ეკონომიკა

მძიმე საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

7 ნოემბერი, 2012 • • 2278
მძიმე საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
 
 
ირმა მიროტაძე, რომელმაც ქსოვილების ბიზნესი 10 წლის წინ დაიწყო, ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისთვის საგადასახადო ტვირთი უფრო დამძიმდა:

„ქსოვილები ბაქოდან შემომაქვს. ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატება, ამიტომ დამატებითი ღირებულების გადასახადს ვიხდი, საშემოსავლო გადასახადს. ბრუნვიდან 3 პროცენტით ვიბეგრები, ვიყენებ სალარო აპარატს. საგადასახადო ტვირთს „ლილო სითში“ კომერციული ფართის გადასახადიც მიძვირებს. მოგება წლიდან–წლამდე მიმცირდება“.

მიროტაძის სავაჭრო ობიექტის გვერდზე სამი ჯიხური დაკეტილია. მეწარმე ამბობს, რომ ამ ობიქეტების მფლობელები გაკოტრდნენ: „ლილო სითში“  მეწარმეები მასობრივად ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკოტრდნენ. მიზეზი საბანკო სესხზე მაღალი საპროცენტო განაკევთები და მძიმე საგადასახადო წნეხია.“

„ლილო სითში“ მეწარმეების უმეტესობა არსებულ პრობლემებზე არ საუბრობს. ისინი მხოლოდ პირად საუბარში აცხადებენ, რომ გადასახადები მაღალია: „რომ ვთქვა, რა პრობლემები მაქვს, ვინ მიშველის. მე რომ ვილაპარაკო, საგადასახადოსთან საქმე გამირთულდება. სხვებმა ილაპარაკონ“– ამბობს მაკა შეყილაძე. მას ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ნივთები დუბაიდან ჩამოაქვს.
შეყილაძე პირად საუბარში ამბობს, რომ საგადასახადომ ორჯერ უსაფუძვლოდ დააჯარიმა: „სალარო აპარატი რატომ არ გაქვსო, არადა ჩემი ბრუნვა 30 ათას ლარზე ცოტაა, ბიზნესი კი 3 თვის წინ დავიწყე“.

გიორგი გოგიბერიძე ინდმეწარმეა. იგი ამბობს, რომ არსებული საგადასახადო რეჟიმი მას ბიზნესის გაარფთოების საშუალებას არ აძლევს: „სარფის საბაჟოზე თურქეთიდან ტანსაცმელი ხელჩანთებით გადმომაქვს. თუ 300 ლარის ღირებულების ნივთებს გადმოვიტან, საბაჟოს დაბეგვრის რეჟიმში არ ვხვდები. ეს მოცულობა იმდენად მცირეა, რომ „ლილო სითში“ დახლზე ვაჭრობის საშუალებაც აღარ მაქვს. თურქეთიდან ტანსაცმლის მცირე პარტიის შემოტანა ხელჩანეთბით, რომ არ განაბაჟო, მხოლოდ თვეში ერთხელ არის შესაძლებელი.“
გიორგი გოგიბერიძე ამბობს, რომ თუ განუბაჟებელი ტვირთის ღირებულება 300 ლარს ასცდება, ის ბიზნესის გაფართოებას შეძლებს.         

მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე ამბობს, რომ ბიზნესი ძირითადად საგადასახადო პრობლემატიკაზე მიმართავდა: „ვერ ახერხებდენენ გარკვევას საგადასახადო რეგულაციებში. ეს იყო ერთ– ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა. ამიტომ  საგადასახადო დავების სტატისტიკა გაიზარდა. ბიზნესის წარმომადგენლები პრივატულ საუბრებში აცხადებდნენ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა მათთვის იყო დამთრგუნველი.“

კოხრეიძის აზრით, საგადასახადო განაკვეთები საქართველოში მაღალი არ არის, თუმცა დაბეგვრის ბაზები გადასახედია: „ ის, რომ 100 ათასლარიან ბრუნვაზე იმპორტი  არ დაიბეგროს, არ იქნება სწორი მიდგომა. თუ დღგ–ს სიდიდეზე ვსაუბრობთ, არ ვფიქრობ, რომ ეს განაკვეთი მაღალია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში არსებობს დიფერენცირებული დამატებითი ღირებულების გადასახადი, კერძოდ,  5, 15 და  20– პროცენტიანი დღგ. ამ საკითხის განხილვა შესაძლოა დადგეს დღის წესრიგში.“  

მოქმედი საგადასახადო კოდექსით მიკრობიზნესის სტატუსის მეწარმეს წლიური ბრუნვა 30 000 ლარია. ეს ბიზნესი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს. მცირე ბიზნესის სტატუსი 100 000– ლარიანი ბრუნვის მქონე მეწარმეებს აქვთ. ეს ბიზნესი იბეგრება 3 პროცენტით. თუ მეწარმე იმპორტიორია და ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატება, იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადის 18– პროცენტიანი განაკვეთით.  იმპორტის შემთხვევაში მოქმედებს  0,5 , 5  და  12 –პროცენტიანი საბაჟო განაკვეთი, რომელიც იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რა პროდუქტის იმპორტს ახორციელებს მეწარმე.    

გადახედავს თუ არა პარლამენტი საგადასახადო კოდექსს და დაუწესებს  თუ არა საგადასახადო შეღავათებს მცირე და საშუალო ბიზნესს, ამ კითხვაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში პასუხი ჯერ არ აქვთ:  

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის წევრი გია ჟორჟოლიანი ამბობს, რომ კონკრეტული კონცეფცია ჯერ არ მოუმზადებიათ: „პრაქტიკულად კომიტეტი ჯერ არ შეკრებილა. მაგრამ მთლინობაში ზურაბ ტყემალაძის  და კომიტეტის წევრების განწყობა ისეთია, რომ  საკანონმდებლო ცვლილებები ყველა  სფეროშია საჭირო. ალბათ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებითაც  ვიმუშავებთ. უფრო ფართო კონტექსტი იქნება და განხორციელდება მასტიმულირებელი ღონისძიებები.“     
  
„ილიაუნის“ ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გადაიტანოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება  პოლიტიკის ფორმატში: „აქ არ არის პრობლემა მხოლოდ გადასახადები.  უნდა მომზადდეს მცირე ბიზნესის ერთიანი განვითარების პოლიტიკა,  რაც გადასახადებთან ერთად რესურსებზე წვდომას და ფონდების არსებობას ნიშნავს. ეს კი მცირე  და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს.“

ლექვინაძე ამბობს, რომ მცირე და საშულაო ბიზნესის განვითარების მიზნით   მთავრობამ სამთავრობო ტენდერებში სპეციალური კვოტა უნდა გამოყოს: „ მსხვილი კომპანიების გარდა მცირესაც უნდა ჰქონდეს ტენდერების მოგების საშუალება. მაგალითად, აშშ–ში ასეთ ტენდერებში მცირე და საშუალო ბიზნესის კვოტა 3–5 პროცენტია“.   

რაც შეეხება საგადასახადო ტვირთს, ლექვინაძე ამბობს, რომ  ის არ არის კაბალური, თუმცა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს საარსებოდ მწირი რესურსი აქვს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი