ამ მხრივ რაღაც შეიცვლება და ქობულეთზე ილაპარაკებს ვინმე”, – ამბობს მამუკა კოხიძე.

 

დამსვენებლებს, რომლებიც წვიმის შემდეგ ველოსიპედზე გასეირნებით ერთობიან, ველობილიკზე გაჩერებული მანქანები აღიზიანებთ:

 

“როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურას ისევ ნაკლები ყურადღება ექცევა, ველობილიკი რომ გააკეთეს კარგია, მაგრამ ველოსიპედით თუ ვერ გავიარე ზედ, რად მინდა. მიდიხარ – მანქანაა დაყენებული, ფეხით მოსიარულეებზე რომ არაფერი ვთქვათ.”

 

ამ სეზონზე ქობულეთში დამსვენებლებს, შარშანდელისგან განსხვავებით, მხოლოდ ცხრა აპრილის ქუჩა და გამგეობის წინ არსებული მოედანი დახვდათ გადათხრილი. სამშენებლო მასალები ზოგიერთ ადგილას პარკის ტერიტორიაზეცაა განთავსებული. როგორც ერთი შეხედვით ჩანს, სარემონტო სამუშაოები დაიწყო ქობულეთის პირსის შენობაზეც. ქობულეთის გამგებლის თენგიზ ზოიძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა დამსვენებელს ხელს ვერ შეუშლის, რადგან მათი დასრულების თარიღად სატენდერო პირობებში 5 აგვისტოა მითითებული, ამ დროსთვის ჩამოსულ დამსვენებელს გამგეობის წინ რეაბილიტირებული მოედანი და მოასფალტებული 9 აპრილის ქუჩა უნდა დახვდეს.

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც დასასვენებლად ქობულეთს ირჩევენ, წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წელს ქობულეთს მთელი წლის განმავლობაში 276 880 ტურისტი სტუმრობდა, აქედან 174 499 უცხოელი იყო. 2011 წელს ეს ციფრი 322 754-მდე გაიზარდა. გასულ წელს კი ქობულეთში 377 269 ტურისტი ჩამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი