„საქსტატის“ მიერ წარმოდგენილი საარსებო მინიმუმის მიხედვით, შრომისუნარიანი მამაკაციის საარსებო თანხის მოცულობა ერთი დღის განმავლობასი 4,96 ლარია.
საქსტატი საარსებო მინიმუმს საშუალო მომხმარებლისთვის და საშუალო ოჯახისთვისაც ითვლის. საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 132 ლარია, ხოლო ოჯახის– 249 ლარი. შრომისუნარიანი ქალისთვის საარსებო მინიმუმის დათვლა ცალკე არ ხდება.
2011 წლის ივნიში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 158,6 ლარი იყო. სტატისტიკის თანახმად, საარსებო მინიმუმის ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის დეკემბრის (149,6 ლარი) შემდეგ არ დაფიქსირებულა. 2012 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 132 ლარი შეადგინა, 2011 წლის ივნისში – 140,5 ლარი, საშუალო ოჯახის – 249,9 ლარი (2011 წლის ივნისი – 266 ლარი).
ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 2012 წლის ივნისში 132 ლარია (2011 წლის ივნისი – 140,5 ლარი), ექვსსულიანის და მეტის – 351 ლარი (2011 წლის ივნისი – 373,6 ლარი). 18-თვიანი ზრდის შემდეგ, 2012 წლის თებერვლიდან საარსებო მინიმუმი შემცირების ტენდენციით გამოირჩევა.
გიორგი ნებიერიძე 35 წლის შრომის უნარიანიმამაკაცია. ის მარტო ცხოვრობს. ელიავას ბაზრობაზე ჯიხურში ვაჭრობს და მისი ყოველდღიური შემოსავალი 15 ლარია.
„ყოველ დღე ვმუშაობ და შემოსავალი თვის მანძილზე 450 ლარი მაქვს. სამარშრუტო ტაქსით მგზავრობაზე დღეში 1,60 თეთრი მჭირდება. ვცდილობ, ეკონომიურად ვიკვებო და დღეში 5 ლარზე მეტი არ დავხარჯო. რადგან, თუ დღის განმავლობაში კვებაზე უფრო მეტს დავხარჯავ, კომუნალურ გადასახადებზე და პირადი ჰიგიენის ნივთებზე და სატელეფონო ხარჯებზე ფული აღარ მყოფნის და ვალის აღება მიწევს.“
გიორგი ნებიერიძე ამბობს, რომ ამ შემოსავლიდან ის ბანკის საკრედიტო ბარათსაც ფარავს, რადგან არსებობისათვის საჭირო მიკრობიზნესი ბანკიდან აღებული სესხით წამოიწყო.
შოთა მურღულია ამბობს, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია გადასახედია:
„ძალიან სასაცილოა იმის მტკიცება, რომ 149 ლარი შრომისუნარიან მამაკაცს რამენაირად ეყოფა. მეთოდოლოგიას უნდა სერიოზული გადახედვა და ქართულ რეალობაზე მორგება. გასაგებია, რომ საარსებო მინიმუმის გათვლის მეთოდოლოგია არის საერთაშორისოდ აღიარებული, მაგრამ ის სცდება დღეს არსებულ რეალობას“.
მურღულიას შეფასებით, 4 ლარი 96 თეთრი სურსათის გარდა სხვა ხარჯებსაც მოიცავს. „სამომხმარებლო კალათში არასასურსათო ხარჯები 30 პროცენტია. სურსათის გარდა მომხმარებელს აქვს კომუნალური და სატრანსპორტო ხარჯები. ამის გარდა, ცხოვრებისთვის კიდევ ბევრი რამ არის საჭირო. ამიტომ სამომხმარებლო კალათში სურსათის 70 პროცენტის და სხვა ხარჯების 30 პროცენტთან შეფარდება არ არის სწორად გათვლილი“ – ამბობს მურღულია.
ოფელია ნადირაძე 78 წლის პენსიონერია. მისი პირადი შემოსავალი თვეში 107 ლარია. ჰყავს ვაჟი, რომლის შემოსავალი არასტაბილურია და თვეში დაახლოებით 150 ლარია. საქსტატის გათვლებს თუ დავეყრდნობით, ეს შემოსავალი სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმისთვის უნდა იყოს საკმარისი. საქსტატის გათვლებით, 2012 წლის ივნისში საარსებო მინიმუმი ორსულიანი ოჯახისთვის 211 ლარია, სამსულიანისთვის კი– 237 ლარი.
“თვეში დაახლოებით 250 ლარი გვაქვს. ამ ფულით ვიკვებებით და გაზის გადასახადს ვიხდით. უკვე რვა წელია დენი არ გვაქვს, რადგან თელასის ძველი დავალიანების დაფარვას ჩვენი შემოსავალი არ ჰყოფნის. მაღაზიაში მუდმივად ვალი გვაქვს და პენსიას ბანკში სესხად ვიღებ. წამლებს ვერ ვყიდულობ. სარეცხის ფხვნილს და საპონს ვიზოგავ”.
„საქსტატის“ სოციალური სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი კალაკაშვილი ამბობს, რომ როცა სასურსათო კალათაში ფასები იცვლება, საარსებო მინიმუმი გადახედვას საჭიროებს: „ საარსებო მინიმუმი 1,1 მეათედი ლარით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, წინა ზაფხულთან შეადრებით კი შემცირდა 9,6 მეათედი ლარით – 6 პროცენტით. საარსებო მინიმუმი ითვლება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე, რომელიც შეიცავს 40 დასახელების საკვებ პროდუქტს. ამ პროდუქტებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წინა თვესთან შედარებით შემცირებულია თევზის, ყველის, ღორის და ძროხის ხორცის, ნიორის ფასი. “
გიორგი კალაკაშვილის განმარტებით, სამომხმარებლო კალათაში თითოეულ პროდუქტს აწერია მოხმარების დღიური ნორმა. სასურსათო კალათა არის დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის მინისტრის მიერ 2003 წელს. ჯამში, ამ პროდუქტების დღიური მოხმარება შეადგენს 2 300 კილოკალორიას. დღიურ ნორმაში მოხმარების კუთხით ყველაზე დიდი ადგილი პურს, კარტოფილს, შაქარს და ხილს უკავია.
„საარსებო მინიმუმის შემცირება წინა წლის მაგალითზეც პროდუქტების გაიაფებამ განაპირობა. რიგ სასაქონლო ჯგუფებში ფასებია დაკლებული“ –ამბობს კალაკაშვილი.
პროფესორი, ეკონომისტი სოსო არჩვაძე „ნეტგაზთთან“ საუბარში ამბობს, რომ საარსებო მინიმუმის დიდი ნაწილი სურსათს უკავია. სურსათის ფასების დინამიკა და სექტორი პირდაპირ ზეგავლენას ახდენს საარსებო მინიმუმის სტატისტიკურ მაჩვენებელზე.
„სურსათზე იხარჯება 70 პროცენტი, დანარჩენი 30 პროცენტი უნდა ჩავთვალოთ ყველფერ დანარჩენზე. თუ მცირდება ხარჯები სურსათზე, ეს ნიშნავს სხვა დანარჩენი ხარჯის შემცირებას, მიუხედავად იმისა, როგორი იყო რეალურად გაწეული ხარჯების მოცულობა ინდიკატორების მიხედვით.“
არჩვაძის შეფასებით, საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდიკა შესაცვლელია და გადასასინჯი: „ სტატისტიკოსებმა პოზიტიური ცვლილებები განახორციელეს, როდესაც ინფლაციის დასაანგარიშებელ კალათაში შეამცირეს სურსათის გავლენა. უნდა გადადგან ასეთივე ნაბიჯი საარსებო მინიმუმის გათვლასთან დაკავშირებითაც.“
„ზაფხულის თვეები ჩვენთან დეფლაციურია და ფასები კლებულობს. ივნისში, მაისთან შედარებით, ფასების საერთო დონე შემცირდა 0,9 პროცენტით. სურსათზე შემცირდა 2,4 პროცენტით. მათ შორის თბილისში –2,6 პროცენტით. ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება ჰქონდა სასაქონლო ჯგუფს, რომელიც წარმოდგენილია ბოსტნეულით. ეს სეზონური დატვირთვის საქონელია. დაახლოებით 12 პროცენტით მოხდა ბოსტნეულის გაიაფება, თბილისში 15 –პროცენტიანი შემცირება იყო. ამიტომ გარკვეული საფუძველი გვაქვს იმის სთქმელად, რომ ამან გავლენა მოახდინა საარსებო მინიმუმის შემცირებაზე. თუმცა სეზონური ფაქტორი სხვა გარემოებააა, ხოლო ის, რომ უნდა მოხდეს სისტემური ცვლილება და უნდა შეიცვალოს სურსათის გავლენა საარსებო მინიმუმის გათვლაში, ეს სხვა საკითხია“ –ამბობს სოსო არჩვაძე.
არჩვაძის შეფასებით, „კომუნალური და საგზაო ხარჯები აისახება ინფლაციის მაჩვენებელში, მაგრამ სასურსათო მაჩვენებლებში მათი გავლენა არის მცირე. რეალურად მოსახლეობა ხარჯავს გაცილებით მეტს, მაგრამ გავლენა საარსებო მინიმუმის გათვლის დროს შედარებით მცირეა. ამ ხარჯებს დაახლოებით სამჯერ უფრო ნაკლები გავლენა აქვს, ვიდრე სწორი მაჩვენებლების შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ „სტატისტიკამ“ ცხოვრებას აუწყოს ფეხი და საზოგადოება უფრო დაჯერებული იყოს. თუ ადამიანს აქვს იმის განცდა, რომ ეს ტყუილია, „საქსტატის“ შესანახად გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები წყალში გადაყრილია. სტატისტიკა უნდა იმსახურებდეს საზოგადოების ნდობას.“





