ეკონომიკა

ვის შეხვდება სესხი ერთი მილიარდიდან

26 თებერვალი, 2013 •
ვის შეხვდება სესხი ერთი მილიარდიდან

აჭარის მუნიციპალიტეტებში, გარდა ხელვაჩაურისა, ფერმერებისგან კონკრეტული ბიზნესწინადადება არ შესულა. გამგებლები ამბობენ, რომ ბიზნესწინადადებები უკვე გადაუგზავნეს სამინისტროს.

შაქროსა და ხათუნას ხელვაჩაურში სათბური აქვთ. აპირებენ სესხი აიღონ სახელმწიფოსგან, მაგრამ არ იციან, ვის უნდა მიმართონ, როდის, ან განცხადების შესავსები ფორმა სად მოიპოვონ. ისინი “ბათუმელებს” სთხოვენ განმარტებას, სად უნდა მივიდნენ, რომ ამ ყველაფერზე პასუხი მიიღონ. მათ არც დაწესებული ვადების შესახებ იციან არაფერი.

 

ხულოში სოფელ ბოძაურის რწმუნებული, ომარ ხოზრევანიძე კი ამბობს, რომ მათ სოფელში “არის ხუთი-ექვსი ოჯახი, რომლებიც მეცხოველეობაზე, მეფუტკრეობაზე აპირებენ განცხადების შეტანას, ასევე კარტოფილის ახალი თესლის შესყიდვაზე”.

 

1-მილიარდიანი სესხის ერთ-ერთი მომხიბვლელობა ის არის, რომ შესაბამის ფონდში პროექტის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ქალაქში მცხოვრებსაც. მთავარია, იდეა სოფლის მეურნეობას უკავშირდებოდეს. ერთ-ერთი დათქმა არის ისიც, რომ ბიზნესწინადადება განცხადების სახით შესაბამის მუნიციპალიტეტს უნდა წარუდგინო.

 

ხელვაჩაურის გამგებელი, ლევან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მათთან შეტანილი ბიზნესწინადადებები უკვე გადაუგზავნეს საქართველოსა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს: “ძირითადი მიმართულება არის მეციტრუსეობა-მეჩაიეობა – პავილიონების აღდგენა, სასაწყობე მეურნეობები, ხილის გადამამუშავებელი წარმოება, სამაცივრე მეურნეობის გაკეთება. თითოეულ წინადადებას გადავამოწმებთ. ორი დღეა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აღვწერთ ფართობებს, სადაც შეიძლება აღდგეს ციტრუსი, რა თანხა დასჭირდება პავილიონების აღდგენას, რამდენი ფართობი არსებობს და ასე შემდეგ”.

 

გამგებელი ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, როდემდე შეიძლება ბიზნესწინადადების წარდგენა მათთან ან როდის დაიწყება თანხის გაცემა: “ალბათ დავიწყებთ მარტიდან. ცოტა ვადებში დავაგვიანეთ, მაგრამ მგონი მოვასწრებთ”.

 

ხულოს გამგებელი დავით ჭელიძე ამბობს, რომ მათთან სავარაუდოდ მომგებიანი იქნება კარტოფილის, ხორცის, რძის გადამამუშავებელი მინისაწარმოების შექმნა და საწყობები ამ პროდუქციის შესანახად. ასევე მეფუტკრეობასთან დაკავშირებული
პროექტები.

 

გამგებლის თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი იდეების შესახებ იმსჯელეს ფერმერებთან ერთად და შესაბამისი წინადადებები წარუდგინეს სამინისტროს. ხულოში, ისე როგორც ქობულეთსა და ქედაში, ჯერჯერობით არც ერთ კონკრეტულ ფერმერს არ შეუტანია გამგეობაში წინადადება.

 

გამგეობის დონეზე იდეების შემუშავებაზე საუბრობს ვაჟა ბოლქვაძეც – გამგებელი ქედაში. როგორც ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, მათთან შეიძლება გაიხსნას აჯიკის, მარწყვისა და პომიდვრის მცირე საკონსერვო ქარხანა. ეს იდეები ეკუთვნის მუნიციპალიტეტს ქედაში და
“თითო-ოროლა ფერმერს. აუცილებელია ღვინის მარანი, წვენების ქარხანა, რომელიც თესლოვან ხილს მიიღებს”.

 

“ჩვენ მივაწოდეთ იდეები სამინისტროს, იდეები შეუძლიათ განახორციელონ ფერმერებმა”, – ამბობს ქედის გამგებელი. ამ ეტაპზე გამგებელმა არ იცის ვინმე კონკრეტული ფერმერი, რომელიც ამ პროექტში ჩაერთვება. ის არ გამორიცხავს, რომ მათი ბიზნესწინადადებით შეიძლება უცხოელი ინვესტორებიც დაინტერესდნენ.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში კიდევ ერთი პრობლემა არსებობს. საქმე ეხება იმ მოსახლეობას, რომელთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები გასულ წლებში ბათუმის საზღვრებში მოექცა. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ იცის, რა შეიძლება გააკეთონ ამ მიმართულებით. ამიტომ ის კონსულტაციების მიზნით შეხვდება როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ისე სოფლის მეურნეობის მინისტრს.

 

დაურეგისტრირებელი ქონება სოფელში

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში აქამდე უნდა ჩამოყალიბებულიყო საინფორმაციო ცენტრები. ამ დროისთვის აჭარის არც ერთ მუნიციპალიტეტში ცენტრები არ ჩამოყალიბებულა. სამინისტროს ცნობით, ფონდი 640 ათას მიწის მესაკუთრეს დაეხმარება. აჭარის სოფლებში კი მიწა საკუთრებაში აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს. რა მოხდება ამ შემთხვევაში?

 

სამინისტროს პრესრელიზში წერია, რომ მიწების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია კარდაკარის პრინციპით გადაამოწმეს. ომარ ხოზრევანიძე კი, სოფელ ბოძაურიდან ამბობს, რომ მათთან წელს კარდაკარი არ ჩატარებულა. “ჩვენ სოფელში ყოველ კომლს 1 ჰექტარი გვაწერია. ეს შარშან შემოდგომაზე აღიწერა, მაგრამ აღწერა მთლიანად არ დასრულებულა”.

 

ხულოს გამგებელი დავით ჭელიძე კი დარწმუნებულია, რომ რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწები გლეხებისთვის პრობლემად არ იქცევა: “სოფლის რწმუნებულებს გავაკეთებინეთ აღწერა, მათგან ვიცით, ვის რა ოდენობის მიწა აქვს სარგებლობაში. ასევე ვიცით, ვის რა პროდუქცია მოჰყავს. ეს ყველაფერი სამინისტროში გადავაგზავნეთ. სარგებლობაში ვისაც აქვს მიწები, ისინი მიიღებენ 500-ლარიან ვაუჩერს. ასევე შემოჰყავთ ტრაქტორები, მიიღებენ სასუქს და ასე შემდეგ”.

 

ერთი მილიარდის გამცემი 

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ზუსტად არ იციან, რა სახსრებით შეივსება მილიარდიანი ფონდი – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ კიდევ სხვა ფონდებიდან. არც ის იციან, ზუსტად როდის უნდა დაიწყოს პროექტის განხორციელება. ამ საკითხებზე “ბათუმელების” კითხვებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, შალვა ფიფიამ წერილობით უპასუხა:

 

მუნიციპალიტეტებში იღებენ მხოლოდ ბიზნესწინადადებებს, ამას კრედიტის გაცემასთან კავშირი არ აქვს. ეგ იმისთვის გვჭირდება, რომ პრიორიტეტები განვსაზღვროთ. ანუ რა ინტერესები არსებობს და რომელი სექტორების მიმართ.

 

რა თანხა გაქვთ ამ ეტაპზე ფონდში აკუმულირებული და ვინ არიან მთავარი შემომწირველები?

 

ფონდი ეტაპობრივად ფინანსდება. რამდენიმე სხვადასხვა პროექტი განხორციელდება – მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაახლოებით 185 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

ვინ ხელმძღვანელობს ფონდს, საბჭო თუ კომისია?

 

ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრია.

 

ფონდში ბიზნესპროექტების დაფინანსების მისაღებად რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო?

 

ბიზნესპროექტები უნდა შეიტანონ არა ფონდში, არამედ ფინანსურ ინსტიტუტებში (ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სალიზინგო კოპანიებში). დაფინანსება მათი მეშვეობით მოხდება. სოფლების მცხოვრებთაც ამ პროცედურების გავლა მოუწევთ.

 

ვინ იმსჯელებს პროექტების ავკარგიანობაზე და რა კრიტერიუმით შეირჩევა?

 

ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას შეღავათიანი აგროკრედიტით მოსარგებლეთა შერჩევაზე, ხოლო ფონდი მოახდენს გაცემული კრედიტების მონიტორინგს.

 

რა იციან რეგიონებში ამ ფონდის და ბიზნესპროექტების დაფინანსების კრიტერიუმების შესახებ?

 

სხვადასხვა ტიპის საკრედიტო პროდუქტების გამოცხადებასთან ერთად ფონდი გამოაცხადებს იმ პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელი იქნება შეღავათიანი აგროკრედიტის მიღება.

 

როდის იწურება ბიზნესპროექტების წარდგენის ვადა?

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის გამოცხადება და ბიზნესპროექტების ბანკებში წარდგენა მარტის თვიდან დაიწყება.

 

თუ არის დათვლილი რისკები და როგორია მოლოდინი? ამ ფონდიდან მიღებული დაფინანსებით რომელ სექტორში რა რაოდენობის მოსავლის მიღებაა შესაძლებელი?

 

რისკები შეფასდება თითოეულ პროექტზე ინდივიდუალურად და ამას საფინანსო ინსტიტუტები გააკეთებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი