ეკონომიკა

რა ღირს ახალი წლის ღამე რესტორნებსა და სასტუმროებში

27 დეკემბერი, 2012 • • 4972
რა ღირს ახალი წლის ღამე რესტორნებსა და სასტუმროებში

რესტორნების ქსელის – „ემ ჯგუფის“ მარკეტინგის მენეჯერი თორნიკე გაგუა ამბობს, საქართველოში რესტორნებში ახალი წლის საღამოს გატარების კულტურა ნელ-ნელა ინერგება:

 

„ჩვენი რესტორნების მომხმარებლები ახალი წლის ღამეს, ძირითადად, არიან სტუმრები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ქართველები კი ახალ წელს ზამთრის კურორტებზე ან ქალაქგარეთ და ოჯახში ხვდებიან.“ 

 

თორნიკე გაგუა ამბობს, რომ „ემ ჯგუფის“ მმართველობაში სამი რესტორანია- „მეტეხის ჩრდილში,“ „მასპინძელო“ და „პურის სახლი“. 

 

„მეტეხის ჩრდილში“ გვაქვს საახალწლო პროგრამა, დისკოთეკა. „პურის სახლშიც“ ანალოგიური პროგრამა გვაქვს. „მასპინძელო“ არის სახინკლე რესტორანი, იქ არ იქნება სპეციალური საახალწლო პროგრამა. ჩვეულებრივი სტანდარტული რეპერტუარი ვიოლინოზე და ფორტეპიანოზე შესრულდება.“

 

თორნიკე გაგუა ამბობს, რომ „მეტეხის ჩრდილში“ ყველა მაგიდა გაყიდულია, „მასპინძელოში“ თავისუფალია შესვლა. „პურის სახლში“ არის დეპოზიტური მაგიდები, სადაც ფასი ადგილის და მენიუს მიხედვით იცვლება. „ემ ჯგუფის“ რესტორნებში ახალი წლის საღამოს გატარების საშუალო ფასი  70  ლარია.

 

ბათუმის „რადისონში“ საახალწლო საღამო  31  და 1 იანვარს არის  დაგეგმილი: „საახალწლო წვეულებები რესტორან „კლაუდიაში“ მე–19 სართულზე გაიმართება. წვეულებაზე  ერთი ადამანის მომსახურება 190 ლარი ღირს. მენიუში შედის კოქტეილები, ღვინო, გამაგრილებელი სასმელები  და კერძები თავისი დესერტით. 190 ლარს ემატება 18 პროცენტი.  

 

„რადისონში“ საახალწლო პროგრამას დიჯეი წაიყვანს, იქნება ცოცხალი მუსიკა. საღამო 31 დეკემბერს, 21 საათზე იწყება. ბათუმის „რადისონის“ გაყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ ასეთი სერვისი ძალიან მოთხოვნადია. სასტუმროში საახალწლო საღამოს ადგილების  ნახევარზე მეტი უკვე დაჯავშნილია.

 

„თბილისი მარიოტი“ მომხმარებელს საახალწლო პროგრამას სთავაზობს: „სასტუმროში გაიმართება კონცერტი და გაიშლება ქართული, ტრადიცული სუფრა. ერთი ადამიანის მომსახურების ფასი 250 ლარია და ყველა ადგილი დაჯავშნულია. საახალწლო ღონიძიება 31 დეკემბერს არის დაგეგმილი“, – ამბობს სასტუმროს მენეჯერი.

 

გუდაურის სასტუმრო „მარკო პოლოს“ გენერალური დირექტორი გოგა მერკვილაძე ამბობს, რომ ახალ წელს სასტუმროში ყველა ნომერი დაჯავშნულია: „ვგეგმავთ საახალწლო ივენთს, ამის აფიშირებას აღარც ვგეგმავთ, რადგან სექტემბერში საახალწლოდ მთელი სასტუმრო დაჯავშნილია.“

 

„მარკო პოლოს“ სტუმრები ახალ წელს ღია ცის ქვეშ ლამაზი ფოიერვერკებით  შეხვდებიან. დიჯეი სტუმრებს სასტუმროს გარეთ თოვლის ბაბუებთან ერთად გაართობს. სასტუმროში იქნება „მგზავრების“ კონცერტი. „მარკო პოლოში“ ახალი წლის ღამეს  ტარდიციული ქართული სუფრა გაიშლება.

 

რესტორან „ძველი მეტეხის“ მენეჯერი ზურა დავითური ამბობს, რომ  31 დეკემბერს  რესტორანი საახალწლო საღამოს უმასპინძლებს: „დაუკრავს საქსაფონი, პიანისტი, ბასგიტარა. მოწვეულია ჯაზმენი ჯანო ბარკალაია.“

 

ზურა დავითურის თქმით, ერთი ადამიანის მომსახურება ახალი წლის საღამოს 80 დოლარი იქნება: „მოთხოვნა არის, დასაჯავშნი ერთი  მაგიდაღაა დარჩენილი. ახალი წლის ღამეს რესტორანს ძირითადად უცხოელები სტუმრობენ.“

 

„შერატონ მეტეხის“ კვების განყოფილების მენეჯერის ასისტენტი ეკეტერინე უსანეთაშვილი ამბობს, რომ სასტუმრო ახალ წელს სტუმრებს სპეციალურ მენიუს შესთავაზებს:

 

„ვთავაზობთ საახალწოდ მენიუს, რომელიც ხუთი კერძისგან შედგება. საახალწლო საღამო სასტუმროს მეათე სართულზე, რესტორაში გაიმართება. წვეულება ჩაივლის ფონური მუსიკით. მენიუში შევა ერთი ჭიქა შამპანიური მისასალმებლად, დანარჩენს კი მომხმარებელი შეუკვეთავს. მენიუს ფასია 65 ლარი“.  

 

„ყვარლის ტბის“ ადმინისტრატორი ირინა ქურდაძე ამბობს, რომ კურორტზე სტუმრობის მსურველთა რაოდენობა ახალ წელს მუდმივად იზრდება: „31 დეკემბერს დაგეგმილია სახალწლო საღამო, სადაც დასწრება 100 ლარი ღირს, ამ ფასში შედის საახალწლო მენიუ.“

 

ირინა ქურდაძე ამბობს, რომ  „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობის მსურველებს  შეუძლიათ 31, 1, 2 იანვარს სასტუმროს ნომერი დაჯავშნონ: „სტანდარტული ნომრის ღირებულება 740 ლარია ორ ადამიანზე.“

 

„ყვარლის ტბაზე“ საახალწლო საღამოს სტუმრებს „თუსაიდიდან“ მოწვეული დიჯეი გაართობს. 1 იანვარს კი სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს შვედურ მაგიდას სამჯერადი კვებით.

 

ირინა ქურდაძე ამბობს, რომ სასტუმრო თითქმის დაჯავშნულია, დარჩა რამდენიმე ნომერი. ახალ წელს „ყვარლის ტბაზე“ უცხოელი სტუმრები და ქართველებიც ჩადიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი