ეკონომიკა

PayPal-ის სრული სერვისით საქართველოში ჯერ ვერ ისარგებლებთ

11 აპრილი, 2013 • 4145
PayPal-ის სრული სერვისით საქართველოში ჯერ ვერ ისარგებლებთ

საქართველოს ეკონომიკის მინიტრის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფეი ფალს საქართველო 2007 წლიდან არ ჰქონდა დამატებული ჩამონათვალში, რომელიც დღემდე 109 ქვეყანას ითვლიდა:

 

“საქართველო არის 110-ე ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რამდენად რთულია ამ სისტემაში ჩართვა. ამჟამად ფეი ფალის სრული სერვისით სარგებლობა შესაძლებელი არ არის, სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს შეთანხმებული გრაფიკი, თუ როგორ შეიძლება დანარჩენი სერვისები დაემატოს. მათ შორის სერვისი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ფეიფალის ანგარიშიდან გადარიცხვის და ჩარიცხვის განხორციელება. ჩვენ გვინდა, რომ უახლოეს მომავალში მაქსმიმალურად ყველა სერვისზე გავიდეთ”, – აცხადებს ქუმსიშვილი.

 

ფეი ფალი გლობალური ონლაინ ანგარიშსწორების წამყვანი კომპანიაა, რომელიც საშუალებას აძლევს ცალკეულ მომხმარებლებს, შეიძინონ მათი საყვარელი ბრენდების ნაწარმი მათთვის მოსახერხებლად და უსაფრთხოდ, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე.  

 

„მოხარული ვართ, რომ საშუალება გვეძლევა, ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ ინტერნეტში შეძენის მოსახერხებელი და მარტივი საშუალება. ეს გახლავთ ჩვენი შეთავაზება გლობალურ დონეზე და დღეს ჩვენი სერვისის ამოქმედება საქართველოში კიდევ ერთი წარმატებული მცდელობაა, შევიტანოთ ფეი ფალის მომსახურება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში,“ – განაცხადა დამიენ პერილამ, ფეი ფალის რეგიონულმა მენეჯერმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში – „ფეი ფალი მუდამ ეძებს ახალ და საინტერესო ბაზრებს თავისი პროდუქტის წარმოსადგენად. ჩვენ გვიხარია, როდესაც ყოველდღიურად ვიგებთ ინფორმაციას იმ ადამიანების შესახებ, რომელნიც მოუთმენლად ელიან ფეი ფალის სერვისების გააქტიურებას მსოფლიოს გარშემო და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ ძალ–ღონეს არ ვიშურებთ ამისთვის.“

 

საქართველოში ფეი ფალის სერვისის გაშვება ხდება ინტერნეტისა და ელექტრონული ვაჭრობის ზრდის ტენდენციის ფონზე. ქართველი მოსახლეობის სურვილი, აწარმოონ ინტერნეტ- ტრანზაქციები, მზარდია: მხოლოდ გასული წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღრიცხულ იქნა ინტერნეტ- ტრანზაქციების რეკორდული მოცულობა, რამაც 162%-ს მიაღწია.

 

ფეი ფალის ანგარიშის დასარეგისტრირებლად თქვენ მხოლოდ ორიოდე წუთი გესაჭიროებათ. ფეი ფალით გადახდის დროს მყიდველებს არ სჭირდებათ გამყიდველის ანგარიშის დეტალების, საქონლის მიმღების მისამართის ან ტრანზაქციის ხელახლა დაბეჭდვა – გადახდის პროცესის დასრულებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. 

 

დღესდღეობით ფეიფალი მისაწვდომია მხოლოდ ცალკეული მომხმარებლებისთვის.

 

“2013 წლის 11 აპრილს ფეიფალმა საქართველო ჩასვა იმ ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ ფეიფალის ანგარიშის გახსნა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბევრი პრესტიჟული ვებ-გვერდი არ იძლეოდა შესაძლებლობას იმისა, რომ ქართული საბანკო ბარათის გამოყენება მომხდარიყო საქონლის ან მომსახურების შესაძენად, ახლა ეს ფეიფალის მეშევობით უკვე შესაძლებელია. ფეიფალი მომხმარებელს აძლევს უსაფრთხო შესყიდვის განხროციელების შესაძლებლობას, ვინაიდან ერთხელ თუ გავხსნით ჩვენ ანგარიშს, ამის შემდეგ, შეძენისას აღარ არის საჭირო გავიმეოროთ ჩვენი პირადი მონაცემები,” – აცხადებს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

 

1998 წლის დეკემბერში დაარსებული PayPal-ი წამყვან, გლობალურ ინტერნეტ- გადახდების კომპანიას წარმოადგენს. იგი მისაწვდომია როგორც ფიჭური კავშირის აპარატების საშუალებით, ასევე მაღაზიებში. აღნიშნული მომსახურება საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, აწარმოონ ანგარიშსწორება თავიანთი ბალანსებიდან, იქნება ეს საბანკო ანგარიში, თუ საკრედიტო ბარათზე არსებული თანხა,  პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გარეშე.

 

დღესდღეობით ფეი ფალზე დარეგისტრირებულია 123 მილიონზე მეტი აქტიური ანგარიში, იგი ხელმისაწვდომია 190–ზე მეტ ბაზარზე და 25 ეროვნულ ვალუტაში მსოფლიოს გარშემო, ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მარტივად ივაჭროს გლობალურ დონეზე.

 

ფეი ფალი მიეკუთვნება კომპანია e-Bay-ს (ნაზდაქი: EBAY). მისი სათაო ოფისი მდებარეობს სან ხოსეში, კალიფორნია, საერთაშორისო ოფისი კი – სინგაპურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი