ეკონომიკა

ზურაბ გვასალია: ‘ქართუ ბანკი’ თავის ფულს მართავდა და იმიტომ წავიდა რისკზე

31 ოქტომბერი, 2012 • • 2279
ზურაბ გვასალია:  ‘ქართუ ბანკი’ თავის ფულს მართავდა და იმიტომ წავიდა რისკზე

ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში საბანკო სექტორი პოლიტიზებულია, თქვენ მას არ  დაეთანხმეთ. ამისთვის რა არგუმენტი გქონდათ?

 

ამ შეხვედრის დროს მე ვერ მოვახერხე ივანიშვილისთვის ეს ბოლომდე ამეხსნა იმიტომ, რომ ეს არ იყო ადვილი. საბანკო სექტორი პოლიტიზებული ვერ იქნებოდა. ორივე მხრიდან– „ქართუსგან“ და ხელისუფლებიგან იყო მცდელობა იმისა, რომ საბანკო სექტორი პოლიტიზებული გამხდარიყო და გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადება. ჩვენდა საამაყოდ, საბანკო სექტორი ვერ ჩაითრიეს პოლიტიკურ დებატებში. ის, რომ „ქართუ ბანკის” წინააღმდეგ ხორციელდებოდა ღონისძიებები და ეს იყო დაკავშირებული ორი პოლიტიკური ჯგუფის დავასთან, ეს ხომ აშკარად ჩანდა. ამ დროს საბანკო სექტორი განცხადებას ვერ გააკეთებდა, ის ბუნებრივად გახდებოდა ერთ– ერთი მხარე. მაშინ მოხდებოდა მისი პოლიტიზება.

 

ზურაბ გვასალია
ზურაბ გვასალია

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართუს“ საკითხზე საბანკო ასოციაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე არც ერთი ბანკირი არ მივიდა. „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ ბანკებმა ამის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტიები მიიღეს. რა იყო საბანკო სექტორის დუმილის მიზეზი რეალურად?

 

გეთანხმებით, ეს კანონი სხვა ბანკებზე არ აისახა. ბანკებს ჩამოერთვათ პირველადი იპოთეკარის უფლება და ეს მხოლოდ „ქართუს“ წინააღმდეგ გამოიყენეს. საბანკო სექტორს რა უნდა ექნა? პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, შემოსავლების სამსახურმა კი ეს ფული ამოიღო. ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება. ვინც ხმას ამოიღებდა, იგივე დაემართებოდა. ბანკირებს აბარიათ სხვსი ფული, „ქართუ ბანკი” თავის ფულს მართავდა. იმიტომ წავიდა რისკზე. მაგალითად, „თიბისი ბანკს” ვინ აპატიებდა პოლიტიკურ განცხადებებს – საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი  თუ მსოფლიო ბანკი? ჯიპი მორგანი აპატიებდა, რომ მისი ფულით რისკი გაეწია? საბანკო სექტორი სენსიტიურია. არის საშიში ზღვარი, როცა პოლიტიკა ღრმად იჭრება ამ ბიზნესში. განცხადების გაკეთება მინდოდა პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მაშინ  პირველი წინააღმდეგობა „ქართუმ“ გამიწია. ბანკში განმიცხადეს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება და საბანკო სექტორი ამ განცხადებით პროცესების მონაწილე გახდებოდა. 

 

გახდებოდა თუ არა „ქართუ“ პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი, უცხოელი ინვესტორები რომ ჰყოლოდა? თავის დროზე „ქართუ“ ბანკშიც გეგმავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი შესვლას, რატომ ჩაიშალა ეს პროცესი?  

 

იმიტომ თქვა უარი  ინვესტორმა, რომ „ქართუს“ერთი მფლობელი ჰყავდა. ბანკის 100 პროცენტი ბიძინა ივანიშვილის ხელში იყო. ცნობილია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბანკების კაპიტალში 20–35 პროცენტით შემოდის. ამ შემთხვევაშიც კი „ქართუში“  საკონტროლო პაკეტი ერთი ადამინის ხელში რჩებოდა. ამიტომ ბანკმა თავი შეიკავა.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია დღეს ბანკების პოლიტიკიდან გამიჯვნა, მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ, სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა რომ უნდა დაიკლოს, ბანკების მყისერი რეაქცია მოჰყვა?

 

საპროცენტო განაკვეთების კლება – ეს არის დინამიური პროცესი, რომელზედაც პოლიტიკურმა ცვლილებებმა და ნორმატიულმა აქტებმა გავლენა ვერ უნდა მოახდინოს. ერთადერთი ხელის შეწყობა უნდა  მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ  გაჩნდება ტენდენცია საპროცენტო განაკვეთების დაწევის. ეს ტენდეცია დაწყებულია.

 

ცნობილია, რომ ვიდრე დეპოზიტებზე იქნება მაღალი საპროცენტო განაკვეთი, სესხებზე არ დაიწევს პროცენტი. რა უბიძგებს ბანკებს დეპოზიტების გასაიაფებლად?

 

დეპოზიტების პროცენტი სასესხო განაკვეთის ერთ–ერთი მაფორმირებელია. აქ არის ძალზედ ბევრი მაკროეკონომიკური პროცსები, რომლებმაც ასევე გავლენა უნდა მოახდინოს საპროცენტო განაკვეთების ფორმირებაზე. მოზიდულ სახსრებსა და გაცემულს შორის მინიმუმ 4– პროცენტიანი სხვაობა მაინც არის საჭირო. სესხს მომსახურება სჭირდება, მოზიდულ სახსრებს მომსახურება.

 

მაგრამ, თუ  ბანკს არ სურს,  რომ დეპოზიტზე 17– პროცენტიანი განაკვეთი ჰქონდეს, რა აიძულებს მას, რომ ეს განაკვეთი დასწიოს?  

 

ბუნებრივია, ფულის ღირებულება რაც არის, იმას განსაზღვრავს ბაზარი და კონკურენცია. ტენდენცია არის ასეთი: ბანკი არ არის დაინტერესებული, რომ 17 პროცენტად გასცეს დეპოზიტი, მაშინ სესხი უნდა გასცეს 21 პროცენტში. როცა სხვები სესხების გაცემას დაიწყებენ 10–11–12 პროცენტში, შეიძლება ათშიც. მაშინ ამ ბანკისგან სესხს არავინ წაიღებს და, შესაბამისად, დეპოზიტსაც ვერ მოემსახურება. როცა კონკურენცია იქნება, ის 17 პროცენტად მოზიდულ დეპოზიტზე სესხს 21 პროცენტად ვეღარ გასცემს.

 

საბანკო ასოციცია რამდენად არის ამ პროცესში ჩართული, რა არის თქვენი ძირითადი რეკომენდაცია და პროგნოზი?

 

ჩვენთან მუშაობენ მუდმივმოქმედი კომიტეტები, სადაც შეკრებები ხდება. აზრთა გაცვლა–გამოცვლა. ეს არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ თითქოს ბანკებს შორის კარტელური გარიგებები კეთდება. იმდენად მკაცრი კონკურენციაა, რომ ეს საერთოდ დაუშვებელია 5 მსხვილი ბანკი ან 10 დასხდეს და რაღაცაზე მოილაპარაკოს. კონკურენცია ამის საშუალებას არ აძლევთ. იმის თქმა, რომ საბანკო ბაზარზე  მონოპოლიური გარიგებები ხდება, ეს ტყუილი იქნება. უნდა ნახოთ, ბაზარზე როგორ ხდება კლიენტების გადაბირება. ამ შემთხვევაში კლიენტი არის მოგებული. ჩვენ რეალურად ვაფასებთ სიტუაციას. თუ ბანკები საპროცენტო განაკვეთებს დასწევენ, მარჟა, რაც არის გაცემულ კრედიტებსა და ანაბრებს შორის, იგივე დარჩება. საბანკო სექტორი იგივე მოგებას მიიღებს.

 

საპროცენტო განაკვეთების კლების შემთხვევაში, რამდენად მოსალოდნელია ის, რომ ბანკებმა მომხმარებელთან დადებულ ძველ სასესხო ხელშეკრულებებს გადახედონ?

 

თუ არ მოხდება გადახედვა ერთი ბანკის მხრიდან, სესხს მეორე ბანკი გადაფარავს და კლიენტებს თავისთან წაიყვანს. კონკურენცია ამასაც ითვალისწინებს, თუ კარგი მსესხხებელია და კარგად  ფარავს ვალს, მას სხვა ბანკი სესხს აუცილებლად გადაუფარავს და გადაიბირებს. ბანკებს სესხის გაიაფება ძველი ხელშეკრულების პირობებშიც მოუწევთ.

 

როგორია საბანკო სექტორის ქცევის პროგნოზი ახალ პოლიტიკურ რეალობაში?

 

ბუნებრივია, გამძაფრდება კონკურენცია, რითაც  მომხმარებელი მოიგებს. კონკურენციის გამძაფრების დროს უცხოური ფინანსური ინსტიტუტები უფრო დაინტერესებულნი არიან ბაზარზე შემოსვლით. ბუნებრივია, მათ ჰყავთ ისეთი მენეჯერები, რომლებიც კრიზისულ სიტუაციას მართავენ. ისინი დაიკავებენ სერიოზული ნიშებს და ბაზარზე ახალი ბანკები გაჩნდება. რაც მეტი ინვესტორი შემოვა, კონკურენცია გამძაფრდება. პროდუქტებზე, რომელიც დღეს ძვირია, საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს. საგულისხმოა ისიც, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა თავისი განათლების დონე თუ არ აიმაღლა, ბანკებთან ურთიერთობა გაუჭირდება.     

მასალების გადაბეჭდვის წესი