ეკონომიკა

ბიოპროდუქცია – გამოწვევა ქართული ეკონომიკისთვის

18 აპრილი, 2013 • • 3817
ბიოპროდუქცია – გამოწვევა ქართული ეკონომიკისთვის

საკვები პროდუქტები წარწერით – “ორგანული”, “ბიო” და “ეკოლოგიურად სუფთა” მსოფლიოში ფუფუნებად ითვლება, ისინი სპეციალურ მაღაზიებში, ან დიდ სუპერმარკეტებში, სპეციალურად გამოყოფილ კუთხეში იყიდება და მათი ფასი ჩვეულებრივ საკვებთან შედარებით გაცილებით მაღალია.

 

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ექსპორტს ახორციელებენ, საქართველოცაა, თუმცა საექსპორტო საქონელის რაოდენობა ჯერჯერობით ძალიან მცირეა.


როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეთევან ლაფერაშვილი აცხადებს, ამ დარგის უკეთესად განვითარებისთვის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს:


“რაიმე დარგის განვითარებისთვის უნდა იყოს საკანონმდებლო–ნორმატიული ბაზა შექმნილი და ამიტომ ჩვენს იურიდიულ დეპარტამენტში შემუშავებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც აწესრიგებს ბიოწარმოების წესს და მისი სერტიფიცირების პროცედურებს. აქამდე შემუშავებული გვქონდა სტანდარტი ბიოწარმოების შესახებ, მაგრამ სტანდარტები დღეს ქვეყანაში, მოგეხსენებათ, არის ნებაყოფლობითი და ამიტომ გახდა აუცილებელი მთავრობის ამ დადგენილების შემუშავება, რომელიც აბსოლუტურ ჰარმონიზაციაშია ევროსტანდარტებთან”.


ქეთევან ლაფერაშვილის განცხადებით, დადგენილებაში, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს, დეტალურად იქნება გაწერილი, თუ როგორ უნდა მოხდეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადება.


დღეს საქართველოში იმის შეფასებას, არის თუ არა პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა,  ბიოპროდუქციის სერთიფიცირების ორგანო “კავკასსერტი” ახორციელებს.


“კავკასსერტის” ხარისხის მენეჯერის ზურაბ ნადარეიშვილის განცხადებით, პროდუქტის შეფასება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს, ხოლო ჩვეულებრივი წარმოებიდან ბიოწარმოებაზე გადასვლა დროსთანაა დაკავშირებული:


“გარდამავალი პერიოდი ერთწლიანი კულტურებისათვის არის 2 წელიწადი, ხოლო მრავალწლიანი კულტურებისათვის- 3 წელი. მეცხოველეობის შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდი თითოეული კატეგორიის პროდუქტებისათვის დადგენილია ინდივიდუალურად. ბიოწარმოებაში მემცენარეობის და მეცხოველეობის დარგში დასაშვებია მხოლოდ სტანდარტით ნებადართული საშუალებების და მეთოდების გამოყენება”, – აცხადებს ზურაბ ნადარეიშვილი.


ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისას მეწარმემ გარკვეული სტანდარტები უნდა დაიცვას, როგორც პროდუქტის წარმოებისას, ასევე, გადამუშავებისას, შენახვისას, ტრანსპორტირებისა და გასაღებისას.


მცენარეული ბიოპროდუქტის წარმოებისას მიწის და მცენარის დამუშავება ძირითადად მცენარეული და ცხოველური ნარჩენების გამოყენებით ხდება. ნიადაგის ასეთი გზით დამუშავებისას უმჯობესდება მისი ფიზიკური თვისებები და მინერალური შემადგენლობა.


მავნებლებისა და დაავადებების კონტროლი ხდება მათ მასპინძელ მცენარეებსა და ბუნებრივ მტრებთან ურთიერთდაბალანსებით, სასარგებლო მწერების პოპულაციის ზრდით, ასევე, მავნებლებისა და მცენარეების დაზიანებული ნაწილების მოშორებით.


ცხოველების შემთხვევაში ყურადღება ექცევა ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ჯოგში ცხოველების რაოდენობა, ცხოველები არ უნდა იმყოფებოდნენ სტრესულ გარემოში, უნდა ხდებოდეს ცხოველთა დაავადებების პრევენცია, მათ ჯანმრთელობაზე და ბუნებრივ მოთხოვნილებებზე ზრუნვა და ა.შ.


ამ სტანდარტების დაცვიდან გამომდინარე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა გაცილებით რთულია და ძვირი ჯდება, რაც საბოლოოდ პროდუქტის ფასზეც აისახება. თუკი ბაზარში ერთი კილოგრამი მინდვრის ლობიო 3.50 ლარი ღირს, ამ ფასად ქართული ბიოპროდუქტების ინტერნეტმაღაზიაში “ბეღელი” მხოლოდ ნახევარი კილო ეკოლოგიურად სუფთა ლობიოს შეიძენთ.  

მწარმოებლების თქმით, საქართველოში ეკო–პროდუქტის ბაზარი განვითარებული არ არის.


ზაზა დვალი უკვე რამდენიმე წელია ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი წესით დამზადებულ ღვინოს გემოც განსხვავებული აქვს და ჯანმრთელობისთვისაც არ არის მავნებელი, გაურკვეველი მიზეზებით ქართულ ბაზარზე ზოგიერთი სახეობის ჩვეულებრივი წესით დამზადებული ღვინო გაცილებით უფრო ძვირია:


“ჩვენ გაცილებით მეტი შრომა გვიწევს და ფულსაც მეტს ვხარჯავთ, ვენახს არ ვწამლავთ ჰერბიციდებით და პესტიციდებით, ვიყენებთ მხოლოდ ე.წ. კონტაქტურ წამლებს, რომელიც წვიმის შემდეგ ირეცხება და ყურძენში ვერ აღწევს. მიუხედავად ამისა, ბაზარზე არის ჩვეულებრივი წესით მოყვანილი საფერავი, რომელიც რატომღაც ჩვენს პროდუქტზე ძვირი ღირს. ერთი ბოთლი ეკოლოგიურად სუფთა ღვინის ღირებულება ჩვენთან დაახლოებით 14 ლარია, ამიტომ საზღვარგარეთაც გაგვაქვს, კერძოდ, კანადაში და ფინეთში”, – აცხადებს ზაზა დვალი.


ლევან გოგია საკუთარ მიწაზე მოყვანილ ბოსტნეულს თბილისში, ბაზარში ყიდის, მისი თქმით, მიწის ბუნებრივი საშუალებებით დამუშავება იმდენად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომ ამაზე არც უფიქრია:


“ვისაც დიდი მიწა აქვს, მათთვის წარმოუდგენელია იმდენი ბუნებრივი საშუალების შოვნა, რაც ამ მიწას ეყოფა. სოფლებში ყველგან იშოვება ქიმიური საშუალებები, მეც ამ საშუალებებს ვიყენებ. ასე უფრო იაფია და მოსავალიც მეტი მოდის”.


ზურაბ ნადარეიშვილის განცხადებით, ვიზუალურად ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტის სხვა პროდუქტისგან გამორჩევა შეუძლებელია და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის ხარისხს მხოლოდ სასერტიფიკაციო ორგანო ადგენს.

 

“კავკასსერტს” საქართველოს მასშტაბით ჯერჯერობით მხოლოდ 35 კლიენტი ჰყავს. თუმცა ზურაბ ნადარეიშვილი, ისევე როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადებაში ჩართული მეწარმეები, თვლიან, რომ ეს დარგი საქართველოში განვითარების ეტაპზეა და დიდი პერსპექტივა აქვს.


ფერმერთა უფლებების დაცვის ასოცოაციის პრეზიდენტი კახა ნადირაძე ამბობს, რომ  ბიოწარმოებისათვის ამ ეტაპზე ფერმერებისთვის შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი:

 

“ფერმერთა გათვითცნობიერებულობა უნდა გაიზარდოს და უნდა ჰქონდეთ მოტივაცია, რომ გახდნენ ბიოფერმერები. ბიოფერმერული მეურნეობა ნიშნავს ხარისხს, კარგ ცოდნას და კარგ მოტივაციას ფერმერის მხრიდან. გვყავს რამდენიმე სერიოზული ფერმერი, რომელიც ჩვენი ასოციაციის წევრია და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბიოფერმერის მდგომარეობა და სტატუსი შეინარჩუნონ.”


კახა ნადირაძის განმარტებით, ერთხელ დათესილი ან არასწორად გაბნეული, კულტივირებული და გენმოდიფიცირებული თესლი 20 წლით აბინძურებს ნიადაგის ვარგისიანობას და შემდგომ მისი გამოყენება ბიოწარმოებისათვის შეუძლებელია:

 

“გენმოდიფიცირებული თესლის გავლენა ნიადაგზე მავნეა. ჩვენ გვჭირდება, მეტი ყურადღება მივაქციოთ დამწყებ ფერმერებს. ფერმერულმა ბიომეურნეობამ მაქსიმალური მოსავალი რომ მიიღოს და კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ ბაზარზე, ხშირ შემთხვევაში, დემპინგური ფასით შემოსულ პროდუქტს, საჭიროა სპეციალური სახელმწიფო დახმარების პროგრამის ამოქმედება.”


ნადირაძის შეფასებით, დღეს  ფერმერი დარჩენილია მაღალი რისკების ქვეშ:

 

“ძალიან სუსტია სოფლის მეურნეობის დაზღვევის სისტემა. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო სერიოზული ქოლგის ფუნქციას შეასრულებს ბიოპროდუქტის მწარმოებელი ფერმერებისთვის. ეს შექმნის მოტივაციას, რომ ფერმერმა შეინარჩუნოს მიწის ბიოქიმია თავისი ორგანულობით და აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ბიომეურნეობა განსაკუთრებული ნიშაა საქართველოსთვის მსოფლიო ეკონომიკის ბაზარზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი