ეკონომიკა

ქართველი ტურისტები საზღვარგარეთ უფრო იაფად და კომფორტულად ისვენებენ

6 აგვისტო, 2012 • 3196
ქართველი ტურისტები საზღვარგარეთ უფრო იაფად და კომფორტულად ისვენებენ

“საქართველოში, ზღვისპირა კურორტებზე ფასებია ძალიან მაღალია, მომსახურება კი ნულს უტოლდება. ამის გარდა, იყურები ცაში, როდის გაგიწვიმდება, ხოლო ის სასტუმროები, სადაც კომფორტია, ძვირია,” – ამბობს თინათინ მარგალიტაშვილი, ტურისტული სააგენტო “გლობალ თრეველის” მენეჯერი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

მარიამ ჯაჭვაძე საქართველოს შავიზღვისპირეთში დასვენებას თურქეთის კურორტ ანტალიაში გამგზავრებას ამჯობინებს. ამბობს, რომ საქართველოში საზღვაო კურორტებზე დასვენება გაცილებით ძვირადღირებულია:

“ბათუმისგან განსხვავებით, ანტალიაში, სასტუმროში ფეხს შედგამ თუ არა, ყველაფერი უფასო გაქვს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის ერთი კვირა ისიამოვნო. ამას გარდა, ძალიან მომწონს გასართობები, საღამოს საცეკვაო კლუბები, ამფითეატრში წარმოდგენები, რომელშიც ტურისტიც მონაწილეობს. მოკლედ, ყველაფერია იდეალური დასვენებისთვის”.

ანტალია
ანტალია

ქართული ტურისტული კომპანიების ცნობით, ქართველ ტურისტებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სწორედ ანტალია სარგებლობს. პოპულარულია ასევე ჰურგადა. დასვენების ღირებულება ჰურგადასა და ანტალიაში ივნისის თვეში 350 დოლარიდან იწყება, სეზონის პიკში კი 1000 დოლარამდე ადის.

ტურისტულ სააგენტო “გლობალ თრეველში” აცხადებენ, რომ ქართველები თურქეთისა და ეგვიპტის კურორტებს ხელმისაწვდომი ფასებისა და მეტი კომფორტის გამო მიმართავენ.

ტურ-ოპერატორ “N–ტურის” მენეჯერი ალექსანრე თაბაგარი ამბობს, რომ თურქეთსა და ეგვიპტეში დასასვენებლად საქართველოდან, ძირითადად, საშუალო სოციალური ფენის წარმომადგენლები მიემგზავრებიან:

“საქართველოდან მიემგზავრება ტურისტი და მას უკვე ყველაფერი დაგეგმილი აქვს, განსაზღვრული აქვს ბიუჯეტი. მაშინ, როცა ბათუში ჩასვლისას, ადგილზე გეგმავ ხარჯებს, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად ასცდეს იმ დანაზოგს, რაც დაგეგმილი აქვს ტურისტს.”

ჰურგადა
ჰურგადა

თამუნა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მეგობართან ერთად თურქეთის კურორტ ალანიაში ხუთდღიანი დასვენება 560 აშშ დოლარი დაუჯდა. აღნიშნულ თანხაში შედიოდა მგზავრობის, კვების, სამვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავების ხარჯები:

“ფასი იყო ძალიან მისაღები. კარგი გარემო დაგვხვდა, მშვიდი სუფთა სანაპირო, იდეალური კვება, სასტუმრო აუზით და მომსახურების მაღალი დონე. რაც მთავარია, უამრავი ახალი ნაცნობი. სწორედ ამის გამო მივანიჭეთ უპირატესობა თურქეთს”.

“თურქეთისა და საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის შედარება ძალიან რთულია. თურქეთსა და ეგვიპტეში ძალიან მაღალი დონეა. ასევე, ამ მიმართულებით ძალიან კომფორტული პირდაპირი რეისებია და წამსვლელს არ სჭირდება ვიზა. პოპულარულია ევროპაში მოგზაურობაც, თუმცა აქ მთავარ პრობლემას ვიზა ქმნის,” – ამბობს ტურისტული კომპანია “მოგზაურთა კლუბის” დირექტორი ზურაბ ვაშალომიძე.

ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ მოთხოვნა წელს ქართველი ტურისტების მხრიდან ევროპის მარშრუტებზეც გაიზარდა. ყველაზე მეტი პოპულარობით კი ესპანეთი, იტალია და ჩეხეთი სარგებლობენ.

“როგორც იქნა, შევძელი დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები, რომ ბათუმში და რომში დასვენება თითქმის თანაბარი ფასი ღირს. მაგალითად, ბათუმში დასვენება 1000 ლარი მიჯდება. არ მესმის, ეს თანხა რატომ უნდა ვხარჯო ბათუმში მაშინ, როცა იმავე თანხით რომში დავისვენებ?! ვიპოვი ძალიან იაფ ჰოსტელს და შემოვივლი ყველაფერს,” – ამბობს თეო ქავთარაძე.

მაშინ, როცა ძვირადღირებული დასვენება საქართველოს კურორტებზე თანდათან თავად საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ხელმიუწვდომელი ხდება, საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მილიონობით ტურისტის შემოსვლაზე საუბრობს. მაგალითად, გასულ კვირას ბორჯომში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ კურორტის მსოფლიოში რეკლამირების შედეგად, ბორჯომში “ერთმანეთს ათი წყება ტურისტი დაასხდება ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან”

მასალების გადაბეჭდვის წესი