ეკონომიკა

საირმე – დეპუტატის თუ პრეზიდენტის მამის საკუთრება

27 აგვისტო, 2012 •
საირმე – დეპუტატის თუ პრეზიდენტის მამის საკუთრება

57 წლის მარინა კაპანაძე ბავშვობიდან ყოველწლიურად სტუმრობს საირმეს:

“მას შემდეგ, რაც საირმე სააკაშვილის მამას გადაეცა საკუთრებაში, ძალიან გაძვირდა ყველაფერი. აბაზანების მისაღებადაც ვერ შევდივარ, 40-50 ლარი ღირს,”- ამბობს მარინა კაპანაძე.

ბალნეოლოგიური კურორტი საირმე პრეზიდენტის მამას – “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტ თბილისი-SPA ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის” გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ სააკაშვილს რომ ეკუთვნის, ამაზე არა მხოლოდ საირმეში საუბრობენ.

 

“თქვენი მამა ერთი ჩვეულებრივი, როგორც ამბობენ, კვალიციფიური ექიმი იყო… თქვენი მამა არის საქართველოში ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი,”  – ეს სიტყვები პირადად პრეზიდენტს უთხრა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ 2012 წლის 29 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდან, რაზეც პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

“მამაჩემი ბალნეოლოგიურის მფლობელი ნამდვილად არ არის, მაგრამ დირექტორი არის, აქედან არის სამას მეტრში, ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ისეთი მაგარი ტალახი აქვთ, ვთხოვ, მანდატურებიც გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ტალახში, ოღონდ ნამდვილად ხარისხიანში, კარგად დაგზელავენ, როგორც საჭიროა და გაგივლს ყველა ეს ფანტაზია თავიდან ბოლომდე”.

 

“ნეტგაზეთი” თავად ნიკოლოზ სააკაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა თბილისის ბალნეოლოგიურის სამდივნოში განგვიცხადეს, რომ დირექტორი რამდენიმე დღით გასულია ქალაქიდან.

 

დოკუმენტების მიხედვით, კურორტი საირმე დეპუტატ თემურ კოხოძის კომპანიის საკუთრებაშია.

საირმესთან ნიკოლოზ სააკაშვილის კავშირის შესახებ კოხოძემ ერთი წლის წინ “კვირის რეპორტაჟისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მამა საირმეში 2010 წელს იყო ჩასული და “ძალიან კარგი პიარი გაუკეთა საირმეს. კარგად იცის ბალნეოლოგიური კურორტი, რამდენიმე მეცნიერ-მუშაკი და პროფესორი ჰყავდა ჩამოყვანილი.”

კოხოძე ამჯერად “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ არც კი იცნობს ნიკოლოზ სააკაშვილს:

“თუ არ ვცდები, 2010-ში იყო ჩამოსული საირმის სანახავად. პირადად, არც კი ვიცნობ მას, ხელიც კი არ მაქვს მისთვის ჩამორთმეული. ისე, დიდი სიამოვნებით გავიცნობდი. გამიგია, რომ ძალიან კარგი კაცია. რა საფუძველი აქვს იმის თქმას, რომ მას ეკუთვნის ეს კურორტი, არც კი ვიცი.”

 

სს “საპარტნიორო ფონდი”, რომელმაც მიმდინარე წლის 7 ივნისს თემურ კოხოძის “საირმის განვითარების კომპანიას” 1 მილიონი ლარის სესხი გამოუყო, პრეზიდენტის წინაშეა ანგარიშვალდებული.

ფონდის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და მასში ინვესტირებულია “საქართველოს რკინიგზის”, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატო­რის”, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” აქციების 100%, ასევე, „თელასის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების 24,529%.

ფონდს საქართველოს ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური და ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ხელმძღვანელობენ.

„სახელმწიფო არაფერ შუაშია.  ჩვენ ვართ ფონდი, რომელიც მშენებლობაში იღებს მონაწილეობას და რომელიც გასცემს სესხს სამშენებლო სამუშაოების ნაწილის დასაფინანსებლად,“- ამბობს ფონდის წარმომადგენელი ნატალია მერაბიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ფონდის საწესდებო მიზნებს შორისაა – შეფერხებული პროექტების დასრულებისთვის ხელის შე­წყო­ბა. 1 მილიონი ლარის სესხი 10 წლის ვადით ფონდმა საირმეში სასტუმროს სამკურნალო გამაჯანსაღებელი ცენტრის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისთვის მისცა პარლამენტარ კოხოძის კომპანიას.

თანამედროვე სტანდარტების სპა ცენტრის მშენებლობა “საირმის განვითარების კომპანიამ”, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გასული წლის თებერვალში გაფორმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2013 წლის 1 დეკემბრამდე უნდა განახორციელოს. აღნიშნული ხელშეკრულებით, კოხოძის კომპანიას შპს “კურორტ საირმის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი 60 ათას ლარად გადაეცა, სანაცვლოდ კი კომპანიას 10 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა სამ წელზე გაწერილი საპრივატიზაციო პირობების შესასრულებლად.

კომპანიის დირექტორი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მათ ამ დრომდე გაცილებით მეტი – 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საირმეში, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ნაწილი ამ დრომდე შეუსრულებელია. მაგალითად, არ მომხდარა ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სადამკვირვებლო კოტეჯის შეძენა-მონტაჟი (რომელიც 2011 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულებულიყო), არ დასრულებულა თანამედროვე სტანდარტების სპა-ცენტრის მშენებლობა, რისთვისაც ინვესტორს სახელმწიფოსგან მილიონიანი სესხის აღება დაჭირდა.

“დამატებითი თანხის მოზიდვა დაჭირდა იმას, რომ დასრულებულიყო ეს პროექტი. აქ მიზანი არ არის ჩვენი, რომ ფორმალურად შეგვესრულებინა რაღაც ინვესტიცია. ჩვენი მიზანია, ხარისხიანად და მაღალ დონეზე იქნას შესრულებული სამუშაოები. დავუშვათ, შეიძლებოდა პატარა რეაბილიტაციის ცენტრის აშენება, რეკონსტრუქციაში უფრო ცოტა თანხის ჩადება, დაბალი ხარისხის ობიექტის მშენებლობა. ჩვენ არ წავედით ამაზე. ჩვენ, პირიქით, შევეცადეთ გარკვეული სტანდარტები დაგვეცვა და ჩვენთვის მთავარი არ არის ფორმალური ინვესტიციის შესრულება. ჩვენთვის მთავარი არის, რომ ამ ადგილას აშენდეს კარგი კურორტი”, – აცხადებს “საირმის განვითარების კომპანიის” დირექტორი.

ზურაბ აბაშიძის თქმით, 9 მილიონი დოლარის ფარგლებში მათ მოახდინეს სამი სასტუმროს – “საირმის”, “იმერეთის” და “უდაბნოს” რეაბილიტაცია, გააკეთეს გასართობი ცენტრი, სავაჭრო ობიექტი, რესტორანი, საცხობი.

5.5 მილიონი ლარით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, “მუნიციპალური განვითარების ფონდის” მეშვეობით, განახორციელა საირმეში საავტომობილო გზის, საფეხმავლო  და საავტომობილო ხიდების რეაბილიტაცია, წყლისა და საკანალიზაციო სისტემის აღდგენა, 2 საავტომობილო ხიდის რეაბილიტაცია, განათებების დამონტაჟება, საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი და მინერალური წყლის ასავსები ადგილების განვითარება. გარდა ამისა, აშენდა ახალი, საერთაშორისო სტანდარტების საქლორატორო, ავტომატური საფილტრაციო სადგურით და 500 მ³-იანი წყლის რეზერვუარი.  

ამ სამუშაოების ნაწილი საპრივატიზაციო ხელშკრულების პირობებით კერძო ინვესტორს – თემურ კოხოძეს უნდა შეესრულებინა, რომელიც 10-ზე მეტი კომპანიის მფლობელია, მათ შორის უმსხვილესია “თეგეტა მოტორსი”.

რატომ მიყიდა მსხვილ ბიზნესმენს სახელმწიფომ კურორტი საირმე სიმბოლურ ფასად და რატომ აგრძელებს ამის შემდეგ იმ პროექტების დაფინანსებას, რომელზეც კერძო ინვესტორია პასუხისმგებელი?

“საირმის განვითარების კომპანიის” დირექტორი ამბობს, რომ მფლობელი – თემურ კოხოძე აქტიურად არ მონაწილეობს კურორტის საქმიანობაში:

“ეს კაცი აქტიურად არ ერევა კურორტის საქმინობაში. მას მართავს მენეჯმენტი. კერძოდ, მე, ზურაბ აბაშიძე – დირექტორი და ჩემი გუნდი. ეს ადამიანი აქტიურად არ არის დაკავებული მართვით.”

იმავეს ადასტურებს თავად თემურ კოხოძეც, თუმცა გუშინ, 26 აგვისტოს საირმეში სტუმრად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ თემურ კოხოძისადმი გამოხატა მადლიერება კურორტის რეაბილიტაციისთვის:

 

“ეს ახლა თემურიმ გააკეთა, თემურის რომ არ მოეკიდა ხელი და ჩვენ ყველამ ერთად მოვკიდეთ, 6 თვეში სულ ამოვატრიალეთ, რა… თემურმა მოახდინა სასწაული”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

თემურ კოხოძე და მიხეილ სააკაშვილი საირმეში
თემურ კოხოძე და მიხეილ სააკაშვილი საირმეში

 

კომპანია “თეგეტა მოტორსის” მფლობელი თემურ კოხოძე საქართველოს პარლამენტის წევრი 2008 წელს გახდა, როგორც ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. ის და მისი კომპანია აქტიურად მონაწილეობდა მმართველი პარტიის დაფინანსებაში.

 

კოხოძე წელსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატია. უწევს თუ არა მას ამის სანაცვლოდ, პარტიის გარდა, პრეზიდენტის ოჯახის არაოფიციალურად დაფინანსება? – ამ კითხვაზე კოხოძის პასუხი ასეთია:

“ხალხი იმასაც კი ამბობს, ბომბეიმდე გზა გაგვყავს, მაგრამ ეს ხომ არაა ასე?”

ზურაბ აბაშიძის თქმით, 2013 წლის ბოლომდე კომპანია ყველა ვალდებულებას შეასრულებს. მისივე თქმით, წელს უკვე 30%-ით გაზიარდა დამსვენებელთა რაოდენობა საირმეში.

“ჩვენ წლის ბოლომდე დაახლოებით 7–8 ათასამდე სტუმარს ველოდებით,”- ამბობს ზურაბ აბაშიძე.

საირმეში დამსვენებელთა დიდი ნაწილი უცხოელია. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ განახლებულმა ინფრასტრუქტურამ ფასებიც გაზარდა და, შესაბამისად, საირმეში დასვენება მათთვის უკვე ფუფუნებაა.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი