ეკონომიკა

“ენერგო პროს“ ექსპანსიის პოლიტიკა

4 მარტი, 2013 • 3021
“ენერგო პროს“ ექსპანსიის პოლიტიკა

“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიით ამარაგებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში 971 000 აბონენტს. ამასთანავე, კომპანია საქართველოში 15-მდე ჰესის მფლობელია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 470 მეგავატამდეა.

კომპანია, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით დარეგისტრირდა, დღეს საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის 61%-ის და ელექტროენერგიის გენერეციის ბაზრის 17%-ის მფლობელია.

საქართველოს ენერგოგენერაციის ბაზრის განაწილება
საქართველოს ენერგოგენერაციის ბაზრის განაწილება
საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის განაწილება
საქართველოს ენერგოდისტრიბუციის ბაზრის განაწილება

2013 წლის 24 იანვარს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორმა და ენერგეტიკის მინისტრმა ხელი მოაწერეს  შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც მხარი დაუჭირეს “საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოდელი 2015”-ის (GEMM 2015) განხორციელებას.

GEMM-2015-ის განხორციელება აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებს შეეძლოთ ელექტროენერგიის გაყიდვა თურქეთის და ელექტროენერგიის სხვა რეგიონალურ ბაზრებზე, რაც შეუძლებელი იქნება ენერგეტიკის სფეროში ევრორეგულაციების დაწესების გარეშე. მათ შორის ერთ-ერთი საკითხია ენერგოგენერაციისა და ენერგოდისტრიბუციის დიფერენცირება და განცალკავება. ასეთ შემთხვევაში კი, მაგალითად, “ენერგო პრო” ვეღარ იქნება საქართველოში ერთდროულად ენერგოგენერაციის ლიცენზიანტიც და დისტრიბუტორიც.

“ჩვენ შევდივართ ორგანიზაციაში Energy Community, სადაც როდესაც წევრიანდები, რა თქმა უნდა, რაღაც კრიტერიუმებს გიყენებს. იქ არის, რომ ყიდვა-გაყიდვა და განაწილება უნდა იყოს გაყოფილი, ასევე, საუბარია იმაზეც, რომ წარმოების და განაწილების საკუთრების დონეზე გაყოფაც უნდა მოხდეს, თუმცა ეს შორეული პერსპექტივაა,” – ამბობს გოჩა შონია, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრი.

USAID-ში განმარტავენ, რომ ეს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტით არის გათვალისწინებული, საქართველო კი, Gemm 2015-ის განხორციელებით, მეორე პაკეტის შესრულების ვალდებულებას იღებს, რომლითაც საკმარია მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების სამართლებრივი გამიჯვნა და აუცილებელი არ არის საკუთრების დონეზე გაყოფა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სადისტრიბუციო კომპანიების კონტროლქვეშ მოქმედ გენერაციის სადგურებს გააჩნიათ დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, ანუ ცალკე საწარმოებია (შ.პ.ს.-ბი ან ს/ს-ბი) და, შესაბამისად, გენერაციის ლიცენზიებიც ამ ცალკე საწარმოებს ეკუთვნით და არა მათში წილის მფლობელ დედა-საწარმოს – სადისტრიბუციო კომპანიას.

“მაგალითად, გენერაციის ლიცენზია აქვს “რიონჰესს”, რომელიც ცალკე იურიდიული პირია, თუმცა მისი მესაკუთრეა “ენერგო პრო”, – განმარტავენ სემეკში.

“ენერგო პრო ჯორჯია” ჩეხური Energo Pro a.s.-ის შვილობილი კომპანიაა. ჩეხური კომპანიისთვის საქართველო რიგით მეორე ქვეყანაა ბულგარეთის შემდეგ, სადაც მან საზღვარგარეთ ექსპანსიის პოლიტიკის ფარგლებში დაიწყო საქმიანობა. დღეს ამ პოლიტიკის შედეგად “ენერგო პროს” შვილობილი კომპანიები საქმიანობენ საქართველოს მეზობელ თურქეთსა (2006 წლიდან მუშაობს თურქეთში, სადაც ფლობს 5 ჰიდროელექტროსადგურს) და სომხეთშიც (2008 წელს დაფუძნდა სომხეთში, სადაც აწარმოებს ელეტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას და წარმოადგენს მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლს სომხეთისა და საქართველოს ენერგოსისტემას შორის).

Energo Pro a.s.-ი ჩეხეთის 18-ათასიან ქალაქ სვიტავში 1995 წელს დარეგისტრირდა, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა “ჩეხეთის ექსპორტ ბანკმა” ჩეხური კომპანიების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო. 1996-2005 წლებში ბანკმა 122 მილიარდი ჩეხური კრონის (5 მილიარდამდე ევროს) მოცულობის კრედიტები გასცა ჩეხი ექსპორტიორებისთვის, რომლებმაც 50-ზე მეტი ქვეყნის მასშტაბით განახორციელეს საქმიანობა.

ჩეხეთის ექსპორტ ბანკის საკრედიტო პორტფელის განაწილება (2011)
ჩეხეთის ექსპორტ ბანკის საკრედიტო პორტფელის განაწილება (2011)

2011 წლის მონაცემებით, ბანკის საკრედიტო პორტფელის (66 219 მილიონი ჩეხური კრონი) 8% საქართველოზე მოდის. სწორედ “ექსპორტ ბანკის” კრედიტით შემოვიდა “ენერგო პრო” საქართველოში, თუმცა პირველი უცხოური ქვეყანა, სადაც მან საქმიანობა დაიწყო, ბულგარეთი იყო.

ბულგარეთში “ენერგო პრო” 8 ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომლებიც გაერთიანებულია სამ კასკადში.

27 თებერვალს ბულგარეთში მოქმედ სამ სადისტრუბუციო ენერგოკომპანიაში, რომელთა შორისაა “ენერგო პრო”, პროკურატურა და საგადასახადო ინსპექცია შევიდა შესამოწმებლად.

საქმე ის არის, რომ მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებში ბულგარეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რადგან ბოლო რამდენიმე თვეში იქ მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი თითქმის 14%-ით გაიზარდა. საპროტესტო აქციები ჩეხეთის კომუნალური კომპანიისა (CEZ) და “ენერგო პროს”, ასევე, ავსტრიული EVN Group-ის წინააღმდეგ თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ერთდროულად მიმდინარეობდა ბულგარეთის 15 ქალაქში. მოსახლეობა ტარიფების კორექტირებას და სანქციებს ითხოვდა კომპანიების წინააღმდეგ რეკორდულად მაღალი გადასახადების დარიცხვისთვის. აქციის მონაწილეების ნაწილი ხელისუფლებას ენერგოკომპანიების ნაციონალიზაციისკენ მოუწოდებდა.

ხელისუფლება მოსახლეობისთვის გამოწერილ დენის ქვითრებში მაღალ გადასახადებს სხვადასხვა მიზეზით ხსნიდა, მათ შორის რამდენიმე რეგიონში სტანდარტზე დაბალი ძაბვით დენის მიწოდების პრობლემით და ცდილობდა ენერგოკომპანიებთან მოლაპარაკებას, რაც საბოლოოდ მთავრობის გადადგომით დასრულდა. 21 თებერვალს ბულგარეთის პარლამენტმა დააკმაყოფილა პრემიერ ბოიკო ბორისოვის განცხადება გადადგომის შესახებ.

საპროტესტო აქცია ბულგარეთში
საპროტესტო აქცია ბულგარეთში

ზედმეტად დარიცხული გადასახადები და დაბალი ძაბვით დენის მიწოდების პრობლემა არაერთხელ გამხდარა საქართველოშიც მოსახლეობის “ენერგო პროს” წინააღმდეგ საპროტესტო აქციების საფუძველი, თუმცა ამის გამო არც მთავრობა გადამდგარა და არც ამ კომპანიას შექმნია რაიმე პრობლემა.

ბათუმელი ნათელა გურგენიძე ამბობს, რომ წინა თვეში, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, დენზე სამჯერ მეტი გადასახადი მიუვიდა მაშინ, როცა საქართველოში დენის ტარიფი გაიაფდა:

“არათუ წელს, როდესაც ბუნებრივ აირზე ვთბებით, არამედ წინა წლებშიც კი, როცა ე.წ. ტიტანით ვსარგებლობდი, ამხელა გადასახადი არ მომსვლია”, – ამბობს ნათელა გურგენიძე.

ის ერთადერთი აბონენტი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ “ენერგო პრო” გადასახადს მისთვის გამოუცნობი მეთოდებით უზრდის.

“ენერგო პრო” საქართველოს ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. გარდა იმისა, რომ მთავრობამ მას ორჯერ გაუიაფა 2 სადისტრიბუციო კომპანიასა და 6 ჰესში გადასახდელი თანხა, იმავდროულად, გააორმაგა დენის ტარიფი.

2006 წლის მაისიდან ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადების მიღება გამოაცხადა “გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”, აჭარის ენერგოკომპანიისა და 6 ჰესის პრივატიზაციის მიზნით. იმავდროულად, 2006 წლის 15 მაისს სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის შესახებ ახალი დადგენილება მიიღო, რომლითაც 1 ივნისიდან ქვეყანაში დიფერენცირებული ტარიფი ამოქმედდა.

რეგიონების მოსახლეობისთვის, რომლებიც ერთ კილოვატსაათში მანამდე 6.75 თეთრს იხდიდნენ, ასეთი ტარიფი დაწესდა: 101 კვტსთ-ის ჩათვლით – 11.00 თეთრი/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 14.00 თეთრი/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი – 14.83 თეთრი/კვტსთ.

2006 წლის 16 ივნისს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ტენდერი “ენერგო პროს” გამარჯვებით დასრულდა: ჩეხურ კომპანიას 2 სადისტრიბუციო კომპანია და ექვსი ჰესი 312 320 000 აშშ დოლარად უნდა ეყიდა (ძევრულჰესი – 20 000 000 დოლარი; ლაჯანურჰესი – 66 500 000 დოლარი; გუმათჰესი – 45 000 000 დოლარი; შაორჰესი – 16 000 000 დოლარი; რიონჰესი – 44 700 000 დოლარი; აწჰესი – 5 120 000 დოლარი. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო კომპანია – 85 000 000 დოლარი; აჭარის ენერგოკომპანია – 30 000 000 დოლარი).

თუმცა 2007 წლის იანვარში მთავრობამ “ენერგო პროსთან” საპრივატიზაციო პირობა შეცვალა და 5 თებერვალს ეკონომიკის სამინისტრომ გაუფორმა ხელშეკრულება, რომლითაც ჩეხურმა კომპანიამ 312 მილონის ნაცვლად 132 მილიონ დოლარად იყიდა ზემოთ აღნიშნული ქონება.

“უფრო დეტალურად გახდა ცნობილი იმ ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შესახებ, რომელიც იყო, ზოგადად, არა მარტო ჰესებში, არამედ მთლიანად დისტრიბუციის დარგში: მოძველებული ქსელები და ა.შ. უფრო დეტალური დათვლის შემდეგ დადგინდა ფასი. ამიტომ მოხდა 132 მილიონ დოლარად  შეძენა,” – ასე ხსნის ფასის ცვლილების მიზეზს “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთო დვალიშვილი.

თუმცა კომპანიაში არ უპასუხეს შეკითხვას, თუ ვინ შეაფასა გასაყიდი ობიექტების მდგომარეობა და როგორ დადგინდა, რომ მოძველებული იყო სისტემა და ამის გამო უნდა განხორციელებულიყო ფასდაკლება.

ექვსი წლის წინ მაშინდელმა პრემიერმა ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნული ობიექტების ნაკლებ ფასად გაყიდვა დენის ტარიფის გაძვირების თავიდან ასაცილებლად იყო აუცილებელი.

