ეკონომიკა

დამატებითი კონტროლი ბიზნესზე – ახალი მუხლები საგადასახადო დეკლარაციაში

12 ივნისი, 2012 •
დამატებითი კონტროლი ბიზნესზე – ახალი მუხლები საგადასახადო დეკლარაციაში

2012 წლის 1 მისიდან საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესი შეიცვალა. დეკლარაციაში გაჩნდა ახალი მუხლები, რომლებიც ბიზნესებს  დეკლარაციების შევსებისას სალაროს ნაშთის დაფიქსირებას ავალდებულებს.

კომპანიამ საგადასახადო დეკლარაციაში ასევე უნდა მიუთითოს საქვეანგარიშოდ გაცემული თანხა და იმ პირთა რაოდენობა, ვიზეც ეს თანხა გაიცა.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის მიერ 2010 წლის 31 დეკემბრის 996-ე ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შედეგად დაკანონდა.

ფინანსთა მინისტრმა შესაბამისი ბრძანება 2012 წლის აპრილში გამოსცა. რა შეიცვალა აღნიშნული ცვლილებით ბიზნესსა და საშემოსავლო სამსახურს შორის ურთიერთობაში და რატომ გახდა საჭირო ადმინისტრირების კიდევ უფრო გამკაცრება?

ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ბრძანებით საგადასახადო დეკლარაციის შევსებისას ბიზნესებთან შეკითხვა არ რჩება და პროცესი უფრო გამჭვირვალეა. შემოსავლების სამსახური კი ბიზნესის წარმომადგენლებთან ტრადიციული შეხვედრების ფორმატში საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებეს გააცნობს.

კავკასიის ეკონომიური და სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახური ბიზნესზე კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს:

„ ბიზნესის სალაროს ნაშთის  შეასახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში არ მიდიოდა. რადგან ეს არის ჩვეულებრივი საბუღალტრო ინფორმაცია, რომელიც კომპანიის შიდა ფინანასურ ანგარიშში აღირიცხებოდა.  ამ ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას  დეკლარაციის ფორმა არ ითვალისწინებდა. სალაროს ნაშთის ინფორმაცია კომპანიის წლიურ ბალანსში აისახებოდა მხოლოდ“.   

დავით ნარმანია „საგადასახადო დეკლარაციაში“ ახალი მუხლების შეტანის აუცილებლობას შემოსავლების სამსახურის მიერ არალეგალური ფულის ბრუნვის აღკვეთის სურვილს უკავშირებს:

„ ამ ცვლილებით შემოსავლების სამსახური ცდილობს საბანკო არხებთან პარალელურად გაარკვიოს, რამდენი ნაღდი ფული ბრუნავს. თუ შემოსავლების სამსახური მიიღებს იმ ინფორმაციასაც, ვისზე გადანაწილდა სალაროს ნაშთი, ეს არის პრევენციის საშუალება იმასთან დაკავშირებით, რომ ფულის არალეგალური ბრუნვა არ მოხდეს. ამ თუ იმ ადამიანებზე დიდი რაოდენობით თანხების გაწერა ხდება. მერე თანხა რჩება დაუსაქონლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკანონო ოპერაციასთან შეიძლება გვქონდეს საქმე. საგადასახადო დეკლარაციაში კი ამ მუხლების არსებობით შემოსავლების სამსახურს ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება ექნება.

„ბჯორჯიან ბიზნეს & პოლითიქალ ინსაით”–ის ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაზე ამბობს, რომ ამ საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესში შეტანილი ცვლილების შედეგად ბიზნესის ადმინისტრირება მკაცრდება:   „ეს ცვლილება შეეხება ძირითადად მცირე ბიზნესს. მცირე კომპანიებს  გაეზრდებათ დამატებითი ხარჯები. მათ უნდა დაიქირავონ ბიხჰალტერი იმისთვის, რომ ზედმიწევნით  შეავსონ საგადასახადო დეკლარაცია.” 

ბუღალტერთა და აუდიტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკო ბაკაშვილი  ამბობს, რომ საფინანასო დისციპლინის მოწესრიგებაში ცუდი არაფერია და ბიზნესი ფინანსური ინფორმაციის დეკლარირებას უნდა მიეჩვიოს: „ ეს ცვლილებები არაფერს არ ართულებს. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს იმიტომ, რომ დამატებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საშემოსავლო სამსახურს. ეს ცვლილება  ეხება ყველა მეწარმე სუბიექტს, რომელსაც აქვს ვალდებულება, საბუღალტრო საქმიანობა აწარმოოს. ძირითადად კი იმ ბიზნესებს, ვინც დაქირავებულთა შრომას იყენებს.” 

მსხვილი ბიზნესი საგადასახადო დეკლარაციაში  ახალი მუხლების დამატებას არ აპროტესტებს. დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება მცირე და საშუალო ბიზნესს სჭირდება.

სალონ „ნანას“ მფლობელი მეგი გიორგაძე ამბობს, რომ მის ბიზნესს ამ ცვლილების შედეგად ხარჯი 200 ლარით გაეზარდა, რადგან  საბუღალტრო მომსახურება რეგულარულად სჭირდება: „საგადასახადო დეკლარაციაში ახალი მუხლების გამო ბუღალტერი უნდა დავიქირავო და ხელფასი უნდა დავუნიშნო.”  
   
მაგი გიორგაძე ამბობს, რომ დამატებითი ხარჯების გამო მას მომსახურეობაზე ტარიფების გაზრდა მოუწევს.          

მასალების გადაბეჭდვის წესი