ეკონომიკა

უცხოელ ტურისტებში საქართველოს ყველაზე პოპულარული ქალაქები

11 დეკემბერი, 2012 •
უცხოელ ტურისტებში საქართველოს ყველაზე პოპულარული ქალაქები

„კალიფსო ემ ტურის“ დირექტორი რეზო მიქავა ამბობს, რომ თბილისში ტურისტების ძირითადი ნაკადი რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოვიდა:

 

„ჩვენ შიდა ტურიზმზე ვმუშაობთ. ვთავაზობთ სასტუმროების დაჯავშნას. შემდეგ ვიწვევთ ტურებზე კახეთში, ბაკურიანში, გუდაურში, მცხეთასა და თბილისში, აჭარაში. მოთხოვნა, ძირითადად, არის შემეცნებით ტურებზე. სეზონიდან გამომდინარე, მოთხოვნა არის კახეთის, თბილისის და მცხეთის ტურებზე“. 

 

„აჭარა ტურის“ დამფუძნებელი მიხეილ დობორჯგინიძე ამბობს, რომ აჭარაში 2012 წელს ტურისტების რაოდენობა გაიზარდა: 

 

„ძირითადი შემომსვლელები არიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. ამას დაემატა კრუიზული გემების შემოსვლა ბათუმში.“

 

მიხეილ დობორჯგინიძის თქმით, „აჭარა ტურის“ მიერ შეთავაზებული ტურისტული პაკეტები არ არის იაფი: „რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ბაზრისთვის ძვირია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სეზონი არის პატარა და მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია. აგვისტოში ბათუმი მთლიანად დატვირთულია და ამიტომ ფასებზე კონკურენცია არ არის. მაღალი ფასები არის ერთადერთი შემზღუდავი, თორემ ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი შემოვიდოდა. აჭარაში ტურისტებს უფრო გართობა, ზღვა და სათამაშო ბიზნესი იზიდავთ.“

 

ტურისტული კომპანია „პრემიერ თრეველის“ ხელმძღვანელი რატი ჯორბენაძე ამბობს, რომ 2012 წელს აჭარა მთელ სეზონზე 90 პროცენტით იყო დატვირთული. სამი თვის განმავლობაში ბათუმის არც ერთ სასტუმროში ადგილი არ იყო. რატი ჯორბენაძეს მიაჩნია, რომ აჭარაში ფასები მაღალი და კონკურენტუუნაროა:

 

„მაღალ ფასებს განაპირობებს ის, რომ ბათუმში სასტუმროები ცოტაა. დატვირთვა იყო მაღალი და სასტუმროების ბაზარი მწირი. დიდი დატვირთვის პირობებში ერთი ღამის გათევის ფასი ბათუმის სასტუმროებში 100 დოლარის ექვივალენტი იყო, გესტჰაუსებში – 50 დოლარი.“ 

 

„რეგიონებიდან ტურიზმის კუთხით, მოთხოვნა იყო აჭარაზე, სვანეთსა და კახეთზე. თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე 350 ათასი ტურისტია დაფიქსირებული, როცა 2011 წელს ვიზიტორების რაოდენობა იყო 80 ათასი. ეს არის სწორი მარკეტინგი. წარმატება განაპირობა რეკლამამ, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა,“ – ამბობს “თბილისის ტურიზმის აკადემიის” ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ალადაშვილი.

 

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პოპულარულ ადგილებს განეკუთვნება ქობულეთი და მცხეთა, რომელსაც ტურისტების 5-4 პროცენტი სტუმრობს, თუმცა აღნიშნულ ქალაქებში ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად ჩამოუვარდება თბილისისა და ბათუმის შესაბამის მონაცემებს.

 

„სტაბილურად იმატებს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან. 11 თვის მონაცემებით, ლიდერობენ შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ირანი. მონაცემების გაანგარიშება ხდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით ტურიზმის სტატისტიკის შესახებ,“ – აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

 

2012 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობამ 369 101 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდში ჩამოსულთა რაოდენობაზე 68%-ით მეტია.

 

ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წელს 49%-ით გაიზარდა: შემოსავალმა 2012 წლის პირველ ექვს თვეში 570 მილიონ აშშ დოლარამდე შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი