ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

22 სექტემბერი, 2016 • 1488
ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა

2016 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3117 შეადგინა.

რაც შეეხება ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს დოლართან მიმართებაში, ის 2.3124-ს (წინა დღის მონაცემთა შედარებით შემცირდა 0.0071-ით) შეადგენს, ხოლო ევროსთან – 2.5984-ს (გაიზარდა 0.0126-ით).

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე.

“სავალუტო აუქციონის მიზანია საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. მაგალითად, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ინტერვენციების შედეგად იზრდება ფულის მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული წარმოქმნის ქვეყანაში ინფლაციის რისკებს, ეროვნული ბანკი განახორციელებს აღნიშნული ოპერაციების სტერილიზაციას ღია ბაზრის ოპერაციების საშუალებით.

გარდა ზემოთ განხილული შემთხვევებისა, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის საჭიროება წარმოიშობა მთავრობის უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შედეგად. სებ-ი წარმოადგენს მთავრობის ბანკირს, შესაბამისად, მთავრობის ანგარიშები გახსნილია ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, მთავრობის უცხოური შემოდინებები და გადინებები პირდაპირ ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშიდან ხორციელდება და არ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ამის გამო, ქვეყნის დაბალანსებული საგადამხდელო ბალანსის მიუხედავად, შესაძლებელია არსებობდეს საგარეო უარყოფითი სალდო კერძო სექტორში და ამავდროულად სახელმწიფო დადებითი სალდო. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ განსხვავებების დასაბალანსებლად მოახდენს სავალუტო ინტერვენციას გაყიდვის მიმართულებით და პირიქით.

მაგალითად, კრიზისის დროს 2008-2009 წლებში კერძო სექტორს ჰქონდა უარყოფითი საგარეო პოზიცია. ამავდროულად, უცხოური სამთავრობო დახმარებების ხარჯზე მთავრობას ჰქონდა დადებითი საგარეო პოზიცია. ქვეყნის მთლიანი საგარეო პოზიცია დაბალანსებული იყო. აქედან გამომდინარე, სებ-მა ამ პერიოდში სავალუტო აუქციონებით კერძო სექტორს მიაწოდა ამ დისბალანსით გამოწვეული უცხოური ვალუტა. ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით. აუქციონის ჩატარების შესახებ ეროვნული ბანკი წინასწარ შეტყობინებას უგზავნის კომერციულ ბანკებს. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო საბანკო დღეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი