ეკონომიკა

რატომ ულპება ფერმერებს მოსავალი

3 აგვისტო, 2012 • 2507
რატომ ულპება ფერმერებს მოსავალი

გიორგი ჯავახიშვილს გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ატმის ბაღები აქვს. 2012 წლის ჭარბი მოსავლის გამო, მოგების ნაცვლად, მისმა წარმოებამ ზარალი განიცადა:

 

„10 ტონა მოსავალი მივიღე. 1 კილოგრამი 10 თეთრად ადგილზე გავყიდე. დაახლოებით 2 ტონა სტიქიამ გამინადგურა. პროდუქტის ექსპორტზე გატანა ვერ მოვახერხე, ვერც შევინახე, რადგან სამაცივრეებმა უარი მითხრეს, ატმის შენახვის ტექნოლოგია არ გვაქვსო.“

 

პროდუქტის გასაღების პრობლემაზე საუბრობს ქარელის მკვიდრი გოგა ოქროპირიძე, რომელსაც ვაშლის ბაღი აქვს:

 

„სეზონზე ვაშლის ფასი ძალიან დაბალია. როცა მოსავალი ჭარბია, წაგებას ვნახულობ. ხეხილის შესაწამლად ბანკიდან აღებულ კრედიტს ძლივს ვფარავ. რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ ვაშლის ბიზნესი მომგებიანი არ არის. მაგრამ თუ საკმარისი სამაცივრეები იქნება, ხილს სეზონზე შევინახავ და ზამთარში გავყიდი.“

 

მოსავლის გასაღების პრობლემა შეექმნათ 2012 წლის გაზაფხულზე სოფელ ვალეში კომბოსტოს მწარმოებლებს. ჭარბი მოსავლის ექსპორტზე გატანა ვერ მოხერხდა და მოსავალი ფერმერებს სარდაფებში დაულპათ. კომბოსტოს მსგავსად, ჭარბი იყო ნიორის მოსავალიც.

 

სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი კობა ურიგაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს ნიორზე ფასის ზრდის გამო გლეხებმა სათესი ფართობები 1, 2 და 4 ჰექტარზე გაზარდეს:

 

“ისე მოხდა, რომ ქართული ნივრის მოსავალი ჭარბია და მისი ფასი ბაზარზე 1,5-2 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა გასულ წლებში ნიორზე მოთხოვნა იყო და მეზობელ ქვეყნებშიც იყიდებოდა“.

 

2011 წელს საქართველოდან ნივრის ექსპორტი არ განხორციელებულა. სამაგიეროდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყანაში 1 მლნ. 208 ათასი დოლარის 783 ათასი ტონა ნიორი შემოვიდა. მათ შორის, ჩინეთიდან – 969,4 ათასი დოლარის (783, 4 ტონა), ესპანეთიდან – 104, 8 ათასი დოლარის (22 ტონა); ჰონკონგიდან – 60, 9 ათასი დოლარის (27 ტონა). შემდეგ ადგილებზეა -თურქეთი, უკრაინა, სომხეთი, ირანი.

 

სტატისტიკის თანახმად, საქართველოდან ექსპორტზე სულ უფრო ცოტა პროდუქტი გადის: 2010 წელს ქვეყნიდან 2 504 900 ტონა ვაშლი გავიდა; 2011 წელს – 272 100 ტონა, 2012 წლის 6 თვეში კი – 607 900 ტონა.

 

გასულ წლებთან შედარებით შემცირდა ატმის ექსპორტიც: 2010 წელს ქვეყნიდან 382 100 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2011 წელს – 323 100 ტონა. 2012 წელს ატამი ექსპორტზე არ გასულა.

 

ქართული ვაშლი და ატამი, საქსტატის მონაცემებით, ძირითადად, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, უკრაინის, ყაზახეთისა და სომხეთის ბაზარზე იყიდება. სტატისტიკის თანახმად, შემცირდა საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი. 2010 წელს ქვეყნიდან 35 285 100 ტონა ციტრუსი გავიდა, 2011 წელს – 13 836 400 ტონა, 2012 წელს კი – 736 400 ტონა.

 

ჭარბი მოსავლის გამო პრობლემებია ყურძნის გასაღების სექტორშიც. 2010 წელს ყურძნის ექსპორტმა 20 800 ტონა შეადგინა, 2011 წელს – 19 600 ტონა 2012 წლის 6 თვეში კი ექსპორტის მაჩვენებელი 500 ტონაა. საქართველოდან ყურძენი ბელორუსში, კანადაში, თურქეთში, ყაზახეთში გადის.

 

საქართველოს ბაზარზე სამაცივრე მეურნეობების დეფიციტია და ფერმერები ხილისა და ბოსტნეულის შენახვას დეფიციტური სეზონისთვის ვერ ახერხებენ.

 

2011 წლის ოქტომბერში გახსნილი სამაცივრის „ქართული ხილი და ბოსტნეულის“ დირექტორის კობა კილაძის განმარტებით, „საქართველოში სამაცივრე მეურნეობების დეფიციტია. მაგრამ აქ მეორე ფაქტორია, ხილს და ბოსტნეულს გლეხები ინახავენ სარდაფებში. სამაცივრე მეურნეობებს მხოლოდ ის ფერმერები მიმართავენ, ვისაც ჭარბი მოსავალი აქვთ და ქირის გადახდა შეუძლიათ. ჩვენ კონკრეტულ ადგილობრივ მეწარმეებზე ვმუშაობთ.“

 

კობა კილაძე ამბობს, რომ უპირატესობას ბოსტნეულს ანიჭებს, რადგან ხილის შენახვა სამაცივრეში რთულია და ამისთვის სპეციალური ტექნოლოგიაა საჭირო. საკნების გაქირავების ფასი კვადრატულ მეტრზე 25 დოლარია.

 

ადგილობრივ ბაზარზე, შესყიდვების კუთხით, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი მრეწველობის წილი დაბალია. კომპანია „კულას“ ბრენდმენეჯერი ვახტანგ დოლენჯაშვილი ამბობს, რომ გორის საკონსერვო ქარხანა არ არის იმ სიმძლავრის, რომ ბაზარზე არსებული ჭარბი პროდუქტი გადაამუშავოს.

 

„ახლა ბაზარზე ჭარბად არის ატამი და გლეხები მოსავალს ვერ ასაღებენ. ჩვენი საწარმო ატმისგან ამზადებს წვენს და ჯემს. ამ ეტაპზე 150-200 ტონამდე პროდუქტის გადამუშავება შეგვიძლია.“

 

ვახტანგ დოლენჯაშვილის ინფორმაციით, „კულას“ პროდუქტზე მოთხოვნა არის და ექსპორტი 35 ქვეყანაში ხორციელდება. მისი შეფასებით, ბაზარზე გადამამუშავებელი კომპანიების ჭარბად არსებობის პირობებში ადგილობრივი ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავების პრობლემა არ იქნება.

 

პროფესორი, ეკონომისტი, ექსპერტი ბაზრების მოძიების საკითხებში ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზარი არ გაიხსნება, ხილ-ბოსტნეულის გასაღების პრობლემა ლოკალური იქნება:

 

„არსებობს ორი დიდი ბაზარი – ევროკავშირისა და რუსეთის. მეორე ქვეყნის ბაზარი ჩვენთვის დაკეტილია. ჩემი აზრით, უპირატესია ევროკავშირის ბაზარი. პრობლემა რომ აღმოიფხვრას, ჩვენ ექსპორტზე დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია უნდა გავიტანოთ. 2 მილიარდი ზღვაში წვეთია ევროპის სამომხმარებლო ბაზრისთვის. მთავარია, პოლიტიკური ნება არსებობდეს“.

 

ვახტანგ დოლენჯაშვილის შეფასებით, გასაღების მსხვილი ბაზრების გარეშე ეს პრობლემა ვერ გადაწყდება:

 

„ქვეყანაში უნდა მოხდეს გადამამუშავებელი მრეწველობის წახალისება. ჩვენი პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა. წარმოების განვითარება უკავშირდება ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას. თუ ასეთი ნება იარსებებს, გადამამუშავებელი მრეწველობა და სამაცივრე მეურნეობების სექტორი განვითარდება.“

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი