«თელავის ღვინის მარანის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი ემბარგოს რისკებს მუდმივად შეიცავს:
«რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის პრიორიტეტული ვეღარ იქნება. ეს არის ერთ–ერთი ბაზარი ჩვენი კომპანიისთვის და, შესაბამისად, მისი მოთხოვნა ისევე იქნება გათვალისწინებული ჩვენს წარმოებაში, როგორც სხვა ქვეყნების. რუსეთის ბაზრის გახსნის შემთხვევაში, ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შეზღუდვას. ძალიან დიდი შრომა დავხარჯეთ ამ ბაზარზე გასასვლელად და დასამკვიდრებლად. შესაბამისად, არ ვაპირებთ იქ პოზიციების დათმობას. თუ რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზრდება, შესაბამისად, გავზრდით წარმოებას. თუ არ გაიზრდება, ნაკლებს ვაწარმოებთ. დასრულდა ის ეტაპი, როცა რუსეთის ბაზარი იყო ერთადერთი, ახლა დივერსიფიცირებული გვაქვს გაყიდვები და ვფიქრობ, რომ ახლა «თელავის ღვინის მარანი» უფრო მყარად დგას, ვიდრე – 2005 წელს»,
ზურაბ რამაზაშვილის განცხადებით, «თელვის ღვინის მარანს» პროდუქცია 18 ქვეყანაში გააქვს: «გასული წლის მონაცემებით, ჯამური გაყიდვით საქართველოში პირველ ადგილზე ვართ. გაყიდვების მაჩვენებლით პირველია უკრაინა, შემდეგ ბალტიის ქვეყნები, ყაზახეთი და პოლონეთი. ჩვენი კომპანიის ღვინო მკაცრი მოთხოვნების რეჟიმში იყიდება. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნა, 500–700 ბოთლამდე გდავტვირთავთ.»
რუსეთის ბაზარზე შესვლის შესახებ ფრთხილად საუბრობს «თბილვინოს» პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი:
« ჩვენს პროდუქტს 30 სხვადასხვა ქვეყანაში ვყიდით. ექსპორტი გვაქვს ყაზახეთში, უკრაინაში, ლიტვა– ლატვიასა და ესტონეთში. ვყიდით ევროპის ქვეყნებში, პოლონეთში, სკანდინავიაში, საფრანგეთში, კანადის რამდენიმე პროვინციაში. გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი მოდის ყაზახეთზე, უკრაინაზე, ბელორუსსა და ლიტვაზე. რუსეთის მხრიდან შეიმჩნევა დიდი ინტერსი. გვირეკავენ იმპორტიორი კომპანიები, მათ იმედი აქვთ, რომ ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება.»
მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბზაზე ჭარბი გაყიდვების განხორციელება მისი კომპანიის თვითმიზანი არ არის:
«ქართველმა მეღვინეებმა არც უნდა დაისახონ მიზნად ის, რომ იმ რაოდენობის ღვინო გადატვირთონ რუსეთის ბაზარზე, რაც ემბარგომდე ჰქონდათ. ჩემი, როგორც მეწარმის ამოცანაა, დავიცვთ ჯანსაღი წონასწორობა რუსეთის ბაზარსა და სხვა დანარჩენ ბაზრებს შორის. რადგან არ მოხდეს ისე, რომ რუსეთის ბაზარმა შეიძინოს ის ჭარბი დამოკიდებულება, რაც იყო ემბარგომდე.»
მარგველაშვილი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე შესვლის შემთხვევში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური რისკები არსებობს:
«რუსებისაგან მოვითხოვთ ისეთ გადახდის პირობებს, რომელიც დაგვაზღვევს სავარაუდო ფულადი დანაკარგებისგან. თუკი ბაზარი გარკვეული დროის შემდეგ მოულოდნელოდ ჩაიკეტა, რომ არ გააჩნდეთ დებიტორული დავალიანებები ჩვენს კომპნიებს რუსეთის მხრიდან. ან მოვითხოვთ წინასწარი გადახდების პირობებს, ან სხვა საბანკო პროდუქტების დაზღვევის პირობებს, რომ ეს რისკები თავიდან ავიცილოთ.»
