ეკონომიკა

„კორპორაცია ქინძმარაულმა“ ყვარლის ტბა დაიბრუნა

4 ივნისი, 2013 •
„კორპორაცია ქინძმარაულმა“ ყვარლის ტბა დაიბრუნა

კონჭოშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ მასთან მოლაპარაკებებს ამ თემაზე ყოფილი პარლამენტარი და „ემ ჯგუფის“ მფლობელი არჩილ გეგენავა აწარმოებდა.

 

„ბატონი ბიძინას დამსახურებაა ის, რაც დღეს ხდება.  რომ გამოვიდა და თქვა პროკურატურა და სასამართლო გადატვირთულიაო, იქნებ ბიზნესები ერთმანეთთან შეთანხმდეთო.  მე შევუთვალე, ჩემს ეგრეთ წოდებულ ოპონენტებს, რომ დროა სტატუს ქვო აღვადგინოთ- მეთქი. ცოტა კი შეიცხადეს, მაგრამ პროკურატურაში ვაპირებდი სარჩელის შეტანას. შემდეგ მოლაპარაკებებზე წამოვიდნენ“.  

 

თამაზ კონჭოშვილის ინფორმაციით, ყვარლის ტბა სააქციო საზოგადოება „კორპორაცია ქინძმარაულს“ მართვის უფლებით სახელმწიფოსგან 49- წლიანი იჯარით ჰქონდა აღებული: „იჯარის ხელშეკრულება დავარღვიე ზეწოლის შედეგად და   2009 წელს ყვარელის ტბა მართვაში კომპანია „აგროგანვითარებამ“ აიღო. რომლის მეპატრონეც  ირიბად  აჩიკო გეგენავაა. ახლაც  მართვაში ტბა კომპანია „აგროგანვითარებამ“ დაგვიბრუნა. თუმცა მოლაპარაკებებს არჩილ გეგენავასთან ვაწარმოებდი.“

 

რაც შეეხება ტბის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს, თამაზ კონჭოშვილის განცხადებით, ობიექტის კარკასი მან ააშენა და შემდეგ „ემ ჯგუფის“ სასარგებლოდ დათმო:

„სასტუმრო პირადად ჩემი იყო, მაგრამ მაგაზე არ არის შეთანხმება მიღწეული. პრაქტიკულად კარკასი ჩემი აშენებული იყო და  შემდეგ ზეწოლის შედეგად  გადავიდა სხვის ხელში. სასტუმრო არ დაგვიბრუნებია. ერთი პუნქტია დარჩენილი, რაზეც ვერ შევთანხმდით. გვეუბნებიან, შეისყიდეო. ინვესტიციები ჩადეს და ფულს ითხოვენ. მგონი, პროცესი ნორმალურად დასრულდება. თუ ვერ მოვილაპარაკეთ, პროკურატურას მივმართავ. ძირითადად გადასაწყვეტია, რამდენ ხანში უნდა  გადავუხადო ფული. უნდა ავიყვანო ნეიტრალური აუდიტი და შევაფასებინოთ, რაელურად რა მოცულიბის ინვესტიცია ჩადო „ემ ჯგუფმა“.

 

„ნეტგაზეთი“ არჩილ გეგენავასთან დაკავშირებას შეეცადა. მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მარკეტინგის მენეჯერმა თორნიკე გაგუამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების დეტალებზე და საერთოდ ყვარლის ტბის „კორპორაცია ქინძმარაულისთვის“ დაბრუნების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი