ეკონომიკა

საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საფინანსო ინსტიტუტებზე

31 ივლისი, 2012 •
საკანონმდებლო ცვლილებების გავლენა საფინანსო ინსტიტუტებზე

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ანალიტიკური ცენტრის “ეკონომეტრის” მკვლევარები, რომლებმაც 2011 წლის მეოთხე კვარტლისა და 2012 წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბანკო, საგადასახადო და სააღსრულებო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების და ამ ცვლილებების საფინანსო ინსტიტუტებზე გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარეს ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.

 

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ყველა სახის საფინანსო სერვისის განმახორციელებლი ინსტიტუტისთვის, როგორიცა: კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ფულადი გზავნილების განმახორცილეებლი ორგანიზაციები, საბროკერო კომპანიები და ვალუტის გადამცვლელ პუნქტები, დადგინდა და ამოქმედდა ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების და ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესი. 

 

კვლევის თანახმად, განხორციელებული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გართულდა საფინანსო სექტორსა და კლიენტთა შორის ურთიერთობა. ასევე, ამ საფინანსო ორგანიზაციებს შეექმნათ ბაზარზე ოპერირების პრობლემებიც. 

 

შექმნილი პრობლემის ყველაზე ნათელი მაგალითია ცვლილება, რომელიც სავალუტო გადამცვლელ პუნქტებს შეეხო:

2012 წლის პირველი აპრილიდან გატარებული ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს დაეკისრათ ვალდებულება კლიენტთა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნაზე. ასევე, სავალუტო პუნქტებმა უნდა უზრუნველყონ დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გამოვლენისთვის შესაბამისი ელექტრონული ბაზის უზრუნველყოფა.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები ელექტრონული ფორმით შეინახოს და აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგი.

კვლევის ავტორის, რევაზ საყევარიშვილის განმარტებით, განხორციელებული კანონმდებლობის მიხედვით დაკისრებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს არ აქვთ.

“ჩვენ ყველამ ვიცით, როგორია ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები, სადაც ერთი ადამიანი მუშაობს. იგი ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს ამ ცვლილებების განხორციელებას. საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს ვალდებულება მთელი საქართველოს მასშტაბით, უხეშად რომ ვთქვათ, ყველა იმ ორგანიზაციას ეკუთვნის, რომელსაც რაიმე შეხება აქვს ფულთან,” – განმარტავს საყევარიშვლი.

კვლევაში გამოყოფილია კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას შეეხო.   

“ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში შეტანილი შესწორებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან მიმართებაში შესუსტდა პროფესიული ცენზი. კვლევის თანახმად, თუ აქამდე საბჭოში ყოფნა მხოლოდ კვალიფიციურ და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეეძლოთ, დღეს ეს შეზღუდვა მოიხნა, რის შედეგადაც საბჭოში მალევე გაჩნდა 2 ახალი წევრი, რომლებიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში მუშაობდნენ.

კვლევა აღნიშნავს, რომ ცვლილება უკან გადადგმული ნაბიჯია ეროვნული ბანკის საბჭოს ფორმირების თვალსაზრისით.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გატარდა, არის ის, რომ ბანკი უფლებამოსილი გახდა, უფრო მეტად ჩაერიოს კომერციული ბანკების მფლობელებისა და მართვის სტრუქტურაში. კვლევაში ნათქვამია, რომ ეს ცვლილება მიზნად ისახავს საფინანსო სექტორში კონტროლის გამკაცრებას.  

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კვლევაშია ყურადღება გამახვილებული, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კონტროლის პალატას შორის გაფორმებულ მემორანდუმია.

მემორანდუმის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკურად აქტიური პირების ფინანსური ოპერაციების შესახებ ეროვნულმა ბანკმა კონტროლის პალატას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

კვლევა ამბობს, რომ ამგვარი მემორანდუმი მთლიანად არღვევს საბანკო საიდუმლოების ცნების უგულცებელყოფას.

განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს,  რომ ხარვეზები, რომელიც კანონმდებლობაში არსებობს, შესაძლოა საფრთხის მატარებელი იყოს:   

“საბანკო სექტორი განსაკუთრებულ ნდობაზეა დამყარებულია და მას ძალიან დიდი გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ამიტომ ნებისისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ამ ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას თუნდაც თეორიულ საფრთხეს შეუქმნის, ავტომატურად შეიძლება საფრთხის და ზიანის მომტანი იყოს. ის ხარვეზები, რომელიც კანონმდებლობაში არის, შეიძლება თავისთავად საფრთხის მატარებელი იყოს”.

 

კვლევის მიხედვით, საბანკო-საფინანსო კანონმდებლობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა ასევე “პოლიტიკურად აქტიური პირის” ან “მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირების” საკითხი, რომელთა მიმართაც ნებისმიერი საფინანსო სერვისის განმახორცილებელი ინსტიტუტები ვალდებულია, მათ შესახებ ინფორმაცია შესაბამის უწყებებს მიაწოდონ. 

 

“თი-ბი-სი ბანკის” იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ ჯაფარიძე ამბობს, რომ ცვლილებები საბანკო სექტორში უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. 

 

“ეს ცვლილებები ჯერჯერობით არ ქმნის პრობლემას კლიენტსა და ბანკს შორის. ვნახოთ, შემდგომში როგორ იქნება. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, ყველა ჩვენი კლიენტის შესახებ ინფორმაცია გავცეთ. რაც შეეხება პოლიტიკურად აქტიური პირების გამოვლენის ვალდებულებას, ეს არის ბაზელის კომიტეტის რეკომენდაცია და ასეთი დეფინიცია თითქმის მსოფლიოს ყველა კანონომდებლობაშია.”

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის ქეთი ხუციშვილის განმარტებით, ბოლო პერიოდის მანძილზე გატარებულმა ცვლილებებმა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საბანკო სექტორის მდგრადობა.  

“ჩვენ სურვილი გაგვიჩნდა, ეს ცვლილებები გაეანალიზებინა ექსპერტს და შეგვექმნა საერთო სურათი, ხომ არ ამძიმებს ეს წინასაარჩევნო გარემოს და მეორე მხრივ, ხომ არ უშლის ხელს ეკონომიკის განვითარებას. კვლევამ აჩვენა, რომ ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში შევიდა, პოლიტიკაზე ორიენტირებულია და ერთი მოთამაშის წინააღმდეგაა მიმართული,” – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი