ეკონომიკა

რა ღირს დასვენება ბათუმში

16 ივლისი, 2013 • 3186
რა ღირს დასვენება ბათუმში

ყველაზე ძვირი ერთი ღამის გატარება ბათუმის “შერატონში” ღირს, ერთსაწოლიანი სტანდარტული ნომრის ფასი 295 დოლარია, ლუქსი – 472 დოლარი ღირს, ამ ფასში შედის საუზმე, სპა მომსახურება და უფასო ინტერნეტი.

 

როგორც სასტუმრო “რედისონში” ამბობენ, 168 ნომრიდან 34 პროცენტი უკვე დაკავებულია. ამ დროისათვის “რედისონში” ყველაზე დაბალი ფასი 242 დოლარია, ყველაზე მაღალი – 584 დოლარი, თუმცა აგვისტოს ბოლოს ფასები კიდევ უფრო მოიმატებს და 265-608 დოლარი გახდება. ამ ფასში შედის საუზმე, აუზი, ფიტნესი და Wi-Fi. “რედისონში” ამბობენ, რომ ფასებს კვირის დღეებიც განსაზღვრავს, შაბათ-კვირას ფასები უფრო მაღალია. ამ დროს სტანდარტული ნომრის ფასი 277 დოლარამდე აღწევს, ლუქსის – 620 დოლარამდე. სტუმრების დიდ ნაკადს სექტემბრის ბოლომდე ელიან სასტუმრო

 

„სანაპიროში”. ამჟამად სასტუმროს 86 ნომრიდან 50 უკვე დაკავებულია, დარჩენილი ნაწილი კი – დაჯავშნილი. ყველაზე დაბალ ფასად სასტუმრო „სანაპიროში” ერთი ღამის გატარება 110 ლარადაა შესაძლებელი, სტანდარტული ნომრები, ზღვის ხედის გარეშე, 150 ლარია, ზღვის ხედით კი -180 ლარი. ლუქსის ფასი ამ სასტუმროში 350-450 ლარია. ნომრის ფასში შედის: საუზმე, აუზი, ბილიარდი, ფიტნესი, შეზლონგი და ქოლგა, სასტუმროს აქვს საკუთარი სანაპირო ზოლიც.

 

სასტუმრო „რჩეული ვილის” თანამშრომელი მინდია ჟღენტი ამბობს, რომ ყველაზე მეტი სტუმარი ცენტრალური ევროპიდან ჰყავთ, ცხრა ნომრიდან ამ ეტაპზე ოთხი უკვე დაკავებულია. მინდია ამბობს, რომ დატვირთულ ზაფხულს ელოდებიან, ნომრების ფასი აქ 160 ლარიდან იწყება და 250 ლარამდე აღწევს.

 

სასტუმრო „ერა პალასში” დასვენება სტანდარტულ ნომრებში 180 ლარი ღირს, ნახევრად ლუქსი – 250 ლარი, ლუქსში – 350, ხოლო საოჯახო ნომერი -280 ლარი. ამ ფასში შედის საუზმე და უფასო ინტერნეტი. იმ შემთხვევაში, თუ სტუმრებს სადილობაც და ვახშმობაც სასტუმროში სურთ, 50 ლარი უნდა დაამატონ, საუნასა და ფიტნესმომსახურებისთვის კი – 20 ლარი.

 

„34 ნომრიდან 20 დაკავებულია, აგვისტოში ალბათ ადგილები აღარ იქნება. საუზმე, ფიტნესცენტრი, აუზი, საბილიარდო, შეზლონგი და ქოლგა – ეს მომსახურებები ნომრის ფასში შედის, ნომრების ფასი ჩვენთან 70 ლარიდან იწყება და 160 ლარამდე აღწევს,” – ამბობს სასტუმრო „მარინას” მენეჯერი თამუნა ლომთათიძე.

 

სასტუმრო „მერკურში” ერთადგილიანი სტუდენტური ნომერი 40 ლარი ღირს, სტანდარტული ნომერი – 90 ლარი, ლუქსი – 130 ლარი. ნომრის ღირებულებაში არ შედის საუზმე, საუზმის მსურველებს ხუთი ლარის დამატება უწევთ.

 

სასტუმროების გარდა ბათუმში ჩამოსული დამსვენებლები ბინებსაც ქირაობენ. უძრავი ქონების სააგენტო „ქეთის” მფლობელი ქეთევან ბალაძე ამბობს, რომ წელს ტურისტების გააქტიურებას ამჩნევს:

 

“უკრაინიდან არიან, ბელარუსიიდან, რუსეთიდან. ირანელები, თურქები, პოლონელები ოჯახებით ჩამოდიან და ბინის დაქირავებას არჩევენ. ერთოთახიანი ბინა ყველაზე ცოტა 50 ლარში შეიძლება დღეში დაიქირავოთ, ზღვასთან ახლოს სამოთახიანი ბინა ყველა პირობით დღეში 200 დოლარი ღირს,” – ამბობს ქეთევან ბალაძე.

 

ხათუნა მიქელაძე უკვე წლებია მაკლერად მუშაობს, მისი თქმით, ზღვისგან მოშორებით ბინის დაქირავება დღეში 40 ლარადაცაა შესაძლებელი. კეთილმოწყობილი ბინის საშუალო ფასი კი დღეში ასი დოლარია.

 

რაც შეეხება ჰოსტელებს, აქ ღამის გათევის მინიმალური ფასი 20 ლარია, ყველაზე იაფად ოთახის დაქირავება კი იტალიურ ეზოებშია შესაძლებელი.

 

„წელს პირველად ვაქირავებ ამ ოთახს, მე და ჩემმა მეუღლემ გავარემონტეთ, ადრე სამზარეულო იყო, პატარა ოთახია,
ორსაწოლიანი, ცხელი წყლით და სააბაზანოთი, შესასვლელიც ცალკე აქვს. ერთ ადამიანს დღეში ათ ლარად მივაქირავებთ,” – ამბობს ლიანა ჭოხონელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი