ეკონომიკა

საგარეო ვალის დაფარვა/მომსახურებაზე 2017 წელს საქართველო 685 მილიონ ლარს დახარჯავს

1 დეკემბერი, 2016 • 4590
საგარეო ვალის დაფარვა/მომსახურებაზე 2017 წელს საქართველო 685 მილიონ ლარს დახარჯავს
2017 წელს სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველო 685 მილიონ ლარს დახარჯავს, საიდანაც 431 მილიონი ვალის ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 254 მილიონი – პროცენტის თანხას მოხმარდება. ამის შესახებ ნათქვამია ბიუჯეტის პროექტში, რომელიც მთავრობამ პარლამენტში შეიტანა.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალის ნაშთი, 2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, შეადგენს 10 736 284 000 ლარს (4 456 554 000 აშშ დოლარი – 2.5 კურსზე გათვლით), რაც მთლიანი სახელმწიფო ვალის 78%-ია.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა აჩვენებს, თუ როგორ გაუძვირდა საქართველოს საგარეო ვალი ლარის კურსის გაუფასურების გამო. მაგალითად, 2013 წლის ოქტომბრის ბოლო საქართველოს საგარეო ვალი დაახლოებით 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც ლარებში 7 მილიარდზე მეტი იყო, 2015 წელს 4.2 მილიარდი დოლარის ვალი 10 მილიარდ ლარად იქცა. მწვანე გრაფიკებში მოცემულია სესხის ოდენობა დოლარში, ხოლო წითელ გრაფიკაში – ლარში.

მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან/პარტნიორებისგან ქვეყნისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. სახელმწიფო “საგარეო ვალის პორტფელი შეღავათიანია და ძირითადად შედგება გრძელვადიანი სესხებისგან”.

  • პორტფელის საკონტრაქტო შეწონილი ვადიანობა შეადგენს 21.2 წელს;
  • საშუალო შეწონილი დარჩენილი ვადიანობა შეადგენს დაახლოებით 9.87 წელს;
  • საგარეო ვალის საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 2.01%-ს;

Screen Shot 2016-12-01 at 12.41.46 PM

საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელის 71% შედგება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტებისგან. ბიუჯეტის პროექტის ავტორების თქმით, ეს გარემოება ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პარამეტრების დაცულობას საპროცენტო განაკვეთების ეგზოგენური რყევებისგან და უზრუნველყოფს ვალის მომსახურების ხარჯების შენარჩუნებას დაბალ დონეზე.

პროექტის თანახმად, სახელმწიფო საგარეო ვალის 43% SDR-შია დენომინირებული (ნასესხობის სპეციალური უფლება) მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და აზიის განვითარების ბანკის ფინანსური რესურსების დიდი წილის გამო.

SDR, იგივე ნასესხობის სპეციალური უფლება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილი სპეციალური აქტივია და გამოიანგარიშება 5 ქვეყნის (აშშ, ჩინეთი, იაპონია, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, აშშ) ვალუტების საბაზრო ღირებულებების საშუალო შეწონილი  კოეფიციენტით. დღეისათვის 1 SDR 1.35 აშშ დოლარი ღირს.

Screen Shot 2016-12-01 at 12.52.04 PM

Screen Shot 2016-12-01 at 12.55.47 PMScreen Shot 2016-12-01 at 12.56.21 PM

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტების ათვისებას 922,715.0 ათასი ლარის ოდენობით. ასევე მსოფლიო ბანკის „განვითარების პოლიტიკის ღონისძიების“ ფარგლებში გათვალისწინებულია 435,000.0 ათასი ლარი და ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარება- 35,000.0 ათასი ლარი.

სახელმწიფო საგარეო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია 685,000.0 ათასი ლარი, საიდანაც 431,000.0 ათასი ლარი წარმოადგენს ძირითადი თანხის დაფარვას, ხოლო 254,000.0 ათასი ლარი – პროცენტის თანხას.

Screen Shot 2016-12-01 at 1.00.37 PM

პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა 12-თვიანი სახაზინო ვალდებულებების და 2-წლიანი, 5-წლიანი და 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციების ემისია. 2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ბოლო აუქციონებზე დაფიქსირებულმა საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთებმა შეადგინა: 12-თვიანზე- 6.9%, 2-წლიანზე – 6.8%, 5-წლიანზე – 7.7%, 10-წლიანზე – 9.6%. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების შედეგად საშინაო ვალის ნაშთმა 2016 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენა 2 428.4 მილიონ ლარი (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დაუფარავი მოცულობა ნომინალებში – 2 468.3 მლნ ლარი), აქედან 1 918.5 მილიონი ლარი წარმოადგენს ნაშთს სახაზინო ვალდებულებების და ობლიგაციების ნაწილში, ხოლო 509.8 მილიონი ლარი – „სახელმწიფო ობლიგაციები სებ-სთვის და ღია ბაზრისოპერაციებისათვის“ ნაწილში.

“2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს საშინაო ვალდებულებების მოსალოდნელ კლებას 967,000 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას – 932,000 ათასი ლარის ოდენობით და სახელმწიფო ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვას (სებ-ის მიმართ ვალი) – 35,000 ათასი ლარის ოდენობით, საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 15 მაისის „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად. 2017 წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განხორციელდება იმ მოცულობით, რომელიც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად ბაზარზე არსებული განაკვეთების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ბიუჯეტში შემოსულ და დაფარულ ძირითად თანხებს შორის სხვაობას არაუმეტეს 400,000 ათასი ლარის ოდენობით. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით განსაზღვრული საგარეო დასაშინაო ვალის პარამეტრები უზრუნველყოფენ სახელმწიფო ვალის მდგრადობის შენარჩუნებას საშუალო ვადიან პერიოდში”, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პროექტში.

სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2017 წლის ბოლოსთვის

Screen Shot 2016-12-01 at 1.07.23 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი