“თუ არ გვინდა, რომ მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს,” – ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში.
პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა, რომელიც პარლამენტის შუალედურ არჩევნებში ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, აცხადებს, რომ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვის კუთხით პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შესვლას გეგმავს:
„საქართველოში მიწის მესაკუთრე უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე, ხოლო ტყეების და საძოვრების – მხოლოდ თვითმმართველობა. მაშინ ვერც ინდოელი, პაკისტანელი და პენჯაბელი ფერმერები ვერ დაეუფლებიან მიწებს საქართველოში,“ – აცხადებს კუკავა.
მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადებას მოითხოვს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი სოსო მანჯავიძე, რომელიც კუკავას მსგავსად კენჭს იყრის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის ოლქიდან:
„ჩვენი ეროვნული აქტივები არ უნდა გადავიდეს სხვის ხელში. უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი მიწაზე. თუ თვითმმართველობას გადავცემთ, გამგებლების მეშვეობით მიწა ბანკების ხელში აღმოჩნდება. მაშინ ილია ჭავჭავაძის გზას უნდა დავადგეთ, რომ მიწა თავიდან გამოვისყიდოთ,“ – აცხადებს მანჯავიძე.
ამავე პოზიციას იზიარებს ნაძალადევის კიდევ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი გიორგი გუგავა:
“პრემიერმა განაცხადა, რომ მიესალმება უცხოელი ფერმერების შემოსვლას საქართველოში, რომლებიც მასობრივად იკავებენ ქართულ მიწებს. ალბათ, „ოცნებას“ ჰგონია, რომ ისინი აქ პანტის შესაგროვებლად ჩამოდიან,“ – აცხადებს გუგავა.
„მიწების პრივატიზაციის პროცესი შეჩერდა და ეს თვითმმართველობის გაძლირებასთან და დეცენტრალიზაციასთან არის კავშირში. სოფელს ექნება თავისი ტყე, საძოვარი და მიწა. საძოვრების გასხვისება კანონით არის აკრძალული. წინა ხელისუფლება მიწის სტატუსს ცვლიდა და ისე ასხვისებდა”, – აცხადებს თამარ კორძაია, კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ნაძალადევის საარჩევნო ოლქში.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ლიკა წიკლაური განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი, რა არ უნდა გასხვისდეს:
”დღეს პრობლემა დგას მიწების სტატუსის განსაზღვრის კუთხით. მიწა რეესტრში არის დარეგისტრირებული და ხშირ შემთხვევაში, სახნავ–სათესია თუ საძოვარი, არ არის მითითებული. საძოვრების გაყიდვაზე არის შეზღუდვა, მაგრამ ვინ ადგენს ამ სტატუსს, კონკრეტულად, როგორ რეგისტრირდება ეს მიწა, კანონმდებლობაში არ არის გაწერილი.”
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო სამეურნეო მიწის პრივატიზაცია 2012 წლის ნოემბრიდან შეჩერდა.
2011 წელს ეკონომიკის სამინისიტროს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით გასხვისებულმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებმა, ჯამში, 6815,2004 ჰექტარი შეადგინა. 2012 წელს სამინისტროს და სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ფორმით 6647,2801 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გასხვისდა.
გიორგი კვირიკაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში განმარტავს, რომ მიწის პრივატიზაციის შეჩერების მიზეზი აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობა გახდა:
„აბსოლუტურდ მოუწესრიგებელი იყო აღრიცხვიანობა. წლის ბოლომდე აღდგება მიწის გაყიდვის პროცესი. მიწის კოდექზე მუშაობს სოფლის მეურნეობის, იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტრო. სასოფლო სამეურნეო მიწის აღრიცხვა სწრაფად უნდა დასრულდეს.”
ეკონომიკის მინისტრის განკარგულება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეხება, კერძო პირებს კი მიწის გასხვისება როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებზე უპრობლემოდ შეუძლიათ. ასე მოხდა სოფელ დიცში გასული წლის დეკემბერში 140 ჰექტარი მიწის ინდოელ ფერმერებზე გასხვისება: მიწა მათ შპს “მადლისგან” იყიდეს, თუმცა ადგილობრივმა მოსახლეობამ მათი შემოსვლა გააპროტესტა და ინდოელ ფერმერებს მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე ვაშლის ნერგების დარგვის უფლება არ მისცეს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე არ არის წინააღმდეგი, რომ უცხოელ ფერმერებს შეეძლოთ საქართველოში ინვესტირება, თუმცა, მინისტრის თქმით, ინვესტორებს შესასყიდი მიწის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ:
„შვეიცარიიდან ჩამოვიდნენ ინვესტორები, რომელთაც ერთ კონკრეტულ სოფელში უნდოდათ 5 ჰექტარი მიწის ყიდვა. მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ამ სოფელს მხოლოდ ეს ხუთი ჰექტარი ჰქონდა საძოვრად. რომ გაგვეყიდა, შეიქმნებოდა პრობლემა. აღმოჩნდებოდა, რომ საძოვრად ცხოველებს ვერსად წაიყვანდნენ. ეს ინფორმაცია როგორც კი ამ ინვესტორს მივაწოდეთ, მან უარი თქვა მიწის შესყიდვაზე – ეს გამოიწვევს სოციალურ პრობლემას და აღარ მინდაო.“
კირვალიძე ამბობს, რომ სასოფლო–სამეურნეო მიწის გაყიდვის შესახებ უნდა კითხონ თემს:
“ვფიქრობ, რომ მიწის რეფორმის ფარგლებში მიწა თემს უნდა გადაეცეს. იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში ცხოვრობს კონკრეტულ სოფელში, არ უნდა უწყვიტავდეს ვიღაც სხვა – ეს მიწა გაყიდოს თუ არა. ეს საკითხი უნდა მოხდეს რეგულირების სფეროში”.
გარკვეული რეგულაციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ივანიშვილის თქმით, „ნორმალურია, რომ უცხოელი ფერმერები იყვნენ საქართველოში და მათაც მიიღონ მონაწილეობა სოფლის მეურნეობის აღორძინებაში.” 10 აპრილს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მომზადდება კანონი:
“მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოელბს აეკრძალებათ ინვესტიციები საქართველოში, თუმცა გარკვეული რეგულაციები დაწესდება.“
22 აპრილს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი პაატა კოღუაშვილი საკანონმდებლო წინადადებით შევიდა საქართველოს პარლამენტში. აღნიშნული წინადადების მიხედვით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში.
კოღუაშვილის განმარტებით, იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების გაღარიბება რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში გადავიდეს. სწორედ ამ საფრთხის გამო სასოფლო- სამეურნეო მიწის გაყიდვის პროცესი რეგულაციების ჩარჩოში უნდა მოექცეს.
„ეს არის პირთა გარკვეული წრის ინიციატივა. ეს არ არის სამთავრობო ინიციატივა. თუ მიიღებს კანონპროექტის სტატუსს ბიუროზე, მაშინ მას კომიტეტები განიხილავს“, – ასე ეხმაურება კოღუაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი.
პარლამენტის რეგიონალური განვითარების და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის მოქალაქეებისთვის გარკვეული შეზღუდვები მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს:
“ეს სრულიადაც არ უნდა იყოს დაკავშირებული ქსენოფობიურ საკითხებთან. მიწის პრივატიზაცია უფრო ფართო კონტექსტშია განსახილველი. საკითხის დასმა არასწორია მხოლოდ უცხოელებთან დაკავშირებით. ავიღოთ, მაგალითად, საძოვრების საკითხი, რომელიც ბევრ სოფელს აწუხებს. იმ ადამიანს, ვინც საძოვარი დაკარგა და მათ უკითხავად მოხდა გაყიდვა, ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ განსხვავებას, უცხოელმა იყიდა თუ რომელიმე ქართველმა. საკითხი ამ მიმართულებით უნდა დარეგულირდეს“.
„ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელი პაატა შეშელიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაყიდოს მიწა უცხოელზე. ამ მიმართულებით დამატებითი რეგულაციები საჭირო არ არის:
”რაც უფრო მალე გახდება საერთაშორისო ბაზრის ნაწილი ქართული მიწა და მისი წიაღისეული, მით უკეთესი იქნება ქართველი კაცისთვის. მიწის გამოყენების მასშტაბები გაიზრდება. საქართველოში მიწის პოტენციის მცირე ნაწილია გამოყენებული. მხოლოდ იმიტომ, რომ გაყიდვა არ შეიძლებოდა.”
პაატა შეშელიძის აზრით, თუ პარლამენტი პაატა კოღუაშვილის საკანონმდებლო წინადადებას გაიზიარებს, ამ შემთხვევაში სასოფლო სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიყიდვის შეზღუდვა იქნება ფიქტიური:
”თუ ვინმეს რეალურად აქ მიწის ყიდვა უნდა, საქართველოს მოქალაქეს გაურიგდება და მისი სახელით იყიდის. ეს იქნება კორუფცია და მას მოჰყვება მიწის გაძვირება. ყველა უცხოელ ინვესტორს ქართველი წილში ჩაუჯდება. ძალიან ბევრი არ მოინდომებს იმას, რომ ქართველთან დაიჭიროს საქმე. თუ არ გვინდა, რომ ეს მიწა დაიხნას და დამუშავდეს, მაშინ დავადოთ დიდი ბოქლომი საქართველოს.”
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი ფართობი 69.7 ათასი კვადრატული კილომეტრია; 2.6 მლნ ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულია. საქართველოს ერთ მოსახლეზე საშუალოდ 0.6 ჰექტარი სახნავი და 0.62 ჰექტარი საძოვარი ფართობი მოდის.
რა მოცულობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობენ საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და კომპანიები საქართველოს მიწის ბაზარზე განსაკუთრებით 2012 წელს გააქტიურდნენ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებამ შეუწყო ხელი და რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვაზე შეზღუდვა მოიხსნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა ეს გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თუ, მაგალითად, 2010 წელს ინდოეთის მოქალაქეებმა 32 მიწის ნაკვეთი შეიძინეს, 2012 წელს ეს ციფრი 983-მდე გაიზარდა, თუმცა 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ამ კუთხით ახალი რეგულაციების შემოღების დადგა დღის წესრიგში, სულ 2 გარიგება შედგა.