რა პირობით გაასხვისა საქართველოს მთავრობამ ორი სადისტრიბუციო კომპანია და 6 ჰესი? – შესაბამისი ხელშეკრულება დღემდე ხელმიუწვდომელია. ეს დოკუმენტი ჩვენ დღემდე ვერც ეკონომიკის სამინისტროდან მივიღეთ და ვერც ენერგეტიკის უწყებიდან. საბოლოოდ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, სადაც ეს ხელშეკრულება ინახება, თუმცა იქიდან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ერთადერთი ცნობა, რაც საპრივატიზაციო პირობების შესახებ ცნობილია, ის არის, რაც ზურაბ ნოღაიდელმა განუცხადა მედიას 2007 წლის იანვრის ბოლოს. მისი თქმით, მთლიანი პაკეტის ღირებულება, საბოლოო ჯამში, 427 მილიონი დოლარი იყო: აქედან 132 მილიონი დოლარი ბიუჯეტში უნდა გადაეხადა “ენერგო პროს”, 120 მილიონი დოლარი ახალი ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად უნდა ჩაედო, დანარჩენი 175 მილიონი დოლარი კი – სადისტრიბუციო და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციისათვის.

120 მილიონი დოლარის ღირებულების 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა, რომელიც 2013 წლამდე უნდა დასრულებულიყო, “ენერგო პროს” დღემდე არ დაუწყია:

“ეს საკითხი არის ამჯერად გაყინული. შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთას ამ საკითხზე მუშაობა არ მიმდინარეობს. პროექტი შეჩერებულია,” – ამბობს ავთო დვალიშვილი. კომპანიაში არ აკონკრეტებენ, თუ როდის გადაწყვიტეს ამ პროექტის გაჩერება და რატომ არის ეს საკითხი გაყინული.

რაც შეეხება 175 მილიონი დოლარის ინვესტიციას სადისტრიბუციო და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციისათვის, “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ეს საინვესტიციო ვალდებულება კომპანიას 10 წელზე აქვს გაწერილი:

“ამ დროისთვის როგორც დისტრიბუციაში, ისე გენერაციაში, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია უკვე განხორცილებულია. დარჩა ცოტა, მაგრამ ეს იყო 10 წელზე გათვლილი და მიმდინარეობს გეგმის მიხედვით”.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) აცხადებენ, რომ დენის ტარიფის სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინვესტიციების განხორციელებაზეა დამოკიდებული: ტარიფის სტრუქტურაში დისტრიბუციის წილი 60%-ია, ხოლო გენერაციის – 34%.

ჰესებში, რომლის მფლობელიც “ენერგო პრო ჯორჯიაა”, გენერაციის ტარიფი სხვა ჰესებთან შედარებით თითქმის 2-ჯერ ძვირია: მაგალითად, “ძევრულჰესსა” და “აწჰესში” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 3.85 თეთრი/კვტსთ-ია, მაშინ, როცა “ჟინვალჰესში” – 1.83 თეთრი, “ზაჰესში” – 1.42, “ხრამჰესი 2”-ში – 1.51 თეთრი და ა.შ.

გასული წლის ბოლოს საქართველოს ახალმა მთავრობამ ტარიფების დაპირებული განახევრება ვერა, მაგრამ გარკვეული კაგეტორიის აბონენტებისთვის 3-3 თეთრით შემცირება მოახერხა:

“ენერგო პრო ჯორჯიას” აბონენტებისთვის, რომლებიც 101 კილოვატსაათის ჩათვლით მოიხმარენ დენს, ტარიფი 9.44 თეთრია, 101-დან 301-ის ჩათვლით – 12.98 თეთრი. დენის გაიაფებული ტარიფები ძალაში 31 მარტის ჩათვლითაა, რა იქნება შემდეგ, ეს ჯერ უცნობია.

“შემცირება მოხდა კაპიტალური დაბანდებების და მიმდინარე პროექტების ხარჯზე. კაპიტალური დაბანდებები შენელდა,” – განმარტავს ავთო დვალიშვილი.

რატომ მაინცდამაინც კაპიტალდაბანდებების ხარჯზე და რა ვადით შეანელებს ეს პროექტების განხორციელებას? – ამ კითხვაზე “ენერგო პრო ჯორჯიაში” არ პასუხობენ.