«თბილღვინოს» პრეზიდენტი ამბობს, რომ წელს მისი კომპანიის ღვინის მარაგი შეზღუდულია, ამიტომ, რა მოცულობის ღვინოს გადატვირთავს კომპანია რუსეთის ბაზარზე, მარგველაშვილს პროგნოზის გაკეთება უჭირს: «ამ კითხვაზე პასუხი არ მექნება, ვიდრე ბაზარი არ გაიხსნება. »
«ბადაგონის» გენერალური დირექტორი გია შენგელია ამბობს, რომ რუსეთის ბაზარი მაღალი რისკების მატარებელია: « რისკებს დაარეგულირებს ბიზნესკონტრაქტები, რომელიც ორ სუბიექტს შორის დაიდება: დღესდღეობით პროდუქცია გაგვაქვს 18 ბაზარზე, რუსეთში ჩვენი სამეწარმეო სიმძლავრის 30 პროცენტს გავიტანთ. სხვა ბაზრებიდნ არ ვაპირებთ გამოსვლას, რადგან გაყიდვების დინამიკა არის მზარდი. რუსეთის ბაზარი არის დამატებითი სიმძლავრე ჩვენი წარმოებისთვის.”
რუსეთის სანიტარული სამსახურის განაჩენს ქართული ღვინის კომპანიები მარტის ბოლოს ელოდებიან. მეღვინეები ამბობენ, რომ რუსმა ექსპერტებმა ღვინის ქარხნებში პირველ ეტაპზე მხოლოდ სანიტარული ნორმები შეამოწმეს.
«თელავის ღვინის მარნის» სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილი ამბობს, რომ იყო გარკვეული კითხვები და მათ რუსეთის სანიტარულ სამსახურში შესაბამისი წერილი გააგზავნეს: «ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეთ შემოწმებას საწარმოში ახორციელებს უკრაინული მხარეც.»
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რუსი ექსპერტების ვიზიტი თავიდან ბოლომდე დადებითად წარიმართა, თუმცა შედეგებზე საუბარს ნაადრევდ მიიჩნევს:
«ექსპერტებმა მოკლე დროში 45 ღვინის ქარხანა შეამოწმეს და ოთხი მინერალური წყლის კომპანია: «ბორჯომი», «სნო», «ნაბეღლავი» და «საირმე». განაცხადი რუსეთის ბაზარზე გასვლაზე 80-მა კომპანიამ გააკეთა. მათი შემოწმება რუსი ექსპერტების მეორე ვიზიტისას მოხდება.»
ლევან დავითაშვილის შეფსებით, პროდუქციის ხარისხის მიმართ ყველა ქვეყანაში ინდივიდუალური მიდგომები არსებობს: »როცა შემოგვაქვს სხვადასხვა სურსათი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმპორტიორ ქვეყანაში ინსპექტირების ჯგუფს უშვებს საწარმოს შესამოწმებლად. მაგალითად, ბრაზილიაში ხორცის საწარმოები შევამოწმეთ. რუსეთის გარდა, ქართული ღვინის საწარმოებს უკრაინელი ექსპერტებიც ამოწმებენ. ამაში საგანგაშო არაფერია.”
ლევან დავითაშვილი რუსეთის ბაზარზე არსებულ რისკებზეც საუბრობს: «ყოველთვის არის რისკები სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის რუსეთის ბაზარზე და ამიტომ უნდა იყოს მაქსიმალურად წინდახედული ქართული ღვინის კომპანიების კომერციული პოლიტიკა და მაქსიმალურად უნდა დაიცვან თავი ასეთი რისკებისგან. გადახდის პირობები უნდა იყოს დაზღვეული. კომპანიებმა დამატებითი გარანტიები უნდა მოითხოვონ მყიდველისგან, როცა რისკებია მოსალოდნელი.»
ბიომეურნეობა «ელკანას» მეღვინეობის სექტორის ექსპერტის გიორგი ბარისაშვილის შეფასებით, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ რუსეთმა ბაზარი იგივე მოტივით მოულოდნელად ჩაკეტოს:
” ქართული ღვინის ფალსიფიკცია რუსეთის ბაზარზე პრობლემას არ წამოადგენს. რისკი რისკად რჩება. ღვინის ბაზრიდან გამოსაძევებლად მიზეზის მოძებნა რთული არ იქნება. ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის შესაძლო გახსნაზე საუბრები და ექსპერტების ვიზიტი არის პოლიტიკური ნაბიჯი. რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და მას აქვს ვალდებულებები სხვა ქვეყნების წინაშე. ეს არის დიდი პოლიტიკის ნაწილი.”
ბარისაშვილი ამბობს, რომ ქართული ღვინის სეგმენტი რუსეთის ბაზარზე ჩილემ, ავსტრალიამ და სამხრეთ აფრიკამ დაიკავა: «ვფიქრობ, რუსეთში უნდა შესულიყო საქართველოდან საბარძიმე ღვინო. მასზე არის დიდი მოთხოვნა. სხვა სეგმენტში პოზიციების აღდგენა გაგვიჭირდება.»