 

საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ხაზის მშენებლობის დაწყებას სააკაშვილი ესწრებოდა
საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი გადამცემი ხაზის მშენებლობის დაწყებას სააკაშვილი ესწრებოდა

ერთ-ერთი პროექტი, რომლის ბედი გაურკვეველია, ბათუმი-მიურატლის 154 კვ ხაზის მშენებლობას ეხება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ამ ხაზის მშენებლობა განზრახული იყო “ენერგო-პროს” კერძო ინვესტიციით.

 

“ხაზის მშენებლობაზე გაფორმებულია შესაბამისი მშენებლობის შეთანხმება (2011 წლის 18 თებერვალს) თურქეთის ტექნიკურ ოპერატორთან. ამ ხაზს უნდა გააჩნდეს მუდმივი დენის ჩანართი. თუმცა ხაზის მშენებლობის პროცესის პრაქტიკული დაწყებისა და არსებული პროგრესის თაობაზე ინფორმაცია არ გაგვაჩნია”, – აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.

 

“ენერგო პროს” საქართველოში მისი შვილობილი კომპანია – სს “ენერგო პრო ჯორჯია” წარმოადგენს, რომელიც 2006 წლის 31 ივლისს დაფუძნდა 100 ათასლარიანი საწესდებო კაპიტალით, თუმცა ერთ წელიწადში ეს კაპიტალი 20 501 183 ლარამდე გაიზარდა. ამის შემდეგ კომპანიის ქონება საქართველოში კიდევ უფრო მრავალფეროვანი და მსუყე ხდება, თუმცა, როგორც ირკვევა, ათასობით კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთები, შენობა-ნაგებობები, გადამცემი ხაზები და ტრანსფორმატორები კომპანიას მთავრობისგან სიმბოლურ ფასად გადაეცემოდა წლების განმავლობაში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან “ენერგო პრო ჯორჯიასთან” გაფორმებული ყველა ხელშეკრულება გამოვითხოვეთ 2007 წლიდან დღემდე. როგორც სამინისტროდან მიღებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 2008-12 წლებში სამინისტრომ “ენერგო პრო ჯორჯიასთან” 13 ხელშეკრულება გააფორმა, აქედან 12 ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას სიმბოლურ ფასად – 1000 დოლარად გადაეცა სხვადასხვა სახის ქონება.

მაგალითად, 2010 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, “ენერგო პრო ჯორჯიას” სიმბოლურ ფასად, 1000 დოლარად გადაეცა გორის მუნიციპალიტეტში მიწის 9 ნაკვეთი, კასპის მუნიციპალიტეტში – ორი მიწის ნაკვეთი, ქარელში – 3 მიწის ნაკვეთი, მცხეთაში -13 მიწის ნაკვეთი, ლანჩხუთში- მიწა და ელექტროგადამცემი ხაზი, გარდაბანში – 4 მიწის ნაკვეთი და ელექტროგადამცემი ხაზი. მათ შორის არის ორი მიწის ნაკვეთი ქუთაისში – ავტომშენებლის ქ. 88-ში 20 715 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობი და სულხან-საბას გამზ. 97-ში 2361 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

იმავე, 2010 წლის 20 ივლისს “ენერგო პრო ჯორჯიას”, ასევე სიმბოლურ ფასად, 1000 დოლარად გადაეცა ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე 9 980 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ქონების გადაცემა სიმბოლურ ფასად უმეტეს შემთხვევაში პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე მიმდინარეობდა.

ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს ხელს “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორი რადოსლავ დუდოლენსკი აწერს, რომელიც ბულგარეთის მოქალაქეა.

დუდოლენსკი, იმავდროულად, “ენერგო პროს” დირექტორთა საბჭოს წევრია.

“ენერგო პროს” საწესდებო კაპიტალი დაფუძნების დროს 5 მილიონ ჩეხურ კრონს (200 ათასამდე ევროს) შეადგენდა, დღეს კი ამ კომპანიის აქტივების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 650 მილიონი ევროა.

კომპანიაში წილის 75%-ს იარომირ ტესარი ფლობს, ხოლო 25%-ს –  ირჟი კრუშინა. სწორედ ირჟი კრუშინამ მოაწერა ხელი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში 2007 წლის თებერვალში გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლითაც “ენერგო პრომ” საქართველოში საქმიანობა დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